ცნობილია როგორ განხორციელდება წვევამდელთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაწვევა სამხედრო სამსახურში – წესი
თავდაცვის კოდექსის თანახმად, დამტკიცდა „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი“.
EDU.ARIS.GE გიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ დადგენილებას, რომელიც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ძალაშია და დეტალურად აღწერს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს წვევამდელთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაწვევა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
„შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაწვევის პირობებს, გაწვევის ჩატარების გეგმის დადგენის, ელექტრონული სისტემის მართვისა და ფუნქციონირების საკითხებს.
მუხლი 2. მიზანი
ამ წესის მიზანია, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ელექტრონული სისტემის მიერ ჩატარებული ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის (შემდგომში − გაწვევა) მიზნით, წვევამდელების შერჩევა.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტრონული სისტემა − პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული სისტემა, რომლითაც ხორციელდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ წვევამდელთა შემთხვევითი შერჩევა, რომელიც დაფუძნებულია შემთხვევითობის პრინციპზე აგებულ ალგორითმებზე;
ბ) სააგენტო − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო;
გ) სამინისტრო − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
დ) მინისტრი − საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
ე) შემთხვევითი შერჩევა − ელექტრონული სისტემის მეშვეობით წვევამდელების შერჩევის პროცესი, რომელიც ეფუძნება შემთხვევითობის პრინციპზე აგებულ ალგორითმს და უზრუნველყოფს პროგრამულ სისტემაში მყოფი წვევამდელების (პირები, რომლებიც იმყოფებიან ან ვალდებული არიან, იმყოფებოდნენ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე) საერთო რაოდენობიდან რიგითობის მიხედვით შერჩევას;
ვ) წვევამდელი − წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირი 17 წლიდან 27 წლის ასაკამდე;
ზ) გამოსაძახებელი რესურსი − 17 წლიდან 27 წლის ასაკამდე პირები, რომლებიც იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ სარგებლობენ თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული გაწვევისგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით;
თ) გამოძახება − წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე პირის შეტყობინება, ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით.
თავი II
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა
მუხლი 4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პირობები
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევას ექვემდებარება 18 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს გაწვევისგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი.
2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევა ხორციელდება ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ პერიოდში.
3. შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება ყოველი კალენდარული წლის 31 იანვრამდე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
4. საკუთარი სურვილით გაწვევის მიზნით, წვევამდელს შეუძლია გამოთქვას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი.
5. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებია:
ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე;
ბ) დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე;
გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის თავისი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება აქვს:
ა) თავდაცვის კოდექსის შესაბამისად გაწვევის გადავადების უფლების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელმაც გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;
ბ) პირს, რომელმაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებამდე გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;
გ) თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო.
7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.
8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე შერჩეული წვევამდელების გაწვევა ხორციელდება თავდაცვის კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 5. გაწვევის ჩატარების გეგმა
1. შემთხვევითი შერჩევის განხორციელების შემდგომ 5 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტო შეიმუშავებს გაწვევის ჩატარების გეგმას (შემდგომში − გეგმა), რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.
2. გეგმა დგება სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრების (შემდგომში − ცენტრი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების (შემდგომში − მუნიციპალური/რაიონული განყოფილება) მიხედვით, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული წვევამდელთა რაოდენობის გათვალისწინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დადგენილი კოეფიციენტის შესაბამისად.
3. მუნიციპალური/რაიონული განყოფილებებისათვის გეგმის პროპორციული წესით შედგენის საერთო კოეფიციენტი განისაზღვრება ფორმულით − A/B=C, სადაც C (მუნიციპალური/რაიონული განყოფილებებისათვის გეგმის პროპორციული წესით შედგენის საერთო კოეფიციენტი) მიიღება A-ს (დადგენილებით განსაზღვრული გასაწვევი წვევამდელების რაოდენობა) გაყოფით B-ზე (ქვეყნის მასშტაბით გამოსაძახებელი რესურსი). ეს მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალურად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არსებული მუნიციპალური/რაიონული განყოფილებებისათვის.
4. მუნიციპალური/რაიონული განყოფილების ინდივიდუალური გეგმა დგინდება ფორმულით − CxE=D, სადაც D (მუნიციპალური/რაიონული განყოფილებისათვის განსაზღვრული ინდივიდუალური გეგმა) მიიღება C-ს (მუნიციპალური/რაიონული განყოფილებისათვის გეგმის პროპორციული წესით შედგენის საერთო კოეფიციენტი) გამრავლებით E-ზე (მუნიციპალურ/ რაიონულ განყოფილებაში არსებული გამოსაძახებელი რესურსი).
თავი III
ელექტრონული სისტემის მართვა და ფუნქციონირება
მუხლი 6. ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება
1. ელექტრონულ სისტემას ქმნის სამინისტრო და მის ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო.
2. სამინისტროში შექმნილ ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა შეყვანას ახორციელებს მუნიციპალური/რაიონული განყოფილების უფლებამოსილი პირი. ელექტრონულ სისტემაში შეყვანილი მონაცემების ასახვა დაუშვებელია სააგენტოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/პირების დადასტურების გარეშე.
მუხლი 7. ელექტრონული სისტემის მიერ წვევამდელთა შერჩევა
1. გაწვევის მიზნით, წვევამდელების სია დგება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე შესარჩევ წვევამდელთა სიაში ასახული იქნება გამოსაძახებელი რესურსი, აგრეთვე 17 წლის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია, იმყოფებოდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც დადგენილებით განსაზღვრულ გაწვევის პერიოდში უსრულდება 18 წელი.
3. ელექტრონულ სისტემაში წვევამდელების მონაცემების მიღება და მიღებული მონაცემების განახლება ხორციელდება თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილითა და 71-ე მუხლით განსაზღვრული უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
4. ელექტრონულ სისტემაში შეყვანილ წვევამდელებს ელექტრონული სისტემა, მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების მიხედვით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე ანიჭებს რიგით ნომერს.
5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება ხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე ელექტრონული სისტემის მიერ დადგენილი რიგითობის მიხედვით.
6. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირი ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას და შესაბამის გაწვევის ვადებში შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე ელექტრონული სისტემის მიერ დადგენილი რიგითობის დაცვის მიზნით, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა განახორციელოს სააგენტოს იმ სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ჰქონდა პირს რეგისტრაცია.
7. შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით შერჩეული პირების გარდა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გამოძახებას დაექვემდებარებიან ის პირები, რომლებსაც გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში შეუწყდებათ არსებული გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების საფუძვლები. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად აღნიშნულ წვევამდელებს რიგითი ნომერი მიენიჭებათ ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პერიოდში განსაზღვრული რიგითი ნომრის შემდეგ.
8. შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე ელექტრონული სისტემის მიერ წვევამდელთა რიგითობის დადგენის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, იქმნება კომისია, რომლის საქმიანობის ორგანიზების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
9. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე ელექტრონული სისტემის მიერ შერჩეულ წვევამდელთა რიგითობის დადასტურების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელიც ინახება ელექტრონულ მატარებელზე.
10. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მიწვეულ იქნენ სამინისტროს სისტემის სხვა წარმომადგენლები, ექსპერტები, სახელმწიფო უწყების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი/ წარმომადგენლები.
- სკოლებში მოსწავლეთა ეროვნული შეფასებების ჩასატარებლად მზადება დაწყებულია – ვინ შექმნის ტესტებს by ARIS.GE-განათლება
- სავალდებულოა თუ არა მოსწავლის სემესტრული განმავითარებელი შეფასება დაწყებით საფეხურზე და რა მოცულობის უნდა იყოს ის – EMIS-ის განმარტება by ARIS.GE-განათლება
- ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში 1400 ლარის ოდენობით განისაზღვრა – ბრძანება by ARIS.GE-განათლება