დონალდ ტრამპმა განათლების ფედერალური დეპარტამენტის დახურვის განკარგულება გამოსცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 20 მარტის განკარგულებით აცხადებს, რომ ამერიკის განათლების ფედერალური დეპარტამენტი უნდა დაიხუროს და განათლების მართვა შტატებს დაუბრუნდეს.
ის მიიჩნევს, რომ ფედერალურმა კონტროლმა განათლებაზე ვერ გაამართლა, ხოლო განათლების დეპარტამენტის ბიუროკრატია ვეღარ უზრუნველყოფს შედეგიანობას.
დონალდ ტრამპის განკარგულებაში ნათქვამია, რომ პანდემიის პერიოდში ფედერალური განათლების დაფინანსებაზე დახარჯული 200 მილიარდი დოლარის მიუხედავად, ამერიკული სკოლების მოსწავლეთა შედეგები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
გარდა ამისა, ტრამპი ხაზს უსვამს, რომ დეპარტამენტს უზარმაზარი სტუდენტური სესხების პორტფელი აქვს, რომელიც ბანკის ფუნქციებს ასრულებს, თუმცა ამისათვის შესაბამისი რესურსი არ გააჩნია.
უახლესი განკარგულების მიზანია, განათლების მართვა შტატებსა და ადგილობრივ საზოგადოებებს დაუბრუნდეს, ხოლო ფედერალური დაფინანსება მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცეს.
აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებას, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე 20 მარტს გამოქვეყნდა, EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, და მშობლების, მასწავლებლებისა და საზოგადოებების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველყონ სტუდენტების წარმატება, გამოცემულია შემდეგი განკარგულება:
მუხლი 1. მიზანი და პოლიტიკა. ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი დამოკიდებულია გაძლიერებულ ოჯახებზე, ჩართულ საზოგადოებებზე და ყოველი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ შესანიშნავ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე. სამწუხაროდ, ფედერალური პროგრამებითა და დაფინანსებით ამერიკული განათლების მართვის მცდელობამ – და ამ პროგრამებისა და დაფინანსების შედეგად შექმნილმა ბიუროკრატიამ – აშკარად ვერ გაამართლა ჩვენი ბავშვების, მასწავლებლებისა და ოჯახების მოლოდინები.
COVID-19 პანდემიის დროს ფედერალურმა ბიუჯეტმა სკოლებზე დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ყოველწლიურად სკოლებისთვის გამოყოფილი 60 მილიარდ დოლარს დამატებია. ეს თანხა უმეტესწილად გადანაწილდა განათლების დეპარტამენტის მეშვეობით, რომელიც შეიქმნა 1979 წელს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ინიციატივით მას შემდეგ, რაც მან აშშ-ის მასწავლებელთა უმსხვილესი კავშირის მხარდაჭერა მიიღო. ამ დროიდან მოყოლებული, განათლების დეპარტამენტმა ბიუროკრატია კიდევ უფრო გააძლიერა და ამერიკას დაარწმუნა, თითქოს ფედერალური კონტროლი განათლებაზე სასარგებლოა. თუმცა დეპარტამენტი თავად არ ასწავლის არც ერთ სტუდენტს, მის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისში 80-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რის გამოც წლიურად 10 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება.
განათლების დეპარტამენტის დახურვა ბავშვებს და მათ ოჯახებს მისცემს შესაძლებლობას, თავი დააღწიონ სისტემას, რომელიც მათ ვერ ემსახურება. დღეს ამერიკაში კითხვასა და მათემატიკაში მიღწეული შედეგები ისტორიულად დაბალ დონეზეა. წლევანდელი ეროვნული საგანმანათლებლო პროგრესის შეფასებით, მერვე კლასელთა 70% კითხვის, ხოლო 72% მათემატიკის დონეზე არ შეესაბამება საჭირო მინიმუმს. ეს ცხადყოფს, რომ ფედერალური განათლების ბიუროკრატია ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.
განათლების დეპარტამენტის დახურვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების პროგრამების განხორციელებას. ამჟამად დეპარტამენტი მართავს სტუდენტური სესხების პორტფელს, რომელიც 1.6 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ეს ფედერალური სასწავლო დახმარების პროგრამას ისეთივე მასშტაბურ ორგანიზაციად აქცევს, როგორიცაა ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი, Wells Fargo. თუმცა, მაშინ როცა Wells Fargo-ს 200,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, განათლების დეპარტამენტის ფედერალური სასწავლო დახმარების ოფისში მხოლოდ 1,500 ადამიანი მუშაობს. განათლების დეპარტამენტი არ არის ბანკი და მის საბანკო ფუნქციებს შესაბამისმა უწყებამ უნდა გაუწიოს მართვა. საბოლოოდ, განათლების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები შეიძლება და უნდა დაუბრუნდეს შტატებს.
მუხლი 2. განათლების დეპარტამენტის დახურვა და უფლებამოსილების შტატებისთვის დაბრუნება.
– განათლების მდივანი კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მიიღებს ყველა საჭირო ზომას დეპარტამენტის დახურვისა და განათლების სფეროს მართვის შტატებისა და ადგილობრივი საზოგადოებისთვის დასაბრუნებლად, თან ისე, რომ არ შეფერხდეს ის პროგრამები და სერვისები, რომელზეც ამერიკელები დამოკიდებულნი არიან.
– განათლების დეპარტამენტის უფლებამოსილებების შესაბამისად, განათლების მდივანი უზრუნველყოფს, რომ ფედერალური განათლების დაფინანსება მკაცრად შეესაბამებოდეს ფედერალურ კანონებს და ადმინისტრაციის პოლიტიკას, მათ შორის, ფედერალური დახმარების მიმღები ნებისმიერი პროგრამა ან საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ წესებს და არ შეიცავდეს „დივერსიის, თანასწორობისა და ინკლუზიის“ სახელით შენიღბულ უკანონო დისკრიმინაციას ან გენდერული იდეოლოგიის ხელშეწყობას.
მუხლი 3. ზოგადი დებულებები. ამ განკარგულებით: 1. არ უნდა შეიზღუდოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები რომელიმე აღმასრულებელი უწყების ან სააგენტოსთვის; 2. არ უნდა შეიცვალოს საბიუჯეტო, ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო წინადადებებზე პასუხისმგებელი უწყებების ფუნქციები.
ეს განკარგულება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დაფინანსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
ეს განკარგულება არ ქმნის რაიმე სამართლებრივ ან თანასწორობის უფლებას, რომელიც შესაძლებელი იქნება სასამართლოში ან ადმინისტრაციულად გასაჩივრდეს.
დონალდ ჯ. ტრამპი
-
განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 1 409 ლარია – საქართველოში კი საშუალო ხელფასი 2 217 ლარს აღწევს – უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
-
თანამდებობა – კონსულტანტი – IBSU-მ გიორგი ამილახვარის რექტორად დანიშვნის ფაქტი უარყო by ARIS.GE-განათლება
-
გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა by ARIS.GE-განათლება