სკოლები გახსნილი რჩება – საქართველოში დღეს კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მიუხედავად საქართველოში დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლისა, მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სკოლებისთვის განსხვავებული, ახალი რეგულაციები არ დაუწესებია.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სკოლები სწრაფად ახერხებენ ადაპტირებას და გააგრძელებენ შერეულ რეჟიმში მუშაობას.
“რაც შეეხება სკოლების მუშაობას, სკოლებთან დაკავშირებით, სამინისტრო კვლავაც გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამას ბუნებრივია, ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მზაობა, როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე სწავლების. ჯერჯერობით, პირველი კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება. რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, რამდენიმე ჰიბრიდულ მოდელზე. ამდენად, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას ასეთი შერეული ფორმით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომელიც ამბობს, რომ დღეს დაფიქსირებული რაოდენობის პარალელურად, შესაძლოა, ერთი ამდენი ინფიცირებული ქვეყანაში კიდევ იყოს, დადასტურების გარეშე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკოლები არის პირველი რომელიც პანდემიის დროს უნდა გაიხსნას და ბოლო დაიხუროს.
“ჩემი რეკომენდაციაა, რომ თუ შეზღუდვები წესდება, სკოლებს ის ბოლოს უნდა შეეხოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე. იმიტომ, რომ ამ პანდემიის პერიოდში, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი და ქვეყნების ეკონომიკურმა განვითარებამ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა ჩვენმა სკოლამ და განათლების სისტემამ. მათ შორის, განსაკუთრებით დამწყები კლასების. აქედან გამომდინარე, რაღაც კრიტერიუმის ფონზე, შესაძლებელია ამ რეკომენდაციების დაცვა. დღეს იყო სერიოზული ანალიზი ჩვენის მხრივ გაკეთებული სკოლებთან მიმართებაში, განათლების სამინისტროს მხრივ გაკეთებული. მოყვანილ იქნა პროცენტი, იმ 2300-მდე სკოლა, რაც არსებობს საჯარო პლუს კერძო სკოლა ქვეყანაში, რამდენია დღეს ონლაინ რეჟიმზე. ძალიან პატარაა ეს პროცენტი. რამდენი კლასია გადასული… აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ჯერჯერობთ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. ზოგადად, მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს, ის არის, რომ სხვა სფეროებთან შედარებით სკოლაზე ყველაზე გვიან უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული და ყველაზე ადრე უნდა გავხსნათ სკოლები”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა უნივერსიტეტებზე და განმარტა, რომ სწავლების ფორმატთან დაკავშირებით ისინი ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას.
“ყველა უნივერსიტეტი გახლავთ ავტონომიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხელმძღვენელობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლვეთ. ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები შედარებით კარგად იყვნენ აცრილნი. არის უნივერსიტეტები, რომლებიც კარგად არიან აცრილი, ორჯერადად, მაღალი მოცვით და არის უნივერსიტეტები, რომლებიც… ამიტომ, თვითონ ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 075 154.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება