SANGU-ში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, „NextGen ბიზნეს ფორუმი 2026“ გაიმართა
28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) „NextGen ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა.
ბიზნესგანათლების, სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის, ფინანსების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება – ასე შეიძლება შეფასდეს ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით ჩატარდა.
„NextGen ბიზნეს ფორუმმა“ ქართველი და საერთაშორისო სპიკერები, მათ შორის საქართველოს მთავრობის, წამყვანი ფინანსური და ბიზნესინსტიტუციების, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე SANGU-ს, NKU-სა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი გააერთიანა, მონაწილეებს კი საინტერესო დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა მისცა.
ორი უნივერსიტეტის პარტნიორობით გამართული ღონისძიება ოთხ ძირითად სესიას მოიცავდა: ბიზნესგანათლების მომავალი, ლოგისტიკა, ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი, სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა, ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა. თითოეულ პანელს ჰყავდა მოდერატორი და რამდენიმე მომხსენებელი, რომლებმაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების მომავლის განმსაზღვრელი ახალი ტენდენციები და ინოვაციური მიდგომები განიხილეს.
ფორუმის დასრულების შემდეგ, ღონისძიება EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, ლევან ქისტაურმა შეაჯამა. მან იმედი გამოთქვა, რომ „NextGen ბიზნეს ფორუმი“, რომელიც პირველად გაიმართა, სამომავლოდ, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ტრადიციად იქცევა.
„ღონისძიების ფარგლებში საინტერესო დისკუსიები გაიმართა და საერთო ჯამში, ფორუმს საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება ჰქონდა. მასში მონაწილეობდნენ როგორც აკადემიური სფეროს – სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ისე ბიზნესსექტორის, საფინანსო, ინოვაციური და ციფრული მიმართულების წარმომადგენლები. პანელური დისკუსიის ფორმატში არაერთ აქტუალურ საკითხზე ვიმსჯელეთ.
აღსანიშნავია, რომ ფორუმი NKU-სთან პარტნიორობით ჩატარდა. აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს. მათთან ერთად, ჩვენ უკვე გავმართეთ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია. ბიზნესის ფორუმი კი წელს პირველად ჩატარდა და იმედი მაქვს, რომ მას ტრადიციად ვაქცევთ“, – განაცხადა ლევან ქისტაურმა.
„NextGen ბიზნეს ფორუმის“ მნიშვნელობასა და SANGU-სა და NKU-ს სამომავლო ერთობლივ გეგმებზე გვესაუბრა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ჰაილის ბიზნეს კოლეჯის დეკანი ჰასან ჰასაბელნაბი. მისი თქმით, ორი უნივერსიტეტი, ბიზნესის მიმართულებით, ახალი საბაკალავრო პროგრამის დაწყებას გეგმავს, რაც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.
„მოხარული ვარ, რომ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მივიღე. SANGU-სთან პარტნიორობით გამართული ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრეთ ბიზნესგანათლების მნიშვნელობაზე, რეგიონში ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე. მსგავსი დისკუსიები მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ახალი იდეების, ინიციატივებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.
SANGU-სთან თანამშრომლობით, ბიზნესის მიმართულებით, ახალი საბაკალავრო პროგრამის დაწყებას ვგეგმავთ. იმედი გვაქვს, რომ პროგრამა 2027 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. მის ფარგლებში სტუდენტები ისარგებლებენ იმ აკადემიური გამოცდილებითა და საგანმანათლებლო მიდგომებით, რომლებსაც ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში წარმატებით ვიყენებთ. პროგრამა ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პერსპექტიული სფეროა“, – განაცხადა ჰასან ჰასაბელნაბმა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
-
SANGU-ში სტუდენტური კონფერენცია – „ქართველი დიპლომატები“ გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, NextGen Business Forum-ი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი







