„სკოლა ხელს უშლის აბიტურიენტს უკეთესად მომზადებაში“ – შალვა ტაბატაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს აფასებს
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 ჩარიცხულთა რეკორდული რაოდენობით დამთავრდა. წელს სტუდენტის სტატუსი 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 3 000-ით მეტია და 2014 წლიდან უმაღლესი მაჩვენებელია.
საკითხავია, ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებისა და კოვიდის პანდემიის პირობებში, ასეთი შედეგი სკოლადამთავრებულების მომზადების დონემ გამოიწვია, უნივერსიტეტებში საკონკურსო ადგილების ზრდამ, სახელმწიფო პოლიტიკამ, რომელიც თავისთავად საგამოცდო ტესტების გაიოლებას და გამსწორებლების ლოიალურობას მოიაზრებს თუ ამ ყოველივეს უკან სხვა მიზეზი იმალება?
EDU.ARIS.GE-სთან განათლების ექსპერტები ქვეყანაში სტუდენტთა რიცხვის მკვეთრ ზრდას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან და სხვადასხვანაირად აფასებენ.
ჩვენ ეს კითხვები განათლების სპეციალისტს და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარეს, შალვა ტაბატაძეს დაუსვით.
„წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა ძალიან დიდი სულაც არ მგონია. უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობასთან ეს დაკავშირებული არ არის, რადგან უნივერსიტეტების ადგილები ყოველთვის მეტი იყო და ახლაც მეტია, ვიდრე ჩარიცხულებისა. წინა წლებშიც, 12-13 ათასი თავისუფალი ადგილი რჩებოდა უნივერსიტეტებში. დაახლოებით 39-40 ათასი ადგილია უნივერსიტეტებში სულ და აქამდე 26-დან 28 ათასამდე სტუდენტი ირიცხებოდა. წელს ჩაჭრილთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია. ოდნავ მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. შესაბამისად, რაიმე მკვეთრი პოლიტიკის შედეგი ეს არ მგონია.
„შესაძლებელია, ტესტი უფრო მარტივი იყო, შეიძლება გამსწორებელი – ლოიალური, მაგრამ რამ იქონია გავლენა, ამას სჭირდება სპეციალური კვლევა. მაგალითად, წინა წლებში, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იყო ინსტრუქცია, რომ საატესტატო გამოცდებზე ნაკლები ჩაჭრილიყო და უფრო მარტივი ტესტი მიეტანათ. სხვადასხვა დროს ეს ინსტრუმენტი, ვიღაცის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მაგრამ ახლა იმავეს ვერ ვიტყვი შესწავლის გარეშე, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ იგივე გამსწორებლებს ჰქონდეთ ინსტრუქცია, აბიტურიენტის სასარგებლოდ მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ ჩაჭრილთა და უკმაყოფილოთა რაოდენობა ნაკლები ყოფილიყო. ყველაფერ ამას თუ ვინმე შეისწავლის და გარკვეულ მონაცემებს დადებს, საკმაოდ კარგი იქნება,“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.
კითხვაზე, ეს ხომ ის თაობაა, რომელსაც ბოლო ორი წელი სკოლაში არ უვლია და წესით, უფრო დაბალი ხომ არ უნდა ყოფილიყო მათი მომზადების დონე, განათლების სპეციალისტი პასუხობს:
„ჩვენ ისეთი მისაღები გამოცდების სისტემა გვაქვს, რომ ზოგ შემთხვევაში სკოლა ხელს უშლის აბიტურიენტის უკეთესად მომზადებულობას და თუკი სკოლა აღარ იქნებოდა დამატებითი ტვირთი, უკეთესად მოემზადებოდნენ, უფრო მეტი დრო და შესაძლებლობა ექნებოდათ. უფრო მეტიც, მე-12 კლასელების დიდმა ნაწილმა, როდესაც პირისპირ სწავლება დაიწყო, მაინც აირჩია ონლაინ სწავლება, რომ მეტი დრო გაეთავისუფლებინა სწორედ რეპეტიტორებთან სასიარულოდ. ასე რომ, კოვიდს მხოლოდ აბიტურიენტების იმ სეგმენტზე შეიძლება ჰქონდა გავლენა, რომლებიც კერძოდ ვერ ემზადებიან და ყოველთვის დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან. ისინი წელს უფრო მეტად დაიჩაგრნენ – სკოლაშიც ვეღარ მიიღეს შესაბამისი განათლება და ვერც რეპეტიტორებთან იარეს. აბიტურიენტების 80%-ს კი უფრო მეტი დრო მიეცა, უკეთესად მომზადებულიყვნენ და ამაში სკოლამ ხელი აღარ შეუშალა. ისედაც, სკოლებს არ უკავშირდება აბიტურიენტების მომზადება. ეს უკავშირდება რეპეტიტორებს და რეპეტიტორები შარშანაც იგივე ხარისხით ამზადებდნენ, როგორც წელს.“
შალვა ტაბატაძის აზრით, ასეთი ტიპის ქვეყანაში, რაც უფრო მეტი უმაღლესდამთავრებული იქნება, უკეთესია, რადგან უმაღლესი განათლება ხელს უწყობს საზოგადოების უკეთესად ფორმირებას.
„უმაღლესი განათლება სამი ტიპის არის – ელიტური, მასიური და უნივერსალური. ჩვენ მასიურ უმაღლეს განათლებაზე ვართ გადასული უკვე დიდი ხანია. სკოლას ვინც ამთავრებს და სურვილს გამოთქვამს, რომ უმაღლესში მოხვდეს, ფაქტობრივად დაბრკოლება ნაკლები აქვს. რამდენად კარგია და რამდენად ცუდი ეს ამბავი? მე მომხრე ვარ მასიური უმაღლესი განათლების და არა ელიტურის, ადგილების რაოდენობის შეზღუდვის ხარჯზე. არ მგონია, ადგილების რაოდენობის შემცირებამ განათლების ხარისხი გააუმჯობესოს. თავისთავად, უმაღლესებმა უნდა გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი და არა იმან, რომ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო და ჭკვიან ადამიანებს მიიღებენ. ეს ჭკვიანი ადამიანები უმაღლესი სასწავლებლების გარეშეც აღწევენ ხოლმე წარმატებას. რა თქმა უნდა, რაოდენობა უფრო რთულს ხდის ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს უმაღლესებში, თუმცა ეს კომპლექსური პრობლემაა და უკავშირდება ასევე დაფინანსების სისტემას. დაფინანსების სისტემიდან გამომდინარე, უმაღლესებისთვის ხელსაყრელია, მიიღონ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი, რაც გარანტიას აძლევთ, მეტი ფინანსების მიღებისა მიუხედავად იმისა, სწავლების ხარისხი ექნებათ თუ არა მაღალი,“ – გვითხრა შალვა ტაბატაძემ.
EDU.ARIS.GE-მ შალვა ტაბატაძეს ჰკითხა, როგორ უყურებს იმ საკითხს, რომ შრომით ბაზარზე სტუდენტების უმრავლესობა საკუთარი პროფესიით ვერ საქმდება და ფიქრობს თუ არა, რომ ქვეყნის ეფექტური წინსვლისთვის პროფესიული განათლების განვითარება მეტად არის საჭირო ვიდრე უმაღლესის.
„გასაგებია, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი შრომით ბაზარზე შემდგომ თავისი პროფესიით ვერ საქმდება, მაგრამ ზოგადად, უმაღლესი განათლება არამხოლოდ შრომითი ბაზრისთვის ამზადებს ადამიანებს, არამედ, უმაღლესი განათლება ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას, ფორმირებას, ღირებულებითი ინსტრუმენტების შემოტანას ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, რაც უფრო მეტი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანია, მით უკეთესია საზოგადოებისთვის, ვიდრე მაგალითად, მივიღოთ 5 000 ელიტური სტუდენტი და დანარჩენი საზოგადოება დარჩეს უმაღლესი განათლების მიღმა. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა 4 წელი გაატარონ უმაღლეს სასწავლებლებში, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის ხარისხის მიხედვით, შეიძლება მათ არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდეთ. თუ უმაღლესი განათლების ხარისხი დაბალია, 5 000 სტუდენტისთვისაც დაბალი იქნება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე, რომელიც თვლის, რომ ჯობია, იმ პროფესორების სწავლებისა და კვლევის ხარისხი გაუმჯობესდეს, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში არიან დასაქმებულები.
„ჩვენ დაახლოებით 7 ათასი ადამიანი გვყავს სისტემაში, ვინც პროფესორია და ასწავლის უმაღლესში. ამას ემატება დოქტორანტების რაოდენობა და დაახლოებით 10 000 ადამიანი გამოდის. ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ სულ 500-600 ადამიანია, ვინც თანამედროვე ხარისხის კვლევასა და სწავლებას ახერხებს. ეს არის პრობლემა და არა ის, რომ 32 ათას სტუდენტს ვიღებთ წელიწადში. ეს რაოდენობა უფრო უნდა გაიზარდოს კიდეც“, – თვლის განათლების სპეციალისტი.
რაც შეეხება იმას, უშლის თუ არა ხელს სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა პროფესიული განათლების პროგრამებს, შალვა ტაბატაძის აზრით, დღეს ვერც პროფესიული განათლება უზრუნველყოფს დასაქმებას, რადგან დამსაქმებლები, საჭიროა თუ არა, მაინც ითხოვენ, რომ დასაქირავებელ მუშაკს უმაღლესი განათლება ჰქონდეს მიღებული.
„თუ ავიღებთ შრომით ბაზარს, ვნახავთ, რომ დამსაქმებლებს, საჭიროა თუ არა, მოთხოვნა მაინც უმაღლეს განათლებაზე აქვთ – მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პროფესიაზე უნდა დაასაქმონ, მაინც უმაღლეს განათლებასაც ითხოვენ. თუ ავიღებთ რამდენიმე წლის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებშიც არ არის დასაქმების მაჩვენებელი მაღალი, რადგან მოთხოვნა გაიზარდა და უფრო მეტმა დაამთავრა. წელს მგონი, 24 000 მსურველი იყო. ვფიქრობ, უმაღლესში რომ მიდის 32 ათასი ადამიანი, ამით არაფერი აკლდება პროფესიულ სასწავლებლებს. პროფესიული სასწავლებლები რომ პოპულარული გახდა, ეს წლევანდელმა წელმაც აჩვენა,“ – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ექსპერტი.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება