GE

„თანამედროვე სკოლას სხვა ტიპის კადრები სჭირდება“ – რა უბიძგებთ ახალგაზრდებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლისკენ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის ბოლო განახლებული მონაცემებით, მასწავლებელთა საერთო რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 62 981 შეადგენს, მათგან 54 945 დასაქმებულია საჯარო, 6 971 კი – კერძო სკოლებში. თუ წინა წლების მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. 2018-2019 წლებამდე საქართველოს 67 344 მასწავლებელი ჰყავდა, ყველაზე მეტი კი 2009-2010 წლებში – 79 891. ოფიციალური სტატისტიკა სკოლაში დასაქმებულთა ასაკობრივი მონაცემების შესახებ არ მოიპოვება, ამიტომ შეუძლებელია თქმა, ამ ეტაპისთვის რამდენი ახალგაზრდა მასწავლებელია დასაქმებული სისტემაში.

სალომე პაპიაშვილი 25 წლის ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველია, რომელმაც 2022 წლის ზაფხულის გამოცდა ისტორიის საგანში ჩააბარა. ის ახლა გადის იმ გზას, როცა პროფესიაში უნდა შევიდეს. ისტორიის საგნის გამოცდის შედეგით კმაყოფილია და მოსწავლეთა მრავალფეროვანი აუდიტორიის გასაცნობად ემზადება. სალომეს მასწავლებელთა რაოდენობის კლებაზე ვკითხეთ და მოვისმინეთ თავად რამ უბიძგა მასწავლებლობისკენ და რა უბიძგებთ სხვა ახალგაზრდებს.

– სალომე, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, ალბათ უკვე გქონდათ სხვა სამსახურში დასაქმების გამოცდილება, რატომ შეარჩიეთ მასწავლებლის პროფესია, ინტერესის გამო თუ ასევე უყურებთ, როგორც მყარ სამსახურსა და შემოსავლის წყაროს, მოკლედ რომ გვითხრათ, რა უბიძგებთ ახალგაზრდებს პროფესიაში შესვლისკენ?

– ვარ ისტორიის ბაკალავრი. ისტორიკოსისთვის კი ალბათ, ყველაზე ლოგიკურია, გააგრძელოს სამეცნიერო საქმიანობა, რის შესაძლებლობასაც სკოლაც იძლევა. ამიტომ ვფიქრობ, მასწავლებლობა ჩემთვის პირველი პროფესიის განვითარებაა. გეტყვით, რომ უკვე სამი წელია ვამზადებ აბიტურიენტებს, დაუსაქმებლად არ ვგრძნობ თავს. ბევრისგან მსმენია – „მასწავლებლობა ხელფასების გამო სურთ“, „მასწავლებლის ხელფასები იზრდება და მსურველებიც გაჩნდნენ“… მგონია, რომ არ უნდა იყოს პრობლემა მუდმივ და მყარ შემოსავალზეც იფიქრო. არაფერია უცნაური, რომ ყველა პროფესიის ადამიანს უნაზღაურდებოდეს შრომა და მასწავლებლებსაც ჰქონდეთ ხელფასი. ვთვლი, რომ მაქვს უნარები, რომლებიც დამეხმარება სკოლაში მოსწავლეს დავანახო, რომ ცოდნით, მეგობრობითა და შრომით აბსოლუტურად ყველას შეუძლია მიზნის მიღწევა. ყველა მასწავლებლობის მსურველს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მიზეზი, რატომ სურთ მასწავლებლად მუშაობა – გაზრდილი ხელფასების, ოჯახის სურვილის, ბავშვების სიყვარულის გამო…

პირველ რიგში, ეს პროფესია ავირჩიე ჩემი დიდი სურვილის გამო, გავიმეორებ, ვთვლი, რომ არის მყარი სამსახურიც და შემოსავლის წყაროც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოტივაციისთვის, როცა შენი შრომა გიფასდება, უფრო მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება და მასწავლებლობა ამის საშუალებას გაძლევს.

– სხვა ახალგაზრდებს თუ იცნობთ, ვისაც ასევე სურს მასწავლებლობა და უჭირთ დასაქმება, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მარტივად შეძლებთ სკოლაში მუშაობის დაწყებას?

– რა თქმა უნდა, ვიცნობ ძალიან ბევრს, მათაც, ვინც უკვე გახდა მასწავლებელი და მათაც, ვინც სამწუხაროდ ისევ ეძებს სამსახურს. არიან გარკვეული კატეგორიის ადამიანებიც, ვინც სხვა სფეროში ვერ რეალიზდა და სჭირდება შემოქმედებითი სივრცე, რის შესაძლებლობასაც პედაგოგიკა იძლევა. ასევე, მასწავლებლების დიდი ნაწილი უკვე წლებია არის პროფესიაში და ბევრ მათგანს ჩემი ასაკის სამუშაო სტაჟიც აქვს. რასაკვირველია, არც სურთ სამუშაოს დატოვება თუნდაც ასაკში და ეს ძალიან კარგად მესმის. ამიტომ, სასურველი ვაკანსიებიც, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს შეიძლება იყოს და თანაც კარგ სკოლაში, არც ისე ბევრია, ხოლო თუ არის, საკმაოდ დიდი კონკურენციაა. პირადად მე ვიცი, რომ არც ამ სფეროში იქნება მარტივი დასაქმება. უამრავი ნაბიჯი მაქვს გადასადგმელი და ამისთვის მზად ვარ.

– რას ფიქრობთ ნეპოტიზმზე, რომლითაც სერტიფიცირებული და დაუსაქმებელი პედაგოგები სკოლაში დასაქმების პრობლემას ხსნიან, არის ეს ხელის შემშლელი ფაქტორი თქვენთვის და ზოგადად, ახალგაზრდების მასწავლებლის პროფესიაში შესვლისთვის?

– 3 წელია, რაც უნივერსიტეტი დავასრულე და ვიცი, რომ ამ სფეროშიცაა ნეპოტიზმი და არის სხვადასხვა შემთხვევა ნათესავების, ახლობლებისა და ოჯახის წევრების დასაქმების. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ბარიერს, რადგან შესაძლოა, გასაუბრების დროს არაკონკურენტუნარიან და არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდეთ. ალბათ, ასეთ სკოლაში დასაქმებას არ ვისურვებდი. თანამედროვე სკოლას სხვა ტიპის კადრები სჭირდება, ვინც იცავს კანონებს და პატივს სცემს თანასწორობის ედეას. იმავეს ვურჩევდი სხვებსაც. მგონია, რომ თუ ნეპოტიზმით აიყვან კადრს, უკვე არაჯანსაღ გარემოს შექმნი სხვა თანამშრომლებისთვის და მუდმივი სტრესის ფონზე მოუწევთ მუშაობა, რასაც არ ვისურვებდი.

– მასწავლებელთა რაოდენობა იკლებს. ასეთ ფონზე, ისურვებდით თუ არა, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო გამარტივებული იყოს პროფესიაში შესვლა და ხელფასითაც წახალისებული?

– მგონია, რომ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია და ე.წ 60 კრედიტიანი პროგრამის გავლაც, რომ ნებისმიერი მასწავლებლობის მსურველი მომზადებული იყოს, როცა სკოლაში შევა და ამიტომ არ ვარ მომხრე გამარტივების. ეს განათლების ხარისხზე უარყოფითად იმოქმედებს. რაც შეეხება ხელფასსა და მოტივაციას, მასწავლებელი რეალურად იმაზე ბევრად ნაკლებ ხელფასს იღებს, ვიდრე უნდა იღებდეს და ასე იქნება ყოველთვის, რადგან ესაა პროფესია, რომლის ფასსაც ვერ გადაიხდი, თუმცა მოტივაციისთვის წახალისება ცუდი არ იქნება. სტატისტიკასა და კლებას რაც შეეხება, დიახ, იკლებს და მეც ვიცი რიგი შემთხვევები, როცა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სწორედ იმიტომ, რომ რთული აღმოჩნდა, შრომატევადი, სტრესული და დაუფასებელი. მათ დაიწყეს სხვა სამსახური და გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს. ზოგადად, მასწავლებლობა საკმაოდ დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ვისაც ამის სურვილი გვაქვს და არც პროფესიის შეცვლას ვგეგმავთ, ვფიქრობ, უფრო დაფასებული უნდა ვიყოთ.

– როგორც მომავალი მასწავლებელი, რით გამოარჩევ საკუთარ თავს სხვა პედაგოგებისგან, შენს ძლიერ მხარეებს თუ ხედავ სხვებთან შედარებით?

– გამოვარჩევდი იმით, რომ ვარ ისტორიის ბაკალავრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო შედეგით დავასრულე და არ მგონია, არ მქონდეს გამოცდილება, რადგან მყავს კერძო მოსწავლეები, ძალიან ბევრს ვკითხულობ და ვმუშაობ საკუთარ თავზე. ახლა რაც მჭირდება, ესაა კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნის შეძენა, გამოცდილების გაზიარება კოლეგებისგან და მუშაობა მოსწავლეთა ფართო აუდიტორიასთან. ის რომ ახალგაზრდა ვარ, ამას არ ვთვლი ჩემს პრიორიტეტად, რადგან ამ სფეროში მთავარი გამოცდილებაა. რადგან ეს მესმის და მოტივაციაც მაქვს, ალბათ, ეს არის ჩემი ძლიერი მხარე, ასევე, დიდი სურვილი და სიყვარული იმ პროფესიის, რომლის ნაწილიც მინდა ვიყო.

– და ბოლოს, სალომე, როგორ ფიქრობთ, რა არის ან როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებლის როლი და მისია?

– კარგი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს კარგი პიროვნება, უნდა შეეძლოს მოსწავლესთან მეგობრობა და ამის შემდეგ ის კარგად უნდა ფლობდეს საკუთარ საგანს. ხშირად მომისმენია ჩემი მოსწავლეებისგან – „მასწავლებელმა შემაყვარა საგანი”, „თქვენსავით მეც მასწავლებელი მინდა გავხდე”… ამ ფრაზებით ყველაფერია ნათქვამი, კარგი მასწავლებელი ყველა მოსწავლის პატივისცემას იმსახურებს. ამასთან, კარგი მასწავლებელი სამართლიანია, არის მხიარულიც, ემოციურიც და ყურადღებიანიც. უტაქტოდ არ საუბრობს და მოსწავლეს შენიშვნებს საჯაროდ არ აძლევს. მე ვფიქრობ, რომ კარგ მასწავლებელს ეს არ ავიწყდება – ყველანი თანასწორნი ვართ. კარგი მასწავლებელი არის გამგები სხვა ყველაფერთან ერთად, ალბათ არც ეს უნდა დაგვავიწყდეს. მხოლოდ კომპეტენციის ქონა არცერთი გამორჩეული მასწავლებლის პრიორიტეტი არ ყოფილა. ასეთ მასწავლებელს კი, რომელზეც მე ვსაუბრობ, უდიდესი როლი აქვს, შეცვალოს მოსწავლის დაბალი მოტივაცია და მისცეს პოზიტიური განათლება, რაც დღეს ჩვენს სკოლას ყველაზე მეტად სჭირდება.

ასევე იხილეთ:

რატომ ფიქრობს პედაგოგთა უმეტესობა, რომ მასწავლებლის ხელფასი მაინც მათი „საძულველი“ გამოცდით უნდა განისაზღვრებოდეს? – EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვა

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური