GE

შემოსავლის რა ნაწილს დაკარგავენ სახელმწიფო უნივერსიტეტები რეფორმის გამო? – განათლების სამინისტრო 700 მლნ ლარს ბიუჯეტში ითხოვს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, უმაღლესი განათლებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 700 მილიონ ლარს ითხოვს, ამის შესახებ მინისტრმა გივი მიქანაძემ 28 მაისს, ინტერპელაციის ფორმატში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, თუმცა თანხის განაწილებაზე განმარტება არ გაუკეთებია.

განათლების მინისტრს პასუხი უნდა გაეცა იმაზეც, თუ რა თანხებს კარგავენ საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტები უფასო სწავლების ამოქმედებით.

კითხვა ასე ჟღერდა: “რა თანხის მოთხოვნას გეგმავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2027 წლის ბიუჯეტისთვის? 2026 წლის ბიუჯეტში უმაღლესი განათლებისთვის გამოყოფილია, დაახლოებით, 650 მილიონი ლარი, აქედან 470 მილიონი არის უნივერსიტეტების საკუთარი შემოსავალი. თუ სწავლება უფასო ხდება, სახელმწიფო უნივერსიტეტები დაკარგავენ საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს. აქვს თუ არა სამინისტროს გაანგარიშებული, 2027-2029 წლების მიხედვით, შემოსავლის რა ნაწილს დაკარგავენ სახელმწიფო უნივერსიტეტები და გეგმავს თუ არა ამ დანაკარგის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებას; გქონდათ თუ არა ამ თემაზე კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან?”.

გივი მიქანაძის ნაწილობრივი პასუხი კი ასეთი იყო: 

“მოგახსენებთ, რომ 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის თანხის დაანგარიშება მოხდება მოქმედი დაფინანსების ფარგლებში. ხოლო 2027 და შემდეგი წლებისთვის მოთხოვნილი იქნება ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობიდან გამომდინარე. ამ მიმართულებით, ცხადია, რომ სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო. რაც შეეხება 2027-2030 წლების სამოქმედო გეგმის პროექტს, აქ ჩვენ შემდეგ წელზე წარდგენილი გვაქვს 700 მილიონ ლარზე დაფინანსების მოთხოვნა”.

განათლების მინისტრმა ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ ისაუბრა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე და თქვა, რომ აკადემიური პროგრამების განფასების მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – მათ შორის ვაშინგტონის, მიჩიგანისა და კოლორადოს უნივერსიტეტების პრაქტიკა.

„უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ განვითარებას. საბაზო დაფინანსება განისაზღვრება სტუდენტთა რაოდენობის, პროგრამების ღირებულებისა და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტების სტაბილური ფუნქციონირების, ინსტიტუციური მდგრადობისა და ფინანსური ავტონომიის უზრუნველყოფას.

ხოლო შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, დაკავშირებული იქნება უნივერსიტეტების მიერ კონკრეტული შედეგების მიღწევასთან, მათ შორის: განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, კვლევისა და ინოვაციების განვითარებასთან, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასთან და რეგიონული განვითარების ხელშეწყობასთან. აღნიშნული მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდისკენ, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარებისკენ“, – თქვა გივი მიქანაძემ.

ამავე თემაზე:

რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ

სახელმწიფო უნივერსიტეტების „შფოთვა“ დაფინანსებაზე და მინისტრის მოადგილის ხისტი პასუხი – როდის ამოქმედდება ახალი მოდელი

დეპუტატი: „განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური