„ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა“ – ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხარვეზები სახელმწიფო კვლევამაც აჩვენა
უახლესმა სახელმწიფო კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას არაერთი ხარვეზი აქვს.
კვლევის შუალედური ანგარში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-ის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ 2025 წელს გახდა ხელმისაზვდომი და მასში ვკითხულობთ, რომ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და შეფასების კონტექსტში ძირითად გამოწვევას პროგრამის კურიკულუმის (სწავლა-სწავლებისა და შეფასების ზოგადი მიდგომები) ენის სწავლების, სწავლის და შეფასების ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა წარმოადგენს.
ძირითადი მიგნებები და პოზიციები საჭირო ცვლილებების კუთხით ასეთია:
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმი
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი ძირეულ გადახედვას საჭიროებს – „ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობის“ დოკუმენტი, რომელიც, თავის მხრივ, ენათა სწავლების, სწავლისა და შეფასების რეკომენდაციათა საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR – Common European Framework of Reference for Language (CEFR)) ექვსდონიანი (A1, A2, B1, B2, C1, C2) სისტემის მიხედვით შეიქმნა, საქართველოს კანონმდებლობით 2020 წელს დამტკიცდა, მაშინ როდესაც ქართულ ენაში მომზადების პროგრამის მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი 2017 წელს შემუშავდა და მას მერე არ განახლებულა.
CEFR პრინციპები და შესაბამისი ექვსდონიანი სისტემა სრულად და თანმიმდევრულად არ არის ასახული სწავლების და შეფასების პრაქტიკაში – პროგრამის დარგობრივ მახასიათებელში არსებული ხარვეზები განაპირობებს აღიარებულ პრინციპებთან განსვლას უნივერსიტეტების პროგრამების შინაარსსა და სტრუქტურაში, სილაბუსებში და შეფასების ინსტრუმენტებში. მნიშვნელოვანია, მოძველებული გრამატიკულ-მთარგმნელობითი მიდგომა ჩანაცვლდეს ენის ჰოლისტური სწავლების და შეფასების პრინციპით, სწავლასწავლების შედეგები აღიწეროს და შეფასდეს კონკრეტული დონეების მიხედვით (ე. წ. „შემიძლია“ ტიპის აღწერებით).
ქვეყანაში დღემდე არ მოქმედებს ქართული ენის ფლობის დონის შეფასების ვალიდური და სანდო ინსტრუმენტი ექვსდონიანი სისტემის მიხედვით – ამჟამად ამ ინსტრუმენტზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს, თუმცა ამ ეტაპამდე შეუძლებელია პროგრამის უმნიშვნელოვანესი შედეგის – პროგრამის ბენეფიციარებში ენის ფლობის საწყისი და საბოლოო დონის სანდოდ შეფასება.
ენობრივი კომპეტენციის შეფასების კუთხით არსებული მტკიცებულებები (როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული და ზოგადი განათლების სისტემაში) ფრაგმენტულია და არ ეყრდნობა ენის ფლობის შეფასების მეთოდოლოგიურ და კონცეპტუალურ ჩარჩოს, რაც ართულებს მონაცემების შედარებითობას და შეუძლებელს ხდის ერთიანი სურათის დანახვას. შესაბამისად, გართულებულია ქართულ ენაში მომზადების პროგრამის, ისევე როგორც სხვა მომიჯნავე პროგრამების და პოლიტიკის ინსტრუმენტების მოდიფიცირება სანდო ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით 2009 წელს შეიქმნა.
“ის მოიაზრებოდა როგორც დროებითი, ტრანზიციული მექანიზმი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში – რომლის მიზანი იყო არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში ქართული ენის სწავლების ხარვეზების კომპენსირება და არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. დღეისათვის პროგრამა ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინტერვენციად მიიჩნევა”, – აღნიშნულია საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების შედეგები
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რაოდენობრივი ინდიკატორების ანალიზი აჩვენებს, რომ პროგრამაზე ბენეფიციართა მოზიდვის შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა იკვეთება გარკვეული განსხვავებები სხვადასხვა ქვეჯგუფის მიხედვით. კერძოდ:
- ბენეფიციართა პროგრამაზე მოზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, თუმცა მაჩვენებლები განსხვავებული სკოლის დამთავრების ენის და სკოლის მდებარეობის მიხედვით.
2010 წელს პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე პროგრამას 13000-მდე ბენეფიციარი ჰყავს. აბსოლუტურ რიცხვებში ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა მაჩვენებლები როგორც სომხურენოვანი, ისე აზერბაიჯანულენოვანი ბენეფიციარების შემთხვევაში ყოველწლიურად იმატებს, თუმცა ზრდის ტემპი უფრო თვალსაჩინოა აზერბაიჯანულენოვანი ბენეფიციარების კოჰორტაში. პროგრამაზე ბენეფიციართა მოზიდვის მაჩვენებლები, აგრეთვე, უფრო მაღალია ქალაქში, სოფელთან შედარებით და არაერთგვაროვანია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
- ქართულ ენაში მომზადების პროგრამა ბენეფიციართა სკოლისშემდგომი განათლების სისტემაში ინტეგრირების (აღმავალი მობილობის) მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს, თუმცა სკოლისშემდგომ განათლებაში ჩართულობის ჯამური მაჩვენებლები მიზნობრივ ჯგუფებში ჯერ-ჯერობით მაინც ჩამოუვარდება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
– პირველივე წელს პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 31% და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 23% აბარებს. მისაღები გამოცდების ქართულ ენაზე ჩაბარების ალტერნატიულ შესაძლებლობას აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლის/სექტორის კურსდამთავრებულთა ძალიან მცირე ნაწილი მიმართავს (1% ორივე ქვეჯგუფში). პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის პირდაპირი გაგრძელების მაჩვენებელი მზარდია, თუმცა ბოლო მონაცემებით 7-8%-ს არ აღემატება.
– სკოლისშემდგომი ფორმალური განათლების ყველა საფეხურზე ჩარიცხვის მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველოს ფორმალური განათლების შემდგომ საფეხურებზე პირდაპირი გადასვლის (სკოლის დამთავრების წელს ჩაბარების) ჯამური მაჩვენებლები ბოლო 76 ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლის/სექტორის კურსდამთავრებულებისთვის 36%-ს, ხოლო სომხურენოვანი სკოლის/სექტორის კურსდამთავრებულებისთვის – 30%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ორივე ქვეჯგუფში მზარდია, თუმცა ჯერ-ჯერობით მაინც ორჯერ დაბალია მთლიანად საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
- ქართულ ენაში მომზადების პროგრამის დასრულების და აკადემიურ პროგრამებზე ტრანზიციის მაჩვენებლები ჯამურად საკმაოდ მაღალია, მაგრამ უარესდება ბოლო წლების განმავლობაში და განსხვავდება სკოლაში სწავლის ენის და ბენეფიციართა სქესის მიხედვით, ისევე როგორც არაერთგვაროვანია სხვადასხვა უნივერსიტეტში, რაც სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესების საჭიროებაზე მიანიშნებს.
– პროგრამის დასრულების მაჩვენებლები 2016-2017-დან 2022-2023 სასწავლო წლამდე ჯამურად უფრო მაღალია სომხურენოვანი სკოლის/სექტორის კურსდამთავრებულთა შორის (91%). ანალოგიური მაჩვენებელი აზერბაიჯანულენოვანი სკოლის/სექტორის კურსდამთავრებულთა შორის 85%-ს შეადგენს. დამთავრების უფრო დაბალი მაჩვენებელი აზერბაიჯანულენოვან ქვეჯგუფში შეჩერებული და აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების შედარებით მაღალი წილით აიხსნება.
– პროგრამის ბენეფიციართა ნაწილი ვერ ახერხებს პროგრამის მოთხოვნების ერთი წლის განმავლობაში დაძლევას და პროგრამით გათვალისწინებულ კომპეტენციებზე გასვლას. 2022 წლის კოჰორტაში ასეთი სტუდენტების წილი აზერბაიჯანულენოვან ქვეჯგუფში 8%-ს, ხოლო სომხურენოვანში – 4%-ს შეადგენს.
– პროგრამაში ჩართულობის დინამიკა ბოლო წლებში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა მზარდ წილზე მიუთითებს. ეს ტენდენცია როგორც აზერბაიჯანულენოვან, ისე სომხურენოვან კოჰორტებში შეიმჩნევა და, შესაძლოა, სტუდენტებისათვის სწავლისა და ცხოვრების გადასახადის დაფარვის, ისევე როგორც სწავლისა და მუშაობის შეთავსების სირთულეებზე მიუთითებდეს. სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 2021 წელს, რაც პანდემიის გამოწვევებს შეიძლება დავუკავშიროთ.
– პროგრამის დასრულების მაჩვენებლები ორივე ენობრივ ქვეჯგუფში უფრო მაღალია მდედრობითი სქესის სტუდენტებში.
– 2016-2017 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთაგან აკადემიურ პროგრამაზე სწავლას 16% არ აგრძელებს, თუმცა ეს მაჩვენებლები უნივერსიტეტების მიხედვით ვარირებს. დასრულების მაჩვენებლებში ეს განსხვავება, სავარაუდოდ, სწავლის შედეგების შეფასების მიდგომების სხვადასხვაობით აიხსნება. ქართული ენის კომპეტენციის სტანდარტიზებული ერთიანი მიდგომის არარსებობის პირობებში თითოეული უნივერსიტეტი საკუთარი შეხედულებისამებრ აფასებს 77 სტუდენტების პროგრესს. ცალკეულ უნივერსიტეტში სტუდენტებს უწევთ სწავლის პროცესის გახანგრძლივება ქართულ ენაში პროგრამით განსაზღვრული კომპეტენციის ნიშნულებზე გასასვლელად, რადგან ამ ნიშნულებზე გასვლის გარეშე, პედაგოგების განმარტებით, სტუდენტებს გაუჭირდებათ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.
- აკადემიურ პროგრამებზე ტრანზიციისას ბენეფიციარები ნაკლებად ირჩევენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს, რაც აფერხებს განათლების სისტემაში რესურსების ეფექტურ ჩაბრუნებას და პერსპექტივაში ხელს უშლის არაქართულენოვან სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების გრძელვადიან მიზანს.
– არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის ყველაზე პოპულარულ არჩევანს, მიმართულებების თვალსაზრისით, მედიცინისა და ფარმაციის მიმართულებები წარმოადგენს (17%). აგრეთვე, პოპულარული არჩევანია ჰუმანიტარული მეცნიერებები და უცხოური ენები (14%), ბიზნესის ადმინისტრირება (14%), ინჟინერია და საინფორმაციო ტექნოლოგიები (14%). ჯამში ამ მიმართულებებით სწავლას პროგრამის კურსდამთავრებულთა 60%-მდე აგრძელებს.
– მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე სწავლას კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5% აგრძელებს, რაც საყურადღებო მონაცემია, რადგან პროგრამის ბენეფიციარები პოტენციურ რესურსს წარმოადგენენ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ბილინგვური პროგრამების განვითარებისთვის, ისევე როგორც ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებში.
- აკადემიური პროგრამების დასრულების მაჩვენებლები დაბალია და არაერთგვაროვანია უნივერსიტეტებისა და პროგრამების მიხედვით, რაც ირიბად ამ პროგრამებზე სწავლისათვის მზაობის ნაკლებობაზე მიუთითებს:
– ყველაზე დაბალი დასრულების მაჩვენებელი განათლების პროგრამებზე ფიქსირდება (25%) ამ პროგრამებზე მაღალია სტატუსშეჩერებული სტუდენტების წილი. ასევე, შედარებით რთულია სტუდენტებისთვის ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლების პროგრამა (64%). ბაკალავრიატის პროგრამების დასრულების სამწლიანი დინამიკა მიუთითებს დასრულების მაჩვენებლების კლებაზე და სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდაზე.
– სტუდენტებისთვის შედარებით მარტივი დასაძლევია ზუსტი მეცნიერებებისა და ხელოვნების მიმართულებით საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა. შესაძლოა ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ მიმართულებებზე ენობრივი კომპეტენცია ნაკლებად მნიშვნელოვანია.
პროგრამის ხელმისაწვდომობის და ხარისხის გამოწვევები
რაოდენობრივი ანალიზის შედეგები ამყარებს ბენეფიციარებთან დისკუსიისას გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ პროგრამის შედეგები არაერთგვაროვანია ბენფიციართა ქვეჯგუფების მიხედვით. შესაბამისად, დასახვეწია: ა) ინფორმაციის გავრცელების; ბ) პროგრამაზე მიღების და გ) პროგრამის სერვისების მიწოდების სტრატეგიები ბენფიციართა სპეციფიური ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით. კერძოდ:
არაქართულენოვან სკოლებში (განსაკუთრებით რთულად მისადგომ, სოფლის სკოლებში) დაბალია ინფორმირების ხარისხი პროგრამის შესახებ, ისევე როგორც ზოგადად უმაღლესი განათლების მნიშვნელოვნების და სარგებლის შესახებ, რაც ხელს უშლის სკოლის მოსწავლეებში ფორმალური განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გაგრძელების მოტივაციის ჩამოყალიბებას. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ კონტექსტებში, სადაც ახალგაზრდებს უწევთ მშობლების მხრიდან „გარკვეული წინააღმდეგობის“ დაძლევა სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
– სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილებისთვის კონკურსში აბიტურიენტები არათანაბარ პირობებში ექცევიან ჩაბარებული ტესტის ენის მიხედვით – აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის გამოყოფილია ადგილების და გრანტების თანაბარი რაოდენობა, მაშინ როდესაც არათანაბარია ამ ქვეჯგუფებში სკოლის კურსდამთავრებულთა და პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა კოჰორტების ზომა. 2023 წელს გამოცდაზე რეგისტრირებული აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებიდან 43% ჩაირიცხა პროგრამაზე, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი სომხურენოვან კოჰორტაში 72%- ს შეადგენს. გრანტის მფლობელი გახდა ჩარიცხული აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების 9%, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი სომხურენოვან კოჰორტაში 22%-ს შეადგენს.
– რესპონდენტების და საკითხის მკვლევართა აზრით, ასევე, არასწორია პროგრამის სტუდენტთა ზღვრული ოდენობის უნიფიცირებულად (ხუთ-ხუთი პროცენტი) განსაზღვრა ყველა უნივერსიტეტში, რადგან ზოგიერთ უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე სწავლის უფრო მაღალი მოთხოვნაა.
– მათთვის, ვისაც რეალურად სჭირდება ქართული ენის კომპეტენციის გაუმჯობესება, პროგრამაზე ადგილების რაოდენობის ხელმისაწვდომობას ზღუდავს ისიც, რომ მოდელი არ გამორიცხავს პროგრამაზე ისეთი აბიტურიენტების ჩარიცხვას, რომლებმაც ისედაც კარგად იციან ქართული ენა. პროგრამაზე ჩაბარება უნივერსიტეტში მოხვედრის მარტივი გზაა ან ჯარიდან თავის არიდების საშუალება.
– შეზღუდულია ეთნიკური უმცირესობებისთვის პროგრამების არჩევანი, რადგან იმ უნივერსიტეტებში, სადაც ხელმისაწვდომია სასურველი აკადემიური პროგრამა, შესაძლებელია ვერ ხერხდებოდეს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხარისხიანად განხორციელება (სტუდენტთა მცირე რაოდენობის და, შესაბამისად, უნივერსიტეტისთვის შემოსავლის სიმცირის გამო). ან პირიქით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა კონკრეტულ უნივერსიტეტში საინტერესო არჩევანს წარმოადგენდეს, თუმცა ამ უნივერსიტეტში არ იყოს კონკრეტული 79 სტუდენტისთვის საინტერესო პროგრამა. ძირითადად, ამ ტიპის პრობლემები მონოპროფილური ტიპის უნივერსიტეტებში წარმოიქმნება – მაგალითად, ხელოვნების მიმართულებით. ქართული ენაში ბენეფიციართა კომპეტენციის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ხანგრძლივობა და სტრუქტურა განსხვავებული იყოს ენობრივი კომპეტენციის სხვადასხვა საწყისი დონის მქონე სტუდენტებისთვის.
– ერთი წლის განმავლობაში ყველა ბენეფიციარი (საწყისი დონის გათვალისწინებით) ვერ ახერხებს ენობრივი კომპეტენციის იმგვარად განვითარებას, რომ შეუფერხებლად შეძლოს აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება. პროგრამის სტანდარტიზებული ხანგრძლივობა (1 წელი) ვერ ერგება ბენეფიციართა განსხვავებულ საჭიროებებს ენის ათვისების მიმართულებით. ზოგიერთისთვის პროგრამით გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლა განსაკუთრებით რთულია, ხოლო ზოგიერთისთვის – ძალიან მარტივი.
– ენის სათანადო დონეზე არცოდნის პრობლემები განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ – აკადემიურ პროგრამებზე სწავლის პროცესში. კურსდამთავრებულებთან და აკადემიურ პერსონალთან განხილვისას ჩანს, რომ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის გამოცდილება/სირთულე განსხვავებულია აკადემიური პროგრამის/ მიმართულების სპეციფიკის მიხედვით და განსხვავებულ ენობრივ კომპეტენციებს მოითხოვს, რაც, აგრეთვე, სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ენის მოსამზადებელი პროგრამის სტრუქტურასა და ხანგრძლივობაში.
– ბოლო წლებში პროგრამაში შეტანილი იქნა დარგობრივი ენობრივი კომპეტენციების განმავითარებელი კურსები (სტუდენტების მიერ არჩეული აკადემიური პროგრამების მიხედვით), თუმცა, რესურსების ნაკლებობის გამო, უნივერსიტეტები ვერ ახერხებენ ყველა პროგრამის სპეციფიკასა და სტუდენტების საჭიროებას მორგებული კურსების მრავალფეროვანი სპექტრის შეთავაზებას, რაც შემდგომში სირთულეებს ქმნის აკადემიურ პროგრამებზე სწავლის პროცესში.
ბენეფიციარების ნაწილში (აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის მომენტისთვის) არის ჩამორჩენა გამჭოლი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისითაც, რაც დაბრკოლებებს წარმოქმნის აკადემიურ პროგრამებზე სწავლის პროცესში. გამჭოლი კომპეტენციების განვითარების მიმართულება არაერთგვაროვნად არის გაშლილი სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დარგობრივი მახასიათებლის გადახედვისა და პროგრამების შემდგომი განვითარების პროცესში. გასაუმჯობესებელია საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიდგომები:
– ცალკეულ უნივერსიტეტებში ინტეგრაციის მიმართულებით გაცილებით მეტი სერვისებია შეთავაზებული, ზოგიერთ უნივერსიტეტში კი სტუდენტები დღესაც ძირითადი კოჰორტისგან იზოლირებულად, ცალკე შენობაში სწავლობენ.
– ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოწვევები პროგრამის დასრულების შემდეგ, აკადემიურ პროგრამებზე სწავლის პროცესშიც იკვეთება. სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ისევე როგორც აკადემიური პერსონალი საუბრობს შემთხვევებზე, როდესაც არაქართულენოვანი სტუდენტები კვლავ იზოლირებულ ჯგუფს წარმოადგენენ, გარკვეული პრობლემები იქმნება სტუდენტების შეფასებისას ან ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთობების, ან სტუდენტების ერთმანეთთან ინტერაქციის პროცესში.
– უნივერსიტეტებში ინტეგრაციის პოლიტიკა, ძირითადად, უმცირესობათა უფლებრივ ჭრილშია დანახული. კონცეპტუალური ცვლილება უნდა გულისხმობდეს უფლებრივი ჭრილიდან მრავალფეროვნების ჭრილზე გადასვლას – ინტეგრაციის კომპონენტი მხოლოდ უმცირესობებზე არ უნდა იყოს მიმართული, იგი ორმხრივად სასარგებლო პროცესად უნდა მოიაზრებოდეს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებისათვის.
პროგრამის კოჰერენტულობა და შედეგების მდგრადობა
- პროგრამის შედეგების მდგრადობისთვის და გრძელვადიანი ეფექტის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს პროგრამის კოორდინაცია უნივერსიტეტის შიგნით, ისევე როგორც გარეთ – ეკოსისტემაში მოქმედ აქტორებთან. კერძოდ:
უნივერსიტეტმა ერთიანი, ორგანიზაციული ძალისხმევით უნდა უზრუნველყოფის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამიდან შემდგომ საფეხურზე სტუდენტების ეფექტიანი ტრანზიციის გრძელვადიანი მხარდაჭერა და ენის ათვისების უწყვეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფა ერთწლიანი კურსის დასრულების შემდეგ.
– ცალკეულ უნივერსიტეტში, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ფარგლებში, ინტეგრაციის კომპონენტი ძლიერად და მრავალმხრივად არის წარმოდგენილი, თუმცა პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა ინტეგრაციის მიმართულებით შექმნილი საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება არ არის ჩაშენებული ზოგადსაუნივერსიტეტო სერვისებში. ინტეგრაციის სერვისების ხელმისაწვდომობა შემოიფარგლება მხოლოდ ქართულ ენაში მომზადების პროგრამების ბენეფიციარებით და არ არის ხელმისაწვდომი შემდგომ წლებში, ისევე როგორც უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებისთვის, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენელთათვის.
– ამოქმედების დღიდან ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ფარგლებში დიდი გამოცდილება დაგროვდა ქართულის, როგორც მეორე და უცხოური ენის სწავლების და არაქართულენოვანი სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრაციის, ინტერკულტურული მგრძნობელობის განვითარების მიმართულებით. ეს გამოცდილება უნდა დაუკავშირდეს ამავე მიმართულებით არსებულ საუნივერსიტეტო სერვისებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას პროგრამის შედეგების მდგრადობა და პროგრამის ფარგლებში შექმნილი ცოდნის გავრცელება სხვა სტუდენტებზე.
უნივერსიტეტებში არ არის ან ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია ერთიანი ხედვა, რომელიც ეფექტურად დაუკავშირებს ერთმანეთს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის შიდა რესურსებს და უნივერსიტეტებში არსებულ მთლიან პოტენციალს სწავლების, კვლევისა და საზოგადოებრივი მისიის შესრულების მიმართულებით.
- სისტემის დონეზე საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის და კოორდინაციის გაუმჯობესება ა) CEFR პრინციპების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის და ამ პრინციპების დანერგვის; ბ) პროგრამის ბენეფიციარების განათლების სისტემაში ჩაბრუნების პოლიტიკის სრულყოფის და გ) ბილინგვური განათლების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების უკეთ დაკავშირებისთვის.
– ენის სწავლების, სწავლის და შეფასების სახელმწიფო მიდგომებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ისევე როგორც რეკომენდაციების განხორციელებისათვის სისტემაში არსებული რესურსების კონსოლიდაცია ქართული ენის სწავლების და შეფასების რეფორმის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. ამ ეტაპისათვის ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს რეკომენდაციების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხი აქტორებში დაბალია, აქტორებმა ნაკლებად იციან ამ მიმართულებით სხვა ორგანიზაციებსა და უწყებებში მიმდინარე პროცესების შესახებ; რეკომენდაციების მიხედვით სასწავლო გეგმის/რესურსების გაუმჯობესების პროცესში ნაკლებად არის გამოყენებული უნივერსიტეტის რესურსები (საქართველოში და საზღვარგარეთ). მნიშვნელოვანია აღდგეს და გაძლიერდეს ამ მიმართულებით უნივერსიტეტების ქსელური მუშაობა.
– ქართულ ენაში მომზადების პროგრამების ბენეფიციარების განათლების სისტემაში ჩაბრუნების პოლიტიკა დღეს არაეფექტურია და გადახედვას საჭიროებს – ქართულ ენაში მოსამზადებელი ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამების, განსაკუთრებით მულტილინგვური განათლების პროგრამის უფასოდ ხელმისაწვდომობა თავად სისტემისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სკოლამდელი და სასკოლო განათლების ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
– ბილინგვური განათლების განვითარება და დანერგვა არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში სახელმწიფოს მნიშნელოვანი პრიორიტეტია, თუმცა ამ ეტაპისთვის ბილინგვური განათლების პროგრამა მასწავლებლის მომზადების პროგრამებისგან დამოუკიდებლად, განსხვავებული კურიკულუმით მიმდინარეობს. პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართული აქტორები აღნიშნავენ, რომ სასურველი იქნებოდა პროგრამის უკეთესად დაკავშირება მასწავლებლის მომზადების პროგრამებთან. საკითხი ძალიან კომპლექსურია – სასწავლო გეგმების სინქრონიზაციის, ისევე როგორც არაქართულენოვანი სკოლებისთვის მასწავლებელთა რესურსის მომზადების უნიფიცირებული 82 სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭიროა მეტი რესურსის, ძალისხმევისა და პოლიტიკური ნების მობილიზაცია.
- ქართულ ენაში მომზადების პროგრამის პოლიტიკის რევიზიისთვის აუცილებელ წინმსწრებ ნაბიჯს ენობრივი კომპეტენციების შეფასების ერთიანი სისტემის აწყობა წარმოადგენს, ენათა სწავლების, სწავლის და შეფასების სახელმწიფო რეკომენდაციების მიხედვით.
ამ მიმართულებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან შემდგომ ნაბიჯებს წარმოადგენს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ CEFR რეკომენდაციების მიხედვით ქართული ენის დონის შეფასების სანდო და ვალიდური ინსტრუმენტების შემუშავება. ეს ტესტი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვისას დიაგნოსტიკური შეფასებისათვის, პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტის მიერ მიღწეული დონის აღსაწერად, ისევე როგორც განათლების წინმსწრებ საფეხურებზე ქართული ენის სწავლების შედეგების შესაფასებლად. ასევე მნიშვნელოვანია 2025 წელს დაგეგმილი სახელმწიფო შეფასება ქართულში, როგორც მეორე ენაში, სადაც შესაძლებელი იქნება ენის ტესტირების შედეგების კონტექსტუალურ ინფორმაციასთან და სკოლის საზოგადოების განწყობებთან დაკავშირება.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამის რევიზია მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება ენობრივი კომპეტენციების შეფასების ერთიანი სისტემით მოპოვებული მონაცემები და ამ მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში, არაქართულენოვან სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კონკრეტული გრძელვადიანი გეგმა.
შუალედური ანგარიშის დოკუმენტი
- ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში 1400 ლარის ოდენობით განისაზღვრა – ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- სკოლებს, სადაც ექიმის ხელფასი 800, ხოლო ექთანის 650 ლარი იქნება, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს by ARIS.GE-განათლება
- რა წავაკითხოთ არდადეგებზე – საშობაო ლიტერატურა ბავშვებისთვის by ARIS.GE-განათლება