GE

„სკოლის დირექტორების სერტიფიცირების ახალ ტალღას შემოდგომაზე ვგეგმავთ“ – ირინა აბულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ სკოლის დირექტორების სერტიფიცირება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, საქართველოში არაერთი სკოლაა, სადაც არათუ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული, არამედ სკოლას შიდა ბრძანებით მართავენ ყოფილი დირექტორის მოადგილეები და წლების განმავლობაში მხოლოდ მოადგილის ანაზღაურებას იღებენ, იმ ფონზე, რომ პასუხისმგებლობაც და საქმეც გაცილებით მაღალი აქვთ. დირექტორების ნაწილი ამბობს, რომ მათ არაერთხელ მიმართეს წერილით განათლების მინისტრის იმისათვის, რომ სკოლაში მინისტრის ბრძანებით დაინიშნოს ოფიციალური მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა საკითხი გადაუჭრელი რჩება. მათივე ინფორმაციით, დატვირთვა და სამუშაო რეჟიმი, გარდა დირექტორის მოვალეობის შესრულებისა, საგაკვეთილო საათების წარმართვასაც ითვალისწინებს, რადგან დირექტორის მოადგილის ხელფასი სხვადასხვა რეგიონების სკოლებში 300 ლარს ვერ აჭარბებს და იძულებულნი არიან ანაზღაურება გაკვეთილების ჩატარების ხარჯზე შეივსონ. გარდა ამისა, არის ვითარებაც, რომ სკოლა, სადაც მასწავლებლებისთვის ტრენინგები ტარდება, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სამსახურში გამოცხადებას უქმე დღეებშიც ითვალისწინებს.

სწორედ ამ საკითხის გარკვევის მიზნით მიმართა EDU.ARIS.GE-მ ირინა აბულაძეს, თუმცა კონკრეტული პასუხი, რა გამოსავალი აქვთ ლოდინის გარდა ასეთ მდგომარეობაში მყოფი სკოლების უდირექტორო მოადგილეებს, არ მიგვიღია.

„ჩვენ გვაქვს სკოლები, რომელშიც არის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორები, მათ უფლებამოსილება ეწურებათ 2020 წელს და თავიდან მოუწევთ ამ პროცესის გავლა და არსებობს სკოლები, სადაც არიან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები. აქ რამდენიმე შემთხვევა არის, სადაც შიდა ბრძანების საფუძველზე არიან ან მასწავლებელი ან  მოადგილე, რომელიმე თანამშრომელი, ასრულებს სკოლის წარდგინებით დირექტრის მოვალეობას. გვქონდა შემთხვევები, როცა კონკრეტულ სკოლას საერთოდ კანდიდატურა არ ჰყავდა წარმოდგენილი და იქ მივლენილია პირი მოვალეობის შემსრულებლად კონკრეტულ კონკურსამდე, სანამ არ გამოჩნდება სხვა შიდა რესურსი. მასწავლებლებიც არიან, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ, ეს ძირითადად არის ძალიან მცირეკონტინგენტიანი სკოლები.

„ზუსტად რამდენი სკოლაა, სადაც მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას, ამ წუთას ზეპირად არ ვიცი და შემიძლია ვნახო და მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ, როგორც წესი, გადაწყვეტილებას დირექტორის მოვალეობის ცვლილებაზე ვიღებთ სკოლის მომართვის საფუძველზე, შესაძლებელია იქ თვითონ პიროვნებას არ სურდეს მოვალეობის შესრულება და ამ შემთხვევაში ვცვლით. არის კონკრეტული შემთხვევები, სადაც სურვილი აქვს მასწავლებელს შეასრულოს კონკურსამდე მოვალეობა და მოგვმართავს სამინისტროს, ამას განვიხილავთ. კონკრეტულად რომელ შემთხვევაზეა საუბარი მე არ ვიცი, მაგრამ ბევრ ფაქტორს ვუყურებთ, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას.  გააჩნია ასევე კონკრეტული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს რა ფუნქცია აქვს. შეიძლება, დირექტორის მოადგილეს ჰქონდეს ძალიან მინიმალისტური ფუნქციები სკოლის დონეზე და მისი სამუშაო გრაფიკი იყოს ექვს საათიანი და შესაძლებელია დირექტორის ფუნქციებიც შეითავსოს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მცირე კონტიგენტიანია სკოლა. ამიტომ, თუ ეს ეს შემთხვევა არ არის, მაშინ უნდა განვიხილოთ, რომ გაიყოს შტატი და დირექტორის მოვალეობას ვინც ასრულებს იმან აიღოს დირექტორის ხელფასი.

დირექტორების სერტიფიცირების ახალ ტალღას ვგეგმავთ შემოდგომაზე, ძალიან ბევრია მსურველი, რომ გაიაროს სერტიფიცირება, რადგან ამის გარეშე ვერ იღებენ კონკურსებში მონაწილეობას. 2020 წელს უკვე გვექნება კონკურსები იმ სკოლებშიც, სადაც არჩეული დირექტორები არიან, იმიტომ რომ უფლებამოსილების ვადა ეწურებათ კანონმდებლობის ფარგლებში“, – გვითხრა განათლების მინისტრის მოადგილემ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური