GE

კიდევ რომელ პროგრამებს ელის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მილევად რეჟიმში გადასვლა – გივი მიქანაძე გვპასუხობს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის შემდეგ, უკვე განათლების მინისტრი, გივი მიქანაძეც არ უარყოფს, რომ დიპლომატიის აკადემიის ამოქმედების შედეგად, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მქონე საგანმანათლებლო პროგრამების მილევად რეჟიმში გადასვლას გამოიწვევს, რაც, საბოლოოდ, მათ გაუქმებას ნიშნავს.

მინისტრს ამ საკითხზე კითხვა EDU.ARIS.GE-მ დღეს, 28 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში დაუსვა და პასუხიც მიიღო:

„ვენაში არის ცნობილი დიპლომატიური აკადემია, რომელიც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს. ეს არის თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება, რომ თავის სტრუქტურულ ერთეულებში შექმნას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება. დიპლომატიის აკადემიის არსებობა რომ საჭიროებას წარმოადგენს, ეს ნათელია და შესაბამისად, ეს აკადემია შეასრულებს კონკრეტულ ფუნქციას. თუ იქნება თანხვედრა გარკვეულ მიმართულებებზე, მაშინ იმოქმედებს ის პრინციპი, რაზეც რეფორმა არის დაფუძნებული – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“. თუმცა, არავინ არაფერს არ აუქმებს. თუ ეს პრინციპი ამ საკითხთან მიმართებაში იქნება აქტუალური, მოცემულობა გვაქვს ის, რომ გარკვეული ფაკულტეტები გადავა მილევად რეჟიმში და მიღება დაიწყება დიპლომატიის აკადემიაში. ჯერ უნდა ვნახოთ, რა პროგრამების ავტორიზაცია მოხდება და ა.შ. ახლა მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით მისი დაფუძნება ხდება, ამას მოჰყვება მთელი პროცედურები, მათ შორის ავტორიზაციის პროცესიც, რომელიც ამ პროგრამებთან არის დაკავშირებული“, – განგვიმარტა გივი მიქანაძემ.

მედიის დამაზუსტებელ კითხვაზე, შეეხება თუ არა მილევად რეჟიმში გადასვლა მაგალითად თსუ-ის მონათესავე საგანმანათლებლო პროგრამებს, გივი მიქანაძე ამბობს:

„კი, ეს არის პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რომელიც ვრცელდება თბილისში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და ქუთაისში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. შესაბამისად, თუ ეს მიმართულება ავტორიზაციას გაივლის დიპლომატიურ აკადემიასთან მიმართებაში, იმ [სახელმწიფო] უნივერსიტეტიდან, სადაც ეს მიმართულება ისწავლება, გადავა მილევად რეჟიმში, ხოლო მიღება უკვე მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიის აკადემიაში“.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრი მილევად რეჟიმში „გარკვეული პროგრამების“ გადასვლას ვარაუდობს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვები აზუსტებს რომელი პროგრამების გაუქმებაა მოსალოდნელი დიპლომატიის მიმართულებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში:

„აკადემიას ორი ძირითადი საბაკალავრი პროგრამა ექნება – პოლიტიკის მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, სამაგისტრო პროგრამა თითოეულ საბაკალავრო პროგრამაზე, იქნება თითო-თითო და ამით შემოიფარგლება. შესაბამისად, სპეციალიზაცია იქნება საერთაშორისო ურთიერთობები, ან პოლიტიკის მეცნიერებები და ასევე სამაგისტრო პროგრამების მიმართულებით იქნება პოლიტიკის მეცნიერებები და დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები“, – თქვა ხათუნა თოთლაძემ 27 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში.

ამავე თემაზე:

რამდენ სტუდენტს მიიღებს დიპლომატიის აკადემია – პროგრამები, ბიუჯეტი, ხელფასები და ყველა სხვა დეტალი

საქართველოში დიპლომატიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქმნება – მთავრობის გადაწყვეტილება

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური