GE

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში პროექტი „სახელმწიფოს მოდელირება“ წარმატებით ჩატარდა

19, 20 და 22 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო პროექტი „სახელმწიფოს მოდელირება“, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიური ჩართვა დემოკრატიული პროცესების გააზრებასა და პრაქტიკულ სწავლებაში.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებში სახელმწიფოს მოწყობის, მმართველობის ფორმებისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების პრაქტიკული გააზრება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სხვადასხვა სკოლის, დაახლოებით, 40-მდე მოსწავლემ, მათ შორის №147-ე, №113-ე და №62 საჯარო სკოლებიდან.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გადანაწილდნენ გუნდებად და წარმოადგენდნენ სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტსა და პოლიტიკურ როლს. მათ აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევდნენ როგორც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სფეროს კომპეტენტური სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს კონსულტაციასა და მხარდაჭერას პროცესის ყველა ეტაპზე უწევდნენ.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში, პოზიციების დაცვასა და საერთო გადაწყვეტილებების მიღებაში, იმავე ლოგიკით, როგორც ეს რეალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება. სწორედ ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ მისცა მათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით დაენახათ, რამდენად მნიშვნელოვანია არგუმენტირებული დიალოგი, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„სახელმწიფოს მოდელირება“ არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი, ეს იყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებმა რეალურად განავითარეს კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი, საჯარო გამოსვლის ტექნიკა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა. პროექტმა ხელი შეუწყო მათ ჩამოყალიბებას როგორც აქტიურ მოქალაქეებად, რომლებიც მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოების განვითარებაში.

პროექტის დასასრულს, მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი პრეზენტაციები, სადაც ასახეს მიღებული გადაწყვეტილებები, არგუმენტები და ხედვები ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით.

გამარჯვებულ გუნდს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი განაგრძობს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებში დემოკრატიულ ღირებულებებს, პასუხისმგებლობასა და ლიდერულ პოტენციალს აძლიერებს.

პროექტი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მოქმედი საგრანტო კონკურსის ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ორგანიზატორი იყო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტი სოფია რიგვავა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური