GE

სკოლაში მოწვეული უცხოელი მასწავლებლები მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით ისარგებლებენ – რა იცვლება კანონში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში დასაქმების გზების გამრავალფეროვნება დაისახა მიზნად და საამისოდ კანონში ცვლილებას პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

საუბარია იმაზე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული შესაბამისი ცვლილების შემდეგ, საჯარო სკოლებში უცხო ქვეყნის მოწვეული მასწავლებელი გაუმჯობესებული პირობებით განახორციელებს საქმიანობას. კერძოდ კი, უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება საქართველოს კანონმდებლობით მოწვეული მასწავლებლისთვის განსაზღვრული საგაკვეთილო საათების შეზღუდვა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

დღეს არსებული კანონმდებლობის თანახმად, მოწვეული მასწავლებელი არის პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

ცვლილების ინიციატორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას საერთაშორისო გამოცდილების მასწავლებლების გამოცდილებაც მათი სკოლებში დასაქმების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, თუმცა არსებობს დაბრკოლება, რაც ცვლილების შემდეგ გამოირიცხება:

„აღნიშნული უცხო ქვეყნის მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩასართავად არსებობს სკოლებში მათი მოწვეული მასწავლებლების უფლებამოსილებითა და ფუნქციით დასაქმების შესაძლებლობა. თუმცა, მოწვეული მასწავლებლის განსაზღვრებიდან გამომდინარე მოწვეული მასწავლებლის საათები შეზღუდულია, სკოლაში სტატუსით(მასწავლებლის სქემა ავტ.) დასაქმებული მასწავლებელთან შედარებით. ამიტომ, წარმოდგენილი ცვლილებით უცხოელ მასწავლებლებისთვის ასეთი საათობრივი ბადის შეზღუდვა მოიხსნება და მათ საშუალება ექნებათ მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით ჩაერთონ სასწავლო პროცესში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტით დამატებით განისაზღვრება ვინ შეიძლება იყოს უცხოელი მოწვეული მასწავლებელი“, – ვკითხულობთ კანონის პროექტში.

გარდა ამისა, ცვლილების შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება შეიმუშაოს და დაამტკიცოს უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი.

ამ კონტექსტში წარმოშობილი კიდევ ერთი ცვლილებით, დადგინდება, რომ მასწავლებლის სქემის სავალდებულოობა შეიცვლება კერძო სკოლების შემთხვევაში და არ გავრცელდება მოწვეულ უცხოელ მასწავლებელზე:

„წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, რომ კერძო სკოლის შემთხვევაში, თავად სქემამ დაარეგულიროს, სქემის თუ რომელი დებულება რა წინაპირობით არის შესაძლებელი გავრცელდეს კერძო სკოლაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები თუ მასწავლებლის შეფასების პროცედურებით განსაზღვრული მოთხოვნები. ასევე, წარმოდგენილ ცვლილებით განისაზღვრება, რომ სქემა არ გავრცელდება უცხოელ მოწვეულ მასწავლებელზე“.

როგორც ცვლილებების ავტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხსნის, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება უკავშირდება სკოლებში დასაქმების გზების გამრავალფეროვნებას და შესაძლებლობას ქმნის სკოლებში დროულად შეივსოს ვაკანტური ადგილები კვალიფიციური კადრებით.

„მასწავლებლის პროფესია უფრო ხელმისაწვდომი გახდება უცხოელი მასწავლებლებისთვის, რაც დადებითად აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე. ასევე, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული ვალდებულებები, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ასევე კარიერული წინსვლის შესახებ კერძო სკოლებზე გავრცელდეს მხოლოდ მათ მიერ შესაბამისი ნების გამოხატვის შემთხვევაში“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებით გამოწვეულ შესაძლო დამატებით ხარჯებს, ავტორები განმარტავენ, რომ დამატებითი თანხების გამოყოფის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგება. კანონპროექტში დაფინანსების წყარო ასეა ახსნილი:

„აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია მოწვეული მასწავლებლის ტერმინებში ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით ფართოვდება პირთა წრე, რომლებიც შეიძლება გახდნენ სკოლებში უცხოელი მოწვეული მასწავლებლის სტატუსით დასაქმებული მასწავლებლები. თუმცა აღნიშნული არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან, მოწვეულების დასაქმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ხდება არსებული თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით, სკოლის წლიური ბიუჯეტის ფარგლებში.
შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს განათლების სისტემაში და იგი განხორციელდება სამინისტროსათვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში“.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტროს აღიარება – „სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე გახანგრძლივდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური