GE

სპეც-მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და მომზადება, თუ როგორ მიუდგნენ სსსმ ბავშვებს – ომბუდსმენის კვლევა

2020 წლიდან სპეც-მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემა ამოქმედდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების,კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ სახალხო დამცველის მიერ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული კვლევის “ინკლუზიური განათლება: მიღწევები და გამოწვევები” პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

ომბუდსმენის ოფისმა ინკლუზიური განათლების შესახებ კვლევა 15 საჯარო სკოლაში ჩაატარა და საზოგადოებას შედეგები გააცნო. მათ შორის არის სასწავლო დაწესებულებების შენობების ადაპტირების, სასწავლო მასალების, პედაგოგების და მათი დაბალი ანაზღაურების პრობლემები.

“15 სკოლის მონიტორინგის შედეგად ძალიან ბევრი პრობლემა დავინახეთ, მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა გარემოს ადაპტირება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. 2000-ზე მეტი საჯარო სკოლა გვაქვს საქართველოში და აქედან მხოლოდ 600-ია ნაწილობრივ ადაპტირებული, 200 კი -სრულად. განსაკუთრებით გვაქვს სველი წერტილების პრობლემა, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არის ადაპტირებული ბავშვებზე. პრობლემაა ასევე სსმ მოსწავლეების სასწავლო მასალის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალური გეგმების შედგენას ამ მოსწავლეებისთვის აქვს ფორმალური ხასიათი, მათი შეფასებაც ხშირ შემთხვევაში არის შაბლონური. რეალურად არ ხდება შეფასება, წლიდან წლამდე რა პროგრესს მიაღწია ბავშვმა. პედაგოგებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და არ აქვთ შესაბამისი მომზადება თუ როგორ უნდა მიუდგნენ და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. სტიგმა და დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ დღემდე ძლიერია, მათ შორის, პედაგოგებში საწავლო პროცესის განმავლობაშიც გამოიხატება. ასევე დეფიციტია სპეციალური პედაგოგების. განსაკუთრებით ფსიქოლოგების, ინდივიდუალური ასისტენტების და ვფიქრობთ ამ მიმართულებითაც განათლების სამინისტროს აქვს სამუშაო”, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის თქმით, სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს უწევს აღნიშნულ საკითხს და განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვან სიახლეებსაც გეგმავს.

“დღეის მდგომარეობით, 7000-ზე მეტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა იდენტიფიცირებული, რაც კარგია იმ კუთხით, რომ აქამდე, წინა წლებში ხდებოდა მათი დამალვა. როდესაც განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ განათლება უნდა იყოს ინკლუზიური და ყველა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისთვის და ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი. 2018 წლის ბოლოდან განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ეს შეეხო სპეც მასწავლებლებს, რომლებიც იყვნენ ადმინისტრაციული თანამშრომლები, მათ მიენიჭათ მასწავლებლის სტატუსი, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ 2020 წლიდან ავამუშაოთ სპეციალური მასწავლებლების განვითარების სქემა. ცხადია, დეტალურად შევისწავლით დოკუმენტს, ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური