GE

„რესურსცენტრის ხელმძღვანელი მასწავლებლებს აქციაზე არ უშვებს“ – მეშახტეთა აქციაზე მისული მოსწავლეები

ტყიბულში მიმდინარე მეშახტეთა საპროტესტო აქციაზე სკოლის მოსწავლეებიც მივიდნენ.

მეშახტეთა თქმით, შვილები სკოლაში არ გაუშვეს, რადგან თვლიან, რომ ტყიბულელი ბავშვების მომავალი მეშახტეების სოლიდარობით წყდება.”მე მხარში ვუდგავარ ჩემს ქმარს, რომელიც არის მეშახტე. რა აზრი აქვს ბავშვების სკოლაში გაშვებას,” – ამბობს ნესტანი კვანტალიანი.

“ბევრი ბავშვი ისე მიდის სკოლაში, რომ ჩაის ვერ ასმევს მშობელი და რვეულიც არ აქვთ. პროტესტი მხოლოდ ხელფასის მიღებაზე კი არ გვაქვს, გვინდა ხვალინდელი დღე, გვინდა იმუშაოს შახტამ”,- აცხადებს მაკა ტურძილაძე.

სკოლის მოსწავლეების თქმით, ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა კორძაია მასწავლებლებს აქციაზე არ უშვებს. თავად, ირინა კორძაია ამ წუთებში სკოლის დირექტორებს ხვდება. როგორც რესურსცენტრში განმარტავენ, თათბირის თემა ახალი სასწავლო პროცესია. სხვა საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში ჩავიდა. 50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა  პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს. მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ. კომპანია “საქნახშირს” თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.

წყარო: „ქუთაისიპოსტი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური