GE

სრული დაფინანსება, გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შანსი – „ევროპის უნივერსიტეტი მზად არის თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს“

აბიტურიენტებს, რომელთაც არქეოლოგია, ან საერთაშორისო ურთიერთობები აინტერესებთ და საკუთარ თავს ამ პროფესიებში ხედავენ, ევროპის უნივერსიტეტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს – უფასო სწავლას პროგრამების სრული ვადის განმავლობაში. თუმცა, ეს არაა ერთადერთი სიახლე, რომლითაც უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელსა და სტუდენტებს ხვდება – თითოეული აბიტურიენტი, განურჩევლად მიმართულებისა, 50%-იან დაფინანსებას მიიღებს. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ევროპის უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ.

არქეოლოგიის პროგრამამ, ახლახანს, 7-წლიანი აკრედიტაცია უკვე მოიპოვა. როგორც ევროპის უნივერსიტეტში აცხადებენ, არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებასთან დაკავშირებული სამუშაოები გააზრებულად და თანმიმდევრულად განხორციელდა. თავდაპირველად, 2018 წელს, უნივერსიტეტის ბაზაზე ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი დაფუძნდა, რომლის ქუდქვეშ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობით, არქეოლოგიური ექსპედიციები ხორციელდებოდა.

უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ არქეოლოგია, როგორც პროფესია, ჩვენი ქვეყნის ისტორიული, გეოგრაფიული და მრავალმხრივი კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, საკმაოდ მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. ამდენად, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება აუცილებლად მიიჩნიეს.

„ევროპის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამა გამოირჩევა პრაქტიკის ობიექტების მრავალფეროვნებით, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ უნივერსიტეტის დაფინანსებით განხორციელებულ ექსპედიციებში და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, დარგის წამყვან პროფესორებთან ერთად, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში“, – აცხადებს რექტორი.

როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, სრული, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლიან ევროპის უნივერსიტეტში აბიტურიენტები საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ანაზღაურებადი სტაჟირება საფრანგეთში, IGS ჯგუფში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში გაიარონ და ცოდნა უცხოელ კოლეგებთან მუშაობით გაიღრმაონ. უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალი მიმართულებით გაცვლით პროგრამებსაც სთავაზობს და სწავლის პროცესშივე აძლევს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

„ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული უნივერსიტეტისთვის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ქვეყანას სწორი პოზიციონირების საშუალებას მისცემენ“, – გვეუბნება ნინო ტალიაშვილი და დასძენს, რომ უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო გრანტების მიმართულებითაც და რომ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული არაერთი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი, სტუდენტებს, მიმდინარე მნიშნველოვანი საკითხების მუდმივი ანალიზის შესაძლებლობას აძლევს, რაც მათში დამატებითი ინტერდისციპლინარული უნარების განვითარებას უწყობს ხელს:

„უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელიც ევროპული იდეის გარშემო ერთიანდება, სტუდენტებს, ევროკავშირის მასშტაბით, სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. შესაბამისად, ჩვენი სტუდენტები ევროპის თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტში სწავლობენ“.

კითხვაზე, როგორ უწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას ხელს ევროპის უნივერსიტეტი, ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს, რომ საგანმანათლებლო პროგრამები მორგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს. გაჯერებულია პრაქტიკული კომპონენტებით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს რეალურ სამუშაო გარემოში გაიარონ პრაქტიკა/სტაჟირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. რექტორის ინფორმაციით, უნივერსიტეტს ათეულობით მემორანდუმი აქვს გაფორმებული როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წამყვან ორგანიზაციებთან, რომლის ფარგლებშიც წარმატებული კურსდამთავრებულები გასაუბრებისთვის მზადდებიან და საქმდებიან.

სასწავლო პროცესს კი, მისივე თქმით, დარგის წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან, რომლებიც პოტენციურ დამსაქმებლებს წარმოადგენენ. შესაბამისად, საკმაოდ მაღალია შიდა დასაქმების მაჩვენებელიც, რაც უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტში სტუდენტების სტაჟირება/დასაქმებას გულისხმობს. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო პროექტებშიც ჩაერთონ.

„თანამედროვე ლაბორატორიები, სიმულაციური ცენტრები და ტექნიკური აღჭურვილობა სასწავლო პროცესს მეტად პრაქტიკულსა და საინტერესოს ხდის. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისების მიზნით, მოქმედებს სტიპენდიის პროგრამა, რაც დამატებითი მოტივაციაა. აქედან გამომდინარე, ევროპის უნივერსიტეტი მზად არის თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს და სტუდენტებს მათზე ორიენტირებული მრავალფეროვანი, აქტიური და მეგობრული გარემო შესთავაზოს. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა აბიტურიენტს და ველოდებით ჩვენთან“, – დასძენს ნინო ტალიაშვილი.

არქეოლოგიის პროგრამა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ბაზაში, კოდით 1710101 იძებნება, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობები კოდით – 1710105.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური