GE

ქართულში ტესტის რომელი ვარიანტი შეიძლება გამოცხადდეს რთულად და როგორია სპეციალისტის შეფასება 2024 წლის დავალებებზე

„ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები, რომ მთავარია არა ის, თუ რის შესახებ წერ, არამედ ის, თუ როგორ წერ. ამიტომ ვურჩევ აბიტურიენტებს, მეტი იკითხონ, რათა უკეთ წერონ“, – უთხრა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა და რეპეტიტორმა მასწავლებელმა, მაიკო ღლონტმა EDU.ARIS.GE-ს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართულის ტესტების შეფასებისას.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულოა. იმისთვის, რომ აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბაროს გამოცდა, მან უნდა გაასწოროს მოცემული ტექსტი, გაიაზროს ნაწარმოები და დაწეროს წერითი დავალება.

წელს, როგორც სხვა წლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 5 სესიად ჩატარდა. აბიტურიენტებს მათთვის ნაცნობი და უცნობი ტექსტები შეხვდათ. არჩევანი თავად გააკეთეს თუ რომელ მათგანს შეასრულებდნენ. საინტერესო იყო წერითი დავალების თეზისები, რომლებსაც ზოგი ბავშვი რთულად, ზოგი კი მარტივად მიიჩნევდა.

EDU.ARIS.GE-სთან ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და რეპეტიტორი, მაიკო ღლონტი ქართულის ტესტში მოცემული თემების შესახებ საუბრობს, მათ სირთულესა და აქტუალობას აფასებს და აბიტურიენტების უნარებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„როგორც მოგეხსენებათ, ტესტი სამი დავალებისგან შედგება. პირველი დავალება ტექსტის რედაქტირებაა. წელს მოცემული იყო ხელოვანთა ბიოგრაფიები. ვფიქრობ, ეს დავალება არ იყო რთული შესასრულებელი. ადვილად შესამჩნევი იყო ყველა შეცდომა. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები გამოცდას განსაცდელად აღიქვამენ. ამიტომაც უშვებენ შეცდომებს. ხშირად, სწორი ფორმები არასწორად ეჩვენებათ. უჭირთ განკერძოებული განსაზღვრების ჩვეულებრივისაგან გარჩევა და სვამენ ზედმეტ მძიმეს“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას მასწავლებელი.

რაც შეეხება მეორე დავალებას, რომელიც ტექსტის გააზრებაა და რომელიც აბიტურიენტის ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების უნარს ამოწმებს, პედაგოგი ფიქრობს, რომ ეს უკანასკნელი არც ისე მარტივი დავალებაა, როგორც ბევრს ჰგონია.

„რთული იყო მეოთხე ვარიანტის კითხვები. ეს განპირობებული იყო ერთი კონკრეტული შეკითხვის სირთულით, თუმცა საერთო ფონი ერთნაირი იყო“, – აღნიშნავს რეპეტიტორი.

შეკითხვა, რომელზეც ის გვესაუბრება, მეორე დავალებაში დასმული შემდეგი კითხვაა: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით: „რომელ ფრაზაშია გამოყენებული სიტყვა ბოროტება?“.

როგორც ქალბატონი მაიკო გვიხსნის, სავარაუდო პასუხები, შესაძლოა, რთული ყოფილიყო აბიტურიენტისთვის, ძველ ქართული სიტყვების გამო.

„რაც შეეხება მესამე დავალებას, ძალიან მკაფიოდ და ნათლად იყო პირობა ჩამოყალიბებული. ყველა თეზისი შეესაბამებოდა ტექსტს და თემის აქტუალობის დასაბუთება არ იყო რთული. ყველა ვარიანტის თხზულების დაკავშირება კარგად შეიძლებოდა თანამედროვეობასთან. გამოვყოფდი „დიდოსტატის მარჯვენაში“ მოცემულ ეპიზოდს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მკაფიო ილუსტრაციაა. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად და მკაფიოდ არის მოცემული დავალების პირობა“, – დასძენს მასწავლებელი წერით დავალებაში მოცემულ თეზისებთან დაკავშირებით.

როგორც თავად ამბობს, ყველა ტესტი თანაბარი სირთულისაა, თუმცა ფიქრობს, რომ რთულად მეოთხე ვარიანტი გამოცხადდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ავტორები: მარიამ ბარამიძე, EDU.ARIS.GE

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური