რატომ ფიქრობს პედაგოგთა უმეტესობა, რომ მასწავლებლის ხელფასი მაინც მათი „საძულველი“ გამოცდით უნდა განისაზღვრებოდეს? – EDU.ARIS.GE-ს გამოკითხვა
ხელფასის მომატების სხვა საშუალება არ არსებობს მასწავლებლებისთვის, თორემ არავის ეხალისება ამ გამოცდის ჩაბარება – ასეთი განცდით გადის მოქმედი პედაგოგების ნაწილი 2022 წლის გამოცდაზე, რომლითაც სტატუსიც უნდა აიმაღლონ და ხელფასიც გაეზარდოთ. მათთვის გამოცდის ჩაბარება საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ბრძოლის ერთადერთი გზაა.
რამდენად სწორია სახელმწიფოს მიდგომა მასწავლებლებისადმი, როდესაც ამ ფორმით, გამოცდების ჩაბარებით იბრძვიან საკუთარი კეთილდღეობისთვის და თავად როგორ წარმოუდგენიათ, რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება? – ამ კითხვებით EDU.ARIS.GE-მ პედაგოგებს მიმართა და გვქონდა მოლოდინი, რომ მასწავლებლებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ და აპროტესტებენ მომაბეზრებელ გამოცდებს, მრავალფეროვანი იდეები ექნებოდათ, რაზე უნდა იყოს მიბმული მასწავლებლის ანაზღაურება თუ დანამატი. შევცდით, ჩვენ მიერ გამოკითხული პედაგოგების უმეტესობას სინამდვილეში სწორედ გამოცდით წარმოუდგენია საკუთარ ანაზღაურებასა და კეთილდღეობაზე ზემოქმედება, თუმცა არიან გამონაკლისებიც. პედაგოგთა ის ნაწილი, რომელიც ამართლებს მოცემულ რეალობას, მიიჩნევს, რომ გამოცდების გარეშე სათუო გახდება, ვინ არის უფრო მაღალი სტატუსისა და ხელფასის ღირსი. ნაწილი კი თვლის, რომ მუდმივად გამოცდების რეჟიმში ყოფნა შეურაცხმყოფელია და ამ ფორმით არ უნდა ისაზღვრებოდეს მათი ფინანსების ზრდა.
„დიპლომის კომპეტენციის დადასტურება გვიწევს მუდმივად. ეს პროფესიული თვალსაზრისით კარგია, რადგან მუდმივად მზადყოფნაში ვართ, ვვითარდებით. თუმცა ხელფასი და კეთილდღეობა პედაგოგისა, გამოცდებზე მაინც არ უნდა იყოს დამოკიდებული, რაიმე სხვა სქემაა ამისთვის საჭირო“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თბილისის 118-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა თამარ მხეიძემ.
კიდევ ერთი პედაგოგი, თბილისის 142-ე საჯარო სკოლიდან, ხათუნა ირემაძე, რომელიც 14 ივნისს, მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე გავიდა, ამბობს, რომ მასწავლებლის ხელფასი მიბმული უნდა იყოს მის მოსწავლეებთან დამდგარ შედეგებზე, მუშაობაზე და არა გამოცდაზე. მისთვის პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება თავისთავად კარგ მასწავლებელს არ ნიშნავს.
„მეტნაკლებად დადებითად ვუყურებ გამოცდების პროცესს, მაგრამ ასეთი ბრძოლა არ უნდა უწევდეს მასწავლებელს და ალბათ უფრო სხვა კრიტერიუმებით უნდა აფასებდნენ. რაც მე მენტორობის გამოცდაზე დავწერე, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა გამოცდილმა პედაგოგმა იცის და აქვს ეს უნარები, მაგრამ თითქოს უნდობლობას გიცხადებენ რაღაცნაირად და გიწევს ბრძოლა ამ ფორმით იმისათვის, რომ შენ ცოტა მეტი ანაზღაურება გქონდეს და ეს მასწავლებელს არ უნდა სჭირდებოდეს. იმდენი პრობლემა, იმდენი საქმე და იმდენი სხვა რამ გვაქვს საკეთებელი, მუდამ გამოცდებზე არ უნდა ვფიქრობდეთ და გამოცდიდან გამომდინარე არ უნდა დგინდებოდეს ჩვენი ხელფასი. აშკარად რაიმე სახვაა მოსაფიქრებელი“, – ამბობს ხათუნა ირემაძე.
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს თბილისის 47-ე საჯარო სკოლიდან, მაია ჩიკვაიძეს გამოცდებზე სიარული სულაც არ უქმნის უხერხულობას და ამბობს, რომ ეს პროცესი უყვარს კიდეც, რადგან ზოგადად ცხოვრებაა ერთი დიდი გამოცდა. იმ მასწავლებლებზე კი, რომლებიც გამოცდებს გაურბიან და ერთულებათ, გვეუბნება:
„შენ რაღაც სირთულეებს გაურბიხარ, გეშინია და ვერ გადიხარ გამოცდაზე, როგორ უნდა მოამზადო შენი მოსწავლე ცხოვრებისთვის? რა თქმა უნდა, ხელფასი სწორედ ასეთ გამოცდებზე უნდა იყოს მიბმული. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ გარკვეული სქემა უნდა არსებობდეს. იმისათვის, რომ ხარისხიანი განათლება მივცეთ ბავშვებს, ჩვენც უნდა გვქონდეს შესაბამისი ცოდნა სწავლების თანამედროვე სტრატეგიებთან დაკავშირებით და ა. შ. ამ ყველაფრის განვითარებას სჭირდება გარკვეული ფორმა. თუ ეს ფორმა იქნება ტრენინგი და გვეტყვიან, იცით რა, თუ გინდათ წადით ტრენინგზე, თუ გინდათ არ წახვიდეთ, ანუ თუ გინდათ განავითარეთ საკუთარი თავი და თუ გინდათ, არაო, ჩვენ ჩვენი ნებით შეიძლება ეს არ გავაკეთოთ. ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოსგან რაღაც კონკრეტული სქემა და სტანდარტი“.
მაია ჩიკვაიძის აზრით, გამოცდა, რომელიც წამყვანის და მენტორის სტატუსის მოპოვებისთვის ჩატარდა, „ბევრ რამეს გამოავლენს“.
„მართალია, დრო ცოტა გვქონდა სასწავლად და ა. შ., მაგრამ გამოცდის შედეგები აჩვენებს იმას, რა და როგორ შეგიძლია პედაგოგებს, რომ გადავცეთ ბავშვებს. ამ გამოცდის შემდეგ რომ მერე სკოლაში დაკვირვებაც ემატება, ეს ყველაფერი განამტკიცებს ამ ჩვენს ცოდნას და შესაძლებლობას – გადაგვაქვს თუ არა ეს ცოდნა სასკოლო სივრცეში. ამიტომ, ამ კომპლექსურობას ვეთანხმები და დიახ, უნდა იყოს მიბმული ხელფასის ზრდა გამოცდის ჩაბარებაზე“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მაია ჩიკვაიძემ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, ლალი კუპრაშვილიც ამბობს, რომ გამოცდების ჩაბარება უყვარს და მისთვის მისაღებია, ამ სახით დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისად იზრდებოდეს პედაგოგის ანაზღაურება და იმ მასწავლებლებს, რომლებიც „არ ვითარდებიან“, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ ისეთივე ხელფასი, როგორიც სტატუსის მქონეებს. მისთვის ასევე მისაღებია, რომ მასწავლებლის განსავითარებლად სხვა ხერხებიც იქნას გამოყენებული.
„კარგია გამოცდები რომ ტარდება, რადგან ცოტა დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ ამ სტრესის გარეშეც შეიძლება მისცე მასწავლებელს მოტივაცია, რომ განვითარდეს. უნდა იყოს ტრენინგები, რომელიც არ იქნება ფასიანი და ზოგისთვის – ხელმისაწვდომი, ზოგისთვის – არა. ტრენინგებზეც შეიძლებოდა გაგვევლო ის საკითხები, რაც გამოცდაზეა. ამ დროს კი მასწავლებლებმა ძალიან ბევრი ფული გადაიხადეს ისეთი რაღაცების სწავლაში, რომელიც სულაც არ იყო გამოცდის საკითხებში შესული. სკოლაში მონიტორინგი ჩაატარონ და თუკი მასწავლებელი კვალიფიციურია, კარგად ატარებს გაკვეთილს, თანამედროვე მიდგომები აქვს და ორიენტირებულია მოსწავლეზე, მას მისცენ სტატუსიც და კარგი ხელფასიც. 21-ე საუკუნეში ბავშვები არ არიან ისეთი გაკვეთილებით კმაყოფილნი, რაც კომუნისტების დროს იყო, სიახლეები უნდათ. სიახლეებს კი გამოცდით კი არა, ტრენინგებით უფრო გავიგებთ“, – ამბობს ლალი კუპრაშვილი.
სოფიო დაშნიანი, რომელიც ინგლისურ ენას ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასწავლის და კომპეტენციის ასამაღლებლად გამოცდაზეც გავიდა, თვლის, რომ სწორედ ასეთი სახის გამოცდები უნდა განაპირობებდეს მასწავლებლის კომპეტენციის გაზრდას და ხელფასის მატებასაც, რომელის ოდენობაც, კერძო სკოლის შემთხვევაში მისი დირექციის გადასაწყვეტია.
თბილისის 99-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ნანა სოზაშვილმა ასევე გვითხრა, რომ გარკვეული ტიპის გამოცდები აუცილებლად უნდა არსებობდეს და იმ აქტივობებსაც უნდა ახორციელებდეს პედაგოგი, რომელიც ახლაა რეკომენდირებული.
„მხოლოდ გამოცდით – არა, მერე, გაკვეთილზე ჩატარებული გარკვეული აქტივობებითაც უნდა დასტურდებოდეს მასწავლებლის კომპეტენცია. მომწონს ის აქტივობები, რაც გამოცდის მერე ევალებათ გასაკეთებლად. დირექტორის მოადგილე ვარ და მასწავლებლებს ჩვენც ვაკვირდებით. ამ გამოცდების სახით ზემდგომი ორგანოები თუ დაგვაკვირდებიან და ასე განვვითარდებით, რატომაც არა, სხვანაირი მოტივაციაა ეს, როცა იცი, რომ ვიღაც გამოწმებს“, – უთხრა EDU.ARIS.GE–ს ნანა სოზაშილმა.
იმას, რომ გამოცდაზე გასვლა ხელფასის გამო გადაწყვიტა, ჩვენთან საუბარში არ მალავს თბილისის 165-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ასმათ ჩხუბიანიშვილი. მისი აზრით, როდესაც ხელფასისთვის იბრძვი, ბევრი რამ გვერდით გრჩება. ამ დროს კი ადამიანს კარგი ხელფასი სჭირდება, რომ თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს.
„ყველაფერი, რაც წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზეა მოცემული, თუ შენში არ არის, ვერც იქნები პედაგოგი. შეიძლება კონკრეტული აქტივობის სახელი არ იცოდე, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც იყენებ სასკოლო ცხოვრებაში. 34 წელია, სკოლაში ვარ და თუ ამ საკითხებზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, მაშინ არც არაფერი მცოდნია. ბევრი წელია, მასწავლებლები ამ ხელფასისთვის იბრძვიან, დიახ, ეს ერთგვარი ფრონტია. ამ დროს კი მასწავლებელს გევალება, აღზარდო მოქალაქე. მათემატიკას თუ ინგლისურს ისწავლის თუ არა, მეორე საკითხია, მთავარი კი კარგი მოქალაქის აღზრდაა. სკოლაში სტერეოტიპის ოჯახში აღზრდილი ბავშვი გხვდება, სხვადასხვა რელიგიის და მასწავლებლებს დიდი შრომა უწევთ. ამიტომაც, ყველას ეკუთვნის კარგი ხელფასი. ამის მიუხედავად, მე არ მახსოვს, მასწავლებელი ქუჩაში გამოსულიყოს და ეყვიროს, ხელფასი მომიმატეთო. ყველაზე გამოცდილ მასწავლებელსაც სჭირდება ხანდახან „შეფხიზლება“ და ეს უნდა იყოს არა გამოცდის, არამედ ტერენინგების თუ კურსების სახით“, – ასმათ ჩხუბიანიშვილი.
159-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლალი ხუციშვილი ფიქრობს, რომ მასწავლებელს სკოლა უნდა გამოარჩევდეს დამსახურების მიხედვით და არა გამოცდა:
„ყველა ეტაპი გავიარე და ამ ბოლო ეტაპის გამოცდასაც შევეჭიდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ მასწავლებლის დამსახურება სკოლაში უნდა იზომებოდეს და არა გამოცდაზე. სკოლის დირექცია, მშობლები, მოსწავლეები უნდა წყვეტდნენ მასწავლებლის კომპეტენციას და ხელფასიც ამის მიხედვით უნდა ინიშნებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვფიქრობთ ბევრნი, მაინც ავყევით და მივდევთ ყვოველგავრ გამოწვევას, რასაც გვთავაზობენ”.
EDU.ARIS.GE -სთან ათეულობით პედაგომა გამოთქვა აზრი, რომ გამოცდების ჩაბარება მათთვის დამცირების ტოლფასია და რომ ისინი ისედაც არიან ღირსნი მაღალი ხელფასი ჰქონდეთ.
„გამოცდაზე იმისთვის მოვედი, რომ ხელფასი მომემატოს. გაკვეთილზე მე ეს ყველაფერი არ მჭირდება. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ განათლება, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის არის საჭირო და მასწავლებლების დაფინანსება უმაღლესი უნდა იყოს და არა ასეთი ბრძოლით მოიპოვებდეს. ტრენინგები კარგი, მაგრამ ასეთი სტრესული გამოცდა? კიდევ იცით რის მიხედვით უნდა განისაზღვროს პედაგოგის ხელფასი? სტაჟის მიხედვით“, – ასეთია მრავალი პედაგოგის აზრი, რომელიც მათ ჩვენთან საუბარში გამოთქვეს. ისინი თავიანთ ვინაობას მალავენ და ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რამდენად თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეების აღზრდა შეუძლია მასწავლებელს, რომელიც თავის აზრს ღიად ვერ აფიქსირებს?
2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. აქედან, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის სურვილი კი, 12 500-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოცდაზე მასწავლებლების დაახლოებით 15% არ მიდის. ნაწილი იმ პედაგოგებისა, ვინც სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე არ დარეგისტრირდა, კოლეგებს სოციალური ქსელით მოუწოდებდა, რომ გამოცდაზე არ გასულიყვნენ.
ასევე იხილეთ:
„მოქმედი პედაგოგისთვის ზღვარი მეტი უნდა იყოს“ – სტუდენტი მასწავლებლის გამოცდიდან
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება