სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი უკვე მეექვსე წელია წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტს – „სამეწარმეო იდეების კონკურსს“, რომელიც წლების განმავლობაში იქცა პლატფორმად, სადაც ასობით ახალგაზრდამ საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქცია.
პროექტის მიზანია არა მხოლოდ ნიჭიერი და ინოვაციური ახალგაზრდების აღმოჩენა, არამედ მათთვის იმ პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გადაცემა, რომლებიც თანამედროვე ბიზნეს გარემოში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ბიზნეს მარათონი ყოველწლიურად აერთიანებს სკოლებისა და უნივერსიტეტის მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ თავიანთი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შეცვალონ მომავალი. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით და მიიღონ რეალურ ბაზარზე ორიენტირებული ცოდნა, რაც იდეის განვითარებასა და მის ბიზნესად გარდაქმნას უწყობს ხელს.
2026 წლის მარათონის ფარგლებში, უნივერსიტეტი იწვევს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა გამოსცადონ საკუთარი ძალები ბიზნესის დაგეგმვასა და იდეის განვითარებაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი
ღონისძიების თარიღი: 30 აპრილი
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და სპეციალური სამოტივაციო საჩუქრებით.
ჟიური ბიზნეს იდეებს შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს:
1. ინოვაციურობა და მდგრადობა: რამდენად ახალი, განსხვავებული და გრძელვადიან პერსპექტივაში სიცოცხლისუნარიანია იდეა;
2. ბაზრის შესაბამისობა – რამდენად პასუხობს პროექტი რეალურ სიტუაციას და მომხმარებელთა საჭიროებებს;
3. განხორციელებადობა – რამდენად რეალისტურია იდეის პრაქტიკაში განხორციელება და ბიზნესად ქცევა;
4. ბიზნესმოდელი: რამდენად ლოგიკურად არის ჩამოყალიბებული შემოსავლის წყაროები, სტრატეგია და ბიზნესის ფუნქციონირების მექანიზმი.
„ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი ინოვაციური პოტენციალი. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას როგორც მომავალი ინოვატორებისა და მეწარმეების. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ქმნის იმ თაობას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში“, – აღნიშნავს პროფესორი თამთა მიქაბერიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.
ექვსწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ „ბიზნეს მარათონი“ მხოლოდ ერთჯერადი კონკურსი არ არის, ის წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტიციას მომავალ თაობაში. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს მეწარმეობის კულტურის განვითარებას როგორც საუნივერსიტეტო, ისე სასკოლო დონეზე და ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი იდეების რეალიზება.
მომავალი თაობის მეწარმეების აღმოჩენა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბიზნეს მარათონი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების მოტივაციასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ქალთა სოციალური და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
პირველად საქართველოში – სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით საბაუნიში
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი