GE

„სტუდენტები და მათი მხარდაჭერა – ამ სტანდარტთან პროფესიული სასწავლებლების 60% სრულ შეუსაბამობაშია“ – ანგარიში

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშების ანალიზს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თავდაპირველად განსაზღვრული იყო პროფესიული სასწავლებლების მიერ თვითშეფასებების ელექტრონულად შევსება და მისი სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ პლატფორმაზე წარმოდგენა, თუმცა ტექნიკური ხარვეზების მიზეზით, 2020 წლის თვითშეფასებები ისევ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (e-flow) საშუალებით განხორციელდა.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების პროგრამისა და ინსტიტუციური თვითშეფასებისა და პროფესიული სტუდენტების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში კონტრაქტი დაიდო 9 ექსპერტთან, რომლებსაც დაევალათ შემოსული დოკუმენტების შესწავლა და ექსპერტული შეფასების გაკეთება. ასევე წინასწარ შემუშავდა ერთგვაროვანი ფორმატით დასამუშავებლად ექსელის ფაილი, სადაც ექსპერტებს შეჰყავდათ მათზე გადანაწილებული დაწესებულებების თვითშეფასებების შედეგები“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის მონაცემების თანახმად ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში თვითშეფასების შევსებული ფორმა, 86 პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარმოადგინა  4 პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ კი არ წარმოადგინა. პროფესიული სასწავლებლების ( რომლებმაც არ წარადგინეს თვითშეფასების შევსებული ფორმა) ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება 2021 წლის განმავლობაში დაიგეგმება, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაწესებულებები პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში დარჩენას  აპირებენ.

„შემოსული დოკუმენტები გადანაწილდა 9 ექსპერტზე, რომლებმაც გამოყოფილ პერიოდში (2020 წლის დეკემბრამდე) შეისწავლეს და განახორციელეს ექსპერტული შეფასებები. ბოლო ეტაპზე კი ექსპერტების მიერ ცალკეული დაწესებულებების მიხედვით შევსებული შეფასების ცხრილები ერთ ფორმატში გაერთიანდა და მონაცემები პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დამუშავდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ანგარიშში იკვეთება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს იმ 5 სტანდარტთან მიმართებაში, რომლის მიხედვითაც მათი შემოწმება განხორციელდა, გაცილებით მაღალი თვითშეფასება აქვთ, ექსპერტების შეფასებასთან შედარებით.

სტანდარტი 1 –  კოლეჯის მისია და სტრატეგიული განვითარება: პირველი სტანდარტის მიხედვით დაწესებულებების 85.9%-მა საკუთარი თავი სრულ შესაბამისობაში შეაფასა, 12.9% – მიიჩნევს რომ ის უფრო მეტად შესაბამისობაშია, ხოლო 1.2% -მა ნაწილობრივი შესაბამისობა დააფიქსირა. ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები პირველ სტანდარტთან მიმართებაში საკმაოდ განსხვავდება. სრული შესაბამისობა შემთხვევების მხოლოდ 40%-თან დაფიქსირდა, რაც გაცილებით დაბალია დაწესებულებების მიერ შეფასებულ თითქმის 86%-თან მიმართებაში. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პირველი სტანდარტის მიხედვით ექსპერტებმა თითქმის 33% შემთხვევაში სრული შეუსაბამობა (არ შეესაბამება) დააფიქსირეს, ხოლო 5.9% – ის შეფასება ვერ მოხერხდა.

სტანდარტი 2 – საგანმანათლებლო პროგრამები: სტანდარტთან მიმართებაში დაწესებულებების 95.3%-მა საკუთარი თავი სრულ შესაბამისობაში შეაფასა, რაც შეეხება ექსპერტების შეფასებას, მათი დასკვნით მე-2 სტანდარტს პროფესიული სასწავლებლების მხოლოდ 49, 4 პროცენტი შეესაბამება.

„ძირითადი მიზეზი, რომელიც ამგვარ განსხვავებულ სურათს იძლევა, ისევ და ისევ, მტკიცებულებებში იკვეთება. 40% შემთხვევაში მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს, 5.9% შემთხვევებში წარმოდგენილი მტკიცებულება არ არის საკმარისი, ხოლო 2.4% – არ არის სანდო“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სტანდარტი 3 – პროფესიული სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები: ამ შემთხვევაში დაწესებულებების 75.3 პროცენტმა საკუთარი თავი სრულ შესაბამისობაში შეაფასა, ხოლო 25,3 პროცენტმა მეტწილი შესაბამისობა დააფიქსირა. ექსპერტების შეფასებით კი, ამ სტანდარტთან პროფესიული სასწავლებლების 60 პროცენტი სრულ შეუსაბამობაშია და მხოლოდ 18 პროცენტია დამაკმაყოფილებელი.

„მე-3 სტანდარტთან მიმართებით შესაბამისობაში მოსვლა გამოწვევად რჩება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობისთვის. ზოგადად, საერთო ტენდენციაა ის, რომ დაწესებულებები არ ეცნობიან საკანონმდებლო აქტებს და შესაბამისობაში არ მოჰყავთ საკანონმდებლო ცვლილებებთან, ახალ აქტებთან შიდა რეგულაციები, რაც სისტემურ დონეზე გამოსასწორებელი საკითხია. ასევე ძალიან დაბალია დაწესებულებების კომპეტენცია კვლევების დაგეგმვის, კვლევის რელევანტური ინსტრუმენტების შექმნის, მონაცემთა შეგროვების, ასევე შედეგების განზოგადების და დასკვნების გამოტანის საკითხებში“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სტანდარტი 4 – ადამიანური რესურსები: მე-4 სტანდარტთან მიმართებით, დაწესებულებების 74.1%-მა საკუთარი თავი შესაბამისობაში შეაფასა, 24.7%-მა უფრო მეტად შესაბამისობაში, ხოლო 1.2% (ერთი შემთხვევაში) არ იყო შეფასება მონიშნული შესაბამის გრაფაში. ექსპერტების დასკვნით კი ამ სტანდარტს მხოლოდ პროფესიული სასწავლებლების 38,8 პროცენტი შეესაბამება, 44,7 პროცენტი კი – არა.

„მე-4 სტანდარტის შემთხვევაშიც, წარმოდგენილი მტკიცებულებები ან არ იყო საკმარისი, ან შეუსაბამო იყო, ან უბრალოდ ვერ მოიძიეს, , რაც ძირითადად იწვევდა უარყოფითი ექსპერტული შეფასების დაფიქსირებას. გარდა ამისა, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დაწესებულების მხრიდან უფრო მეტად და/ან ნაწილობრივი თვითშეფასების დაფიქსირებისას, თანდართულ დოკუმენტებში ვერ მოიძიეს შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა უფრო მეტად, და/ან ნაწილობრივი შეფასების დასადასტურებლად“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სტანდარტი 5 – მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 47.1%-მა საკუთარი თავი შეაფასა როგორც შესაბამისობაში, ხოლო 42.4% შემთხვევებში მეტწილი შესაბამისობა დააფიქსირეს. ექსპერტული შეფასებებიდან  იკვეთება, რომ მე-5 სტანდარტთან მიმართებაში გაუმჯობესება იმაზე ბევრად მეტ დაწესებულებას ესაჭიროება, ვიდრე ეს თვითშეფასებებიდან ჩანს. კერძოდ, ექსპერტთა დასკვნით მ-5 სტანდარტს მხოლოდ პროფესიული სასწავლებლების 16.5 პროცენტი შეესაბამება.

„ამგვარი განსხვავებული შეფასებების მიზეზები ისევ და ისევ მტკიცებულებებიდან იკვეთება, თუმცა მე-5 სტანდარტის შემთხვევაში მტკიცებულებების დახარვეზების ყველაზე ხშირი მიზეზი (50.6%) მათი ან საერთოდ არ არსებობა, ან თვითშეფასების მომენტში არ არსებობა გახდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების მხრიდან დახარვეზდა და მხედველობაში ასევე არ მიიღეს ისეთი მტკიცებულებები, რომელთა შექმნის თარიღად ფიქსირდებოდა თვითშეფასების განხორციელების შემდგომი პერიოდი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მე-5 სტანდარტთან მიმართებაში შეაფასეს დაწესებულებების უმრავლესობამ საკუთარი თავი მეტწილ (44.4%), ან ნაწილობრივ (9.4%) შესაბამისობაში, შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა აუცილებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი დანართებში, თუმცა ასეთის არ არსებობა გახდა ექსპერტების მხრიდან უარყოფითი შეფასების მეორე მთავარი მიზეზი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ანგარიშის დასკვნით ნაწილშია აღნიშნული ყველაზე ხშირად ექსპერტის მხრიდან სტანდარტთან შეუსაბამობის (არ შეესაბამება) დაფიქსირება გამოწვეულია მტკიცებულებების ან საერთოდ არ არსებობით, ან არასაკმარისობის ან არასანდოობის მიზეზით. ამ ფაქტიდან გამომდინარე ორი პრობლემა იკვეთება: ერთი ის, რომ დაწესებულებების უმრავლესობას არა აქვს გააზრებული როგორ გაამყაროს მტკიცებულებებით ის პრაქტიკა, რომელსაც რეალურად ახორციელებს და მეორე – დაწესებულებების უმრავლესობას არა აქვს ბოლომდე გააზრებული, თუ რას ითხოვს სტანდარტი შინაარსობრივად.

„გამოკვეთილი ორი პრობლემიდან ერთის არსებობა მეორეს არ გამორიცხავს და დიდი ალბათობით ორივე ფაქტორს თავისი წილი მიუძღვის მტკიცებულებების უმრავლესობის დახარვეზებაში. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დახარვეზდა (მხედველობაში არ მიიღეს) ასევე ის მტკიცებულებები, რომლებიც გამართული და შესაბამისი იყო შინაარსობრივად, თუმცა შეიქმნა თვითშეფასების განხორციელების შემდგომ, რის გამოც მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 17,6% შემთხვევაში დაწესებულებას ერთი, ან რამდენიმე სტანდარტის მიხედვით შეფასებული აქვს საკუთარი თავი უფრო მეტ, ან ნაწილობრივ შესაბამისობაში, თუმცა თანდართული არაა შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საგანმანათლებლო სივრცეში დაწესებულებების თითქმის მეხუთედს არა აქვს გააზრებული ის აუცილებელი პირობა, რომ რომელიმე სტანდარტში უფრო მეტი, ან ნაწილობრივი შესაბამისობის დასაფიქსირებლად უნდა არსებობდეს შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმაც“, – აღნიშნულია ანგარიშის დასკვნაში.

ცნობისთვის ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადად 2020 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდი იყო განსაზღვრული. პანდემიის მიუხედავად თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადა უცვლელი დარჩა, თუმცა განისაზღვრა მტკიცებულებების წარმოდგენის დამატებითი ვადა.

პროფესიულ სასწავლებლებს მტკიცებულებების წარდგენის ვადა 2020 წლის 18 ოქტომბრამდე ჰქონდათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური