უნდა უსმინოთ, თუ არა მუსიკას სწავლის დროს?
ბევრი უსმენს მუსიკას, როცა გამოცდისათვის ემზადება, ან აკეთებს დავალებას. შესაძლოა, The Beatles ან Cozy Danger-ის კომპანია გეხმარებოდეთ უკეთ მეცადინეობაში და ეს არ არის გასაკვირი, რადგან საკმაოდ ბევრი დაწერილა იმ ფაქტზე, რომ მუსიკა ასტიმულირებს ტვინის სხვადასხვა ნაწილს. ერთი მხრივ, შესაძლოა, თქვენთვის საყვარელი მუსიკის ფონზე დავალება ნაკლებად საშინელი მოგეჩვენოთ, მაგრამ მეორე მხირვ, ხომ არ ანელებს მუსიკა მასალის ათვისების უნარს?
ფენიქსის ჰუმანიტარული მეცნიერებების კოლეჯის ინსტრუქტორის, ელიზაბეთ აქსფორდის აზრით, შესაძლოა, მუსიკამ ორივე ზემოთაღნიშნული ეფექტი გამოიღოს. იგი აღნიშნავს: „ამ საკითხზე ჯერ არ არსებობს საბოლოო დასკვნა. ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც ამ თემაზე წამიკითხავს, მივედი იმ აზრამდე, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგი სტუდენტი ძალზედ ეფექტურად სწავლობს მუსიკის ფონზე, მაშინ როცა სხვებს გარე ფაქტორებით ყურადღება ეფანტებათ.“
ნიუ ჯერსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ სტუდენტებს, რომლებიც მუსიკის მოსმენის პარალელურად სწავლობდნენ, აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი გაცილებით დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მუსიკის გარეშე მეცადინეობდნენ. მაგრამ, ინსტიტუტმა ასევე დაადგინა, რომ ქულები იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ რამდენად რუტინულად უსმენდა სტუდენტი მუსიკას და რა ჟანრის მუსიკაზე ამჯობინებდა მეცადინეობას.
უელსის უნივერსიტეტის კვლევა აქცენტირებული იყო სწორედ ამ ბოლო ნაწილზე – სხვადასხვა ტიპის მუსიკის ეფექტი სტუდენტის სწავლისადმი კონცენტრაციაზე. ესპერიმენტში მათ გამოიყენეს სიჩუმისა და მუსიკის კომბინაცია სტუდენტების მიერ ინფორმაციის დამსახსოვრების პროცესის დროს. სტუდენტებს სთხოვეს, გაეხსენებინათ თუ რა მუსიკა იყო ჩართული სხვადასხვა სიტუაციაში, რა ტიპის მუსიკა მოეწონათ და რომელი – არა.
ზოგი სტუდენტი ძალზედ ეფექტურად სწავლობს მუსიკის ფონზე, მაშინ როცა სხვებს გარე ფაქტორებით ყურადღება ეფანტებათ
მართალია, ტესტირების შედეგები არ იყო დიდად განსხვავებული მათ შორის, ვისაც მუსიკა მოეწონა და მათ ვისაც არ მოეწონა, მაგრამ ვინც სიჩუმეში იმეცადინა მათი ქულები გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე დანარჩენი ორი კატეგორიის სტუდენტების. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ექსპერიმენტის დროს გამოყენებული იქნა მხოლოდ ის მუსიკა, რომელსაც ვოკალიც ერთვოდა, რასაც აქსფორდის აზრით დიდი მნიშნვნელობა აქვს.
„ჩემმა ბევრმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ ძირითადად კლასიკური მუსიკის ფონზე მეცადინეობენ“, განაცხადა აქსფორდმა და ყურადღება „მოცარტის ეფექტზე“ გაამახვილა. ეს უკანასკნელი არის კვლევა, რომელმაც დაასკვნა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა წარმოადგენს მოკლევადიან სტიმულატორს გონებრივი დავალებების შესასრულებლად, ხელს უწყობს ინფორმაციის დამახსოვრებას, რომელიც ცნობილია, როგორც „სივრცულ-დროებითი აზროვნება“ (“spatial-temporal reasoning“).
USA Today-ს ბოლო, სექტემბრის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტექსტიანი მუსიკის მოსმენა არც ისე კარგია, მაშინ როცა ენებს ვსწავლობთ, რადგან სიმღერის ტექსტი ტვინის იმავე ნაწილს ააქტიურებს, რომელიც ენების შესწავლას სჭირდება. „თქვენ ფიქრობთ, რომ კონცენტრირებული ხართ ესპანურის შესწავლაზე, მაგრამ თუ პარალელურად ტექსტიან მუსიკასაც უსმენთ, თქვენი ტვინი ამ დროს სიმღერის შინაარსსაც ამუშავებს, რაც გონების გაფანტვას იწვევს“, ამბობს აქსფორდი.
კვლევები აჩვენებს, რომ სტუდენტების გემოვნება ძალიან ფართო და განსკვავებულია, მაგრამ აქსფორდი გვირჩევს, რომ ამ საკითხს მივუდგეთ „ცდა-შეცდომის მეთოდით“ (trial-and-error approach), რათა საუკეთესო სასწავლო გარემო შევარჩიოთ. „თუ თქვენ მიეკუთვნებით ადამიანების იმ კატეგორიას, რომელსაც ეფექტურად შუძლია ერთობლივად ბევრი რამ აკეთოს და სწავლის დროს მუსიკის მოსმენა შედეგზე დადებითად აისახება, მაშინ აუცილებლად ასევე განაგრძეთ. სხვა შემთხვევაში, ეცადეთ იპოვოთ მშვიდი გარემო, სადაც სწავლისას ყურადღებას არაფერი გაგიფანტავთ“.
წყარო: http://www.phoenix.edu