GE

სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა!

ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.

თბილისის ქუჩებში ამ დღეებში განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობოდა. გამვლელებს თეთრი წინსაფრიანი და ბაფთიანი გოგონები, ბიჭები თეთრი პერანგებით ხვდებოდნენ. მათი ჟრიამული და ხალისი გადამდები იყო. უმცროსები ბოლო ზარზე ოცნებობენ, უფროსებს წარსული ახსენდებათ. ეს დღე ადამიანის ცხოვრებაში მართლაც დაუვიწყარია.

სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია. აქედან იწყებ თვალსაწიერის გაფართოებას, ახლის შეცნობას, კულტურას, ზნეობას.

‘’რა შემიძლია ვთქვა? სკოლაში ვისწავლე მეგობრობა, ამხანაგობა, მივიღე ცოდნა. მცირე ცხოვრებისეული გამოცდილება. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ სკოლას ვემშვიდობები, კლასელებს. 12 წელი სწრაფად გავიდა. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, სტუდენტი გავხდე.’’ – გვითხრა ლევან ლემონჯავამ.

მარიამ ჭითანავა: ‘’სკოლა ჩემი მეორე სახლი იყო. აქ ვისწავლე ანა-ბანა, ჩემი დამრიგებელი ჩემი მეორე დედა იყო. გამოსაშვები საღამო გვქონდა, რეპეტიციები რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ. ძალიან გვინდოდა, რომ ლამაზი საღამო გვქონოდა. მგონი, გამოგვივიდა კიდეც. არასდროს დამავიწყდება ჩემი თვალცრემლიანი მასწავლებლები. მათი დედობრივი დალოცვა. მეც ცრემლები მომერია. ეს წლები სწრაფად გავიდა. გული მწყდება, რომ ვშორდები სკოლას, მეგობრებს, მაგრამ წინ ახალი ცხოვრება მელოდება, სტუდენტი უნდა გავხდე, კარგად ვისწავლო და წარმატებებს მივაღწიო.’’

თაკო ნიბლაძე: ‘’ბავშვობა, სკოლა საუკეთესო წლებია, რომელსაც უკან ვერ დავიბრუნებთ. მიხარია, რომ ბავშვობას ვეთხოვები და ახალი ცხოვრებისთვის ვემზადები. ჩემს კლასელებს არ დავშორდები, ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. თუმცა, უწინდებური სახე აღარ ექნება ამ შეხვედრებს, მაგრამ… გული მწყდება, რომ ჩემს მერხს აღარ მივუჯდები, მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ეს წლები საუკეთესო წლები იყო ჩემს ცხოვრებაში.’’

წელს, საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი სხვადასხვა დროს დაირეკა. 17, 19 და 20 მაისს. ამის თაობაზე სკოლებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება.

გია მურღულია, 24-ე სკოლის დირექტორი: ‘’ჩვენს სკოლაში ბოლო ზარი 17 მაისს ”დაირეკა”. ბუნებრივია, ბოლო ზარი დროშიც ბოლო ზარი უნდა იყოს. ზოგიერთმა სკოლამ რამდენიმე დღით გადადო, ეს სკოლის არჩევანი იყო. ეს დღე თითოეული სკოლისთვის და თითოეულის ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. მე სულ ვამბობ, სკოლა არ არის მარტო კედელი და ჭერი, კომპიუტერები და ა.შ. სკოლა ეს არის ურთიერთობათა კულტურა, საერთო პასუხისმგებლობის კულტურა. როდესაც ეს დღე დგება, მე ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, 12 წელი გავიდა, რა მისცა ჩვენმა სკოლამ ბავშვს? მოამზადა რეალური ცხოვრებისთვის? გააკეთა თუ არა ყველაფერი, რომ ბავშვს აღმოეჩინა საკუთარი თავი. გაიგო რისთვის დაიბადა ქვეყანაზე? შეუწყო თუ არა სკოლამ და თითოეულმა პედაგოგმა ხელი ბავშვს მისი ნიჭიერება ისე განვითარებულიყო როგორც წესი და რიგია? ხანდახან მძიმე კითხვებიც არის.’’

გია მურღულიას თქმით, ყველამ სკოლამ თავისი საქმიანობა თვითკრიტიკულად უნდა შეაფასოს.

‘’ სკოლას ბევრი პრობლემები აქვს. ბუნებრივია, ეს აისახება ბავშვის ცხოვრების მზაობის დონეზე. რა შემიძლია ვუსურვო ამ ბავშვებს? რუსთაველს აქვს ერთი სიტყვათა გენიალური შეხამება – გონიერი გული. ქართველებს გვაქვს ბევრი ემოცია და ხანდახან ამ ემოციას გადავაყოლებთ რაც რაციონალური, საჭირო და მნიშვნელოვანი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ამიტომ, მათ მინდა ვურჩიო იყვნენ ემოციურები, რადგან ეს ალამაზებს ადამიანს, მაგრამ ემოცია უნდა იყოს რაციონალური. ჩვენს ბავშვებს გონიერ გულს ვუსურვებ.’’ – გვითხრა მურღულიამ.

P.S. წარმატებებს ვუსურვებთ მე-12 კლასელებს. მათ წინ ჯერ საატესტატო, შემდეგ კი ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური