უმაღლესი განათლების რეფორმა კიდევ სამი წლით გადაიდო?
2023 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცვლილებების თანახმად, 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ უფლება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დააწესონ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისეთი საფასური, რომელიც სრულ სასწავლო გრანტზე მაღალი იქნება. სასწავლო გრანტის ოდენობას კი საქართველოს მთავრობა ადგენს, გრანტი სრული ოდენობა დღეს 2250 ლარს შეადგენს.
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების პროცესი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. პროექტი ჯერ კიდევ 2021 წელს მზად იყო. არაერთი ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტის ჩართულობით შექმნილმა ჯგუფმა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო შეასრულა.
ნაკლებად გვახსენდება, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული დაფინანსების ახალ მოდელებში დღეს არსებული მოდელის სამი წლით შენარჩუნება რომ ყოფილიყო გათვალისწინებული.
„პროექტი დასრულებულია, ჩვენი მისია შევასრულეთ!“, ჩხენკელის უწყება კი უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე ისევ დუმს (EDU.ARIS.GE, 2021)
ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა კიდევ სამი წლით გადაიდო?
კანონპროექტის ავტორს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერის სამინისტროს, შემდეგი ახსნა აქვს:
“იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მიზანშეწონილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“
კანონპროექტით გათვალისწინებულია სხვა ცვლილებებიც.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება