GE

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს – 500, დედ-მამით ობოლ ბავშვებს კი 1000 ლარი გადაეცემათ – ვინ მიიღებს დახმარებას კასპის ბიუჯეტიდან

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ, უსინათლო და ინსულინდამოკიდებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სტუდენტებს ადგილობრივი, 2022 წლის ბიუჯეტიდან ფულადი სახსრებით დაეხმარებიან, – ამის შესახებ კასპის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ „კასპის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 17 დეკემბერს გამოქვეყნდა.

დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით (გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის დედ-მამით ობოლი;
ბ) არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახიდან;
გ) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;

აღნიშნული დახმარებით ისარგებლებს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი. ერთჯერადი დახმარება 500 ლარს ითვალისწინებს.

ერთჯერად, 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ დედ-მამით ობოლი 18 წლამდე პირები, რომლებიც კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულნი.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 0-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების დაუფინანსდებათ სტაციონარული მომსახურება. დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის დაფინანსებით. 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა სრულად ანაზღაურდება, 301-ლარიდან – 70% თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა;

სოციალური დახმარება მიეცემა ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები, შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ოჯახი, ახალ შეძენილ თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 500 ლარს მიიღებს.

ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან და ოჯახით ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე ერთჯერადად 100 ლარს მიიღებენ.
სოციალური დახმარება ერთჯერადად მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ მარტოხელა მშობელს. მარტოხელა მშობელი თითოეულ 18 წლამდე ასაკის შვილზე 400 ლარს მიიღებს.

0-დან 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი, 0-დან 18- წლამდე ასაკის უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, 0-დან 18- წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება გაეწევათ. ერთ ბენეფიციარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობისა. ვაუჩერის მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში არაუმეტეს 10 დღე-ღამით. ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

სად და რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს თითოეულმა ბენეფიციარმა, ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური