სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მასშტაბურ საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, 2025 წლის 27-30 მაისს, საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა – მასშტაბურ აკადემიურ პლატფორმას, რომელმაც 25-ზე მეტი პროფესორი ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან გააერთიანა და შექმნა ინტერდისციპლინური სივრცე ქართული და საერთაშორისო აკადემიური წრეებისთვის.
კვირეული საზეიმოდ 27 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონია მოიცავდა მისასალმებელ სიტყვებს, უნივერსიტეტის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას, ასევე ოფიციალურ მიღებას.
ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, აკაკი ჭელიძემ, უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და პრორექტორმა, პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ.
განსაკუთრებული იყო საქართველოსა და სომხეთში წმინდა საყდრის ელჩის, მისი აღმატებულება მონსინიორ ანტე იოჟიჩის გზავნილი, რომელიც გახსნაზე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, შორენა პარუნაშვილმა გააჟღერა.
საერთაშორისო კვირეული 2025 გამორჩეული იყო თავისი მასშტაბით, თემატური მრავალფეროვნებითა და პროფესიული ღირებულებით – კვირეულმა გააერთიანა სხვადასხვა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- სამედიცინო განათლების გამოწვევები;
- თეოლოგია და რელიგიის კვლევები;
- ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები;
- განვითარების კვლევები;
- შედარებითი და ევროპული სამართალი.
კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული პროფესორები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან და ინდოეთიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღონისძიების საერთაშორისო მნიშვნელობას.
კონფერენციაზე წარდგენილი შერჩეული ნაშრომები რეცენზირების შემდეგ გამოქვეყნდება საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო გამოცემებში:
- „ორბელიანი“
- „დიალოგი“;
- Journal of Development Studies;
- Orbeliani Law Review;
- კონფერენციის ნაშრომების კრებული.
საერთაშორისო კვირეული მხოლოდ აკადემიური კონტექსტით არ შემოიფარგლებოდა, მოიცავდა სოციალურ-კულტურულ პროგრამებსაც, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა გაეცნოთ ქართული კულტურა და დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები არაოფიციალურ გარემოში.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო საქართველოში იტალიის ელჩი, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო და სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტი დაემატა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
ღია კარის დღე SABAUNI-ში – შენი პირველი ნაბიჯი დიდი შესაძლებლობებისკენ! by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები საბაუნის სტუმრობდნენ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი