GE

თბილისის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სკოლას თაღლითობაში ადანაშაულებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზარინა ალიხანოვასა და ბრიტანულ-ქართულ სკოლას შორის დავა მიმდინარეობს. მოქალაქე, რომელიც სკოლის ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლის მშობელია, სასწავლებელში 7 წლის მანძილზე გადახდილი თანხის უკან  დაბრუნებას ითხოვს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სწავლის საფასურის გაძვირების გამო, შვილის საჯარო სკოლაში გადაყვანა გადაწყვიტა, აღმოაჩინა, რომ კერძო სკოლა აკრედიტებული არ არის. ამ მიზეზის გამო მოზარდს ექსტერნის გამოცდების ჩაბარება დასჭირდა. სასამართლო დავის შესახებ ზარინა ალიხანოვამ და მისმა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებთან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ძვირადღირებული სკოლა, რომელიც მდებარეობს ლისის ტბასთან, დირექტორია ნათია ჯანაშია, სადაც სწავლის საფასური მერყეობს 7000-დან 12 ათას დოლარამდე. იქ სწავლობენ როგორც საქართველოს მოქალაქეების შვილები, ასევე ბავშვები უცხოელი დიპლომატების ოჯახებიდან, რომლებიც არ ფლობენ კარგად ქართულ კანონმდებლობას. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული რომ, სკოლას არ გააჩნია აღიარება ან ლიცენზია განათლების სამინისტროსგან. ამბობენ, რომ გასცემენ სერტიფიკატს და არა ატესტატს, რომელიც ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემაში სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულს, მაგრამ თუ თქვენი შვილი დაამთავრებს ამ სკოლას, ის საქართველოში ვერც ერთ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარებს. 2017 წლიდან ყველა მსგავსი კატეგორიის სკოლისათვის სავალდებულო გახდა აღიარება, დღემდე ამ სკოლას ასეთი აღიარება არ აქვს გავლილი. მივმართავთ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, შეუჩეროს ამ სკოლას ლიცენზია, დაიცვას ასობით მოსწავლის და ოჯახის უფლებები და არ მოხდეს მათი დაზარალება ისე, როგორც ზარინა ალიხანოვას შემთხვევაში მოხდა. სწავლის საფასურის მორიგი გაძვირების გამო, მან ბავშვი გადაიყვანა საჯარო სკოლაში, თუმცა იქ უთხრეს, რომ 7 წელი ისწავლა ტყუილად და ექსტერნად 5-6 წლის გამოცდების ჩაბარება მოსთხოვეს. ეს იყო დამატებითი სტრესი ბავშვისთვის, რადგან ის არაქართულენოვანი მოსწავლეა, ენის ბარიერის გამო, ყველა გამოცდა ვერ გადალახა და ერთი წლით უკან დასვეს კლასში. მე ვიცი, რომ სხვა მშობლებსაც აქვთ ამ სკოლასთან დაკავშირებით პრეტენზიები“, – აცხადებს ზარინა ალიხანოვას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

EDU.ARIS.GE შეეცადა სკოლას დაკავშირებოდა, თუმცა ქალაქის ნომერზე ავტომოპასუხე გვეუბნება, რომ ჩვენ არასამუშაო საათებში ვრეკავთ, მობილურ ნომერზე კი არ გვპასუხობენ.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური