განათლების სამინისტროს აღიარება – „სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე გახანგრძლივდება“
“საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა გახანგრძლივდება 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე”, – ამ სიტყვებით დაადასტურა დღეს, 13 ნოემბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჯარო სკოლების ავტორიზაცია დაანონსებულ ვადებში (2026-2027 სასწავლო წელი), ვერ დასრულდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღიარება, რომელიც ამბობს, რომ 2022 წელს განხორციელებულმა საჯარო სკოლების დიაგნოსტიკურმა თვითშეფასებამ და მიმდინარე წელს დაწყებულმა ავტორიზაციის პროცესმა გამოავლინა რიგი გარემოებები, რომელთა მიმართებითაც აუცილებელია სკოლების განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება, კანონის იმ პროექტში წერია, რომელიც განათლების კომიტეტზე მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა წარმოადგინა.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარმოდგენილი კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც სწორედ ავტორიზაციის ვადების ცვლილებას ითვალისწინებს აღნიშნულია: 2023 წელს დაიწყო საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია. მიმდინარე ეტაპზე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს 320-მდე სკოლის ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება. ჯამურად, 2026-2027 წლამდე ავტორიზაციის პროცესში უნდა ჩართულიყო 2086 საჯარო სკოლა. შესაბამისად, მოცემულ თარიღამდე ყოველწლიურად საავტორიზაციო მზაობა უნდა გამოეხატა დაახლოებით 600-მდე საჯარო სკოლას.
სწორედ ასეთი მოლოდინი ჰქონდა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისგან საზოგადოებას, თუმცა დღეს ვადების ცვლილების მოთხოვნა გახდა აუცილებელი და სამინისტრო ახალ გონივრულ დროს ითხოვს:
“მნიშვნელოვანია, რომ სკოლებს და პროცესში ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ გონივრული დრო, სკოლების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად და შესაბამის ეტაპზე ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად. აღნიშნულის შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ გახანგრძლივდეს საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა და ნაცვლად 2026-2027 სასწავლი წლის დაწყებისა განისაზღვროს 2030-2031 სასწავლო წლის დაწყება”, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
განათლების სამინისტრო მოთხოვნილ ცვლილებას დადებითი კუთხითაც გვაცნობს და გვიხსნის, რომ სახელმწიფოს ფინანსური შეღავათი მიეცემა:
“ინიცირებული ცვლილების შემდეგ, საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაციის პროცესი 2082 საჯარო სკოლისთვის წარიმართება 2030-2031 სასწავლი წლის დაწყებამდე, ნაცვლად 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებისა. რაც სახელმწიფოსთვის იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი სისტემურ დონეზე. ყოველწლიურად ავტორიზაციის პროცესში სკოლების მზაობის შესაბამისად უნდა ჩართულიყო არანაკლებ 500 სკოლა, რაც გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის დადგენილი საფასურისა (რაც მერყეობს 5533 ლარიდან 17253 ლარამდე და დამოკიდებულია იმ საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობაზე, რომელსაც განახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება), დაკავშირებულია სხვადასხვა ფინანსურ ღონისძიებასთან სკოლის მოსამზადებლად საავტორიზაციო მზაობისთვის და ავტორიზაციის შემდგომ ინტერვენციებთან. ცვლილების შემდეგ პროცესი წარიმართება გეგმაზომიერად და ყოველწლიურად იგეგმება 200-დან 300-სკოლამდე ავტორიზაციის პროცესში ჩართვა”, – აღნიშნულია კანონის პროექტში.
ამავე თემაზე:
საჯარო სკოლების ავტორიზაცია დაანონსებულ ვადებში ვერ დასრულდება – რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება