სკოლა უფლებამოსილი გახდა მობილობით გადამსვლელ მოსწავლეებს გამოცდა ჩუტაროს – რა პრინციპი იყო დღემდე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის წესში განათლების მინისტრის ბრძანებით ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს, რომ სკოლა, სადაც მოსწავლე მობილობით გადავა, უფლებამოსილი ხდება გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მისი ცოდნისა და უნარების დონე კონკრეტულ საფეხურთან მიმართებაში.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით”, – ვკითხულობთ კანონში.
ასევე სკოლა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული საგნის გაძლიერებულ სწავლებას ახორციელებს, უფლებამოსილი ხდება ასევე ჩაატაროს გამოცდა ამ გაძლიერებულ საგანში ან საგნებში.
“სკოლა, რომელიც ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე საგნის გაძლიერებულ სწავლებას, უფლებამოსილია მობილობის მსურველი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელებამდე, გაძლიერებული სწავლების საგანში/საგნებში ჩაატაროს გამოცდა მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეული კლასის/კლასების სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან მოსწავლის ცოდნისა და უნარების თავსებადობის დადგენის მიზნით”, – წერია დოკუმენტში.
ზემოაღნიშნული ჩანაწერის გათვალისწინებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მობილობის შესახებ წესს დაემატა, სკოლის მიერ მოსწავლისათვის მობილობაზე უარის თქმას უკავშირდება და როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, უარის თქმა შეეძლება მხოლოდ გაძლიერებული სტატუსის მქონე საჯარო სკოლას.
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიღებული შედეგების საფუძველზე, (იგულისხმება გაძლიერებული საგნის ან საგნების გამოცდაში მიღებულ შედეგებზე) უარი უთხრას მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, ან დაიწყოს ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელების პროცედურა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შეავსოს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული. მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომელიც უკვე დაძლეული აქვს”, – ვკითხულობთ განახლებულ წესში.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, თუ ჰქონიათ აქამდე სკოლებს მობილობით გადმომსველელი მოსწავლეებისთვის გამოცდის ან გასაუბრების ჩატარების პრაქტიკა.
ბელა ხუბუტია, მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი: „ადრე ასე იყო, ახლა არა. ეს არის განსაზღვრული შინაგანაწესით, თუ სამეურვეო საბჭოს, რომელიც შედგება მოსწავლეებისგან, მშობლებისგან აქვთ ასეთი სურვილი რომ ეს ჩაიდოს შინაგანაწესში, კი ბატონო. ადრე 2012 -2013 წლებში ეს იყო შინაგანაწესით გათვალისწინებული და ვატარებდით“.
გელა ოდიშელიძე, 177-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „ასეთი ოფიციალური ჩანაწერი არ ყოფილა, უბრალოდ მოსწავლესთან შეხვედრა-გასაუბრება განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე, მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილებას არ ცვლის, უბრალოდ მისი შესაძლებლობების უნარების დაზუსტებას ვცდილობთ, მაგრამ ოფიციალურად გამოცდა ან წერილობითი ხასიათის აქტივობა, პრაქტიკაში არ გვაქვს.“
EDU ARIS.GE აქტიურად მიადევნებს თვალს, ცვლილებების შემდეგ რამდენად დანერგავენ სკოლები მობილობით გადმომსვლელი მოსწავლეებისთვის გამოცდის ან გასაუბრების ჩატარების პრაქტიკას.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება