სხეულის ენა: 15 ყველაზე სახიფათო შეცდომა
არავისთვის არის საიდუმლო, რომ ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება ურთიერთობის პირველივე წამებში. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინი ქმნის, ასე ვთქვათ, საკუთარ აზრს თანამოსაუბრეზე პირველივეწამებიდან. იქამდე, სანამ ადამიანები გაიცნობენ ერთმანეთს, ტვინი აკეთებს წინასწარ დასკვნებს, ცდილობს რა შეაფასოს ადამიანი, გამოიცნოს მისი ქცევა და წინასწარ დაინახოს, როგორი რეაგირება მოახდინოს მასზე.
ამის შესახებ ბიზნესის ეფექტურობის ამაღლების მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ბერნარდ მარრი წერს.
პრინსტონის უნივერსიტეტის გამოკვლევების შედეგად ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ტვინის ამგვარი მუშაობა – გადარჩენის ევოლუციური მექანიზმია. იგი აკეთებს საკუთარ დასკვნას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. გარეგნული იერი, ჟესტები, ქცევა, ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არის ადამიანი სანდო, უსაფრთხო, ბუნებრივი და ა.შ.
“ამიტომაც, იმისათვის, რომ არ ვავნოთ საკუთარ თავს და არ შევუქმნათ სხვებს ცუდი შთაბეჭდილება ურთიერთობის პირველივე წამებიდან, საჭიროა ვიცნობდეთ ჩვენი სხეულის ენას. განსაკუთრებით ეს ეხება მნიშვნელოვან შეხვედრებს. თუ თქვენ მიხვედით გასაუბრებაზე, ითხოვთ ხელფასის მომატებას ან ხვდებით ახალ კლიენტებს, ზედმიწევნით ადევნეთ თვალი საკუთარი სხეულის ენას. შეხვედრის შედეგი დამოკიდებული იქნება თქვენი თანამოსაუბრის მიერ თქვენს აღქმაზე”, – ამბობს ბერნარდ მარრი.
მაშ ასე, სხეულის ენის მთავარი შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაუშვათ:
1. ნუ მიეყრდნობით ძალიან სავარძლის საზურგეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ზარმაცი და ქედმაღალი ხართ.
2. ზედმეტად წინ გადმოხრილი. ამგვარად თქვენ შეიძლება მოეჩვენოთ თანამოსაუბრეს აგრესიული. ეცადეთ მიიღოთ ნეიტრალური პოზა.
3. ნუ შეწყვეტთ სწრაფად თვალის კონტაქტს. ასეთი ჟესტი აჩვენებს, რომ თქვენ არ ხართ სანდო ადამიანი ან ზედმეტად ნერვიულობთ. შეინარჩუნეთ თვალის კონტაქტი, განსაკუთრებით ხელის ჩამორთმევისას.
4. არ მოგივიდეთ ზედმეტი თავის დაკვრა თანხმობის ნიშნად. შეიძლება გამოჩნდეთ, როგორც თოჯინა, რომელიც თავს იქნევს. თუ ეთანხმებით თანამოსაუბრეს, საკმარისია თავის დაკვრა ერთხელ.
5. ხელების მეტისმეტად ქნევა იწვევს აგრესიის შეგრძნებას.
6. გადაჯვარედინებული ხელები – ეს თავდაცვითი პოზიციაა. არ მიიღოთ ასეთი პოზიცია, განსაკუთრებით, როდესაც პასუხობთ კითხვებზე.
7. მოუსვენრობა უმალვე აჩვენებს, თუ როგორ ნერვიულობთ. მაქსიმალურად ეცადეთ ამას მოერიდოთ.
8. ნუ გექნებათ ხელები ზურგს უკან ან ჯიბეებში. შეიძლება გამოჩნდეთ ჯიუტი. ეცადეთ იყოთ ბუნებრივი. ხელები გქონდეთ ჩამოშვებული.
9. ნუ გადაიტანთ მზერას მაღლა, არ მიმოიხედოთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობთ, ან იტყუებით.
10. დაჟინებული მზერა აღიქმება როგორც აგრესია, აკონტროლეთ თქვენი მზერა.
11. გაიღიმეთ. გაქვავებული სახე აიძულებს ადამიანებს თავი უხერხულად იგრძნონ. იბადება კითხვა – გსურთ კი საერთოდ აქ ყოფნა. აჩვენეთ გულწრფელი ღიმილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს პირველად ხვდებით.
12. არ დაიხიოთ უკან, როდესაც ითხოვთ გადაწყვეტილების მიღებას. ამგვარი მოქმედება აჩვენებს შიშს ან არადამაჯერებლობას. იდექით ადგილზე, ან გადადგით მცირედი თავდაჯერებული ნაბიჯი წინ.
13. ნუ დაიჭერთ ხელებს ხელისგულებით მაღლა, ეს წააგავს მათხოვრობას და აჩენს სისუსტეს.
14. ნუ იდგებით დოინჯშემორტყმული, ეს აგრესიის სიგნალია.
15. ნუ უყურებთ გამუდმებით ტელეფონს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ გაინტერესებთ ან თქვენ უკვე სხვა ადგილზე გელიან. გარდა ამისა, ეს უკვე ეტიკეტის ნორმების უცოდინრობაა.
მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ? ისწრაფეთ, რომ თქვენი პოზა ყოველთვის გამართული იყოს. იდექით სწორად, ხელები გქონდეთ ჩამოშვებული, თუ ზიხართ – დაიწყვეთ ხელები მუხლებზე. მზერა, ღიმილი და თავად თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ ბუნებრივად.
“თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ მოცემული სიიდან გაქვთ პრობლემა ერთ, ან ორ ჟესტთან, ივარჯიშეთ დამოუკიდებლად სარკის წინ ან მეგობართან, რომელიც შეძლებს შეგახსენოთ თქვენი შეცდომის შესახებ ყოველ ჯერზე, როდესაც მას დაუშვებთ, იქამდე, სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის კონტროლს”, – ამბობს ექსპერტი.
წყარო:ubr.ua