GE

ვინ ისარგებლებს განათლების სექტორში უცვლელი შეღავათიანი ტარიფით – ტრანსპორტში ახალი სატარიფო სისტემა დღეიდან ამოქმედდა

თბილისში 1-ელი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდა. მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა ღირებულების აბონიმენტებით ისარგებლონ, თუმცა არიან სხვადასხვა ჯგუფის ადამიანები, ვისთვისაც საშეღავათო სისტემა უცვლელი რჩება და მათ შორის ასეთია განათლების სექტორის წარმომადგენელთა ნაწილიც.

როგორც დღეს დედაქალაქის მერიაში განმარტეს, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ.

“აღნიშნული პირებისთვის არაფერი იცვლება, მათთვის ახალი ბარათის აღება სავალდებულო არ არის”, – განმარტა დღეს ჟურნალისტებთან თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ უკვე გაარკვია, განათლების სექტორში უფასო ან შეღავათიანი სამგზავრო პირობებით ისარგებლებენ:

უფასოდ ისარგებლებენ მოსწავლეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (20 თეთრი) მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ:

  • თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები;
  • საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;
  • თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ინერგება, შესაბამისად, მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ შეიძინონ ვადიანი გადაადგილების ბარათები. 1-თვიანი ბარათი- 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება.

ამავე თემაზე:

აქვთ თუ არა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სატრანსპორტო აბონიმენტების შეძენის ვალდებულება – ახალი სისტემა თებერვლიდან ამოქმედდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური