GE

„წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ გამსწორებელი და აბა თუ ადვილია გაგება იმისა, რასაც წერთ“ – მითითებები 2022 წლის აბიტურიენტებს მათემატიკის გამოცდისთვის

„ყოველი დავალების ამოხსნა ლოგიკურად, გამართულად უნდა ჩაწეროთ, შემოიტანოთ ცვლადები, განმარტოთ, ამა თუ იმ ცვლადით რას აღნიშნავთ და რაც მთავარია, პასუხების ფურცელზე გადაიტანოთ ამ კონკრეტული დავალებისთვის განკუთვნილი პასუხის ადგილას“, – ასეთი დარიგება მისცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა თევდორაძემ აბიტურიენტებს, რომლებიც 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის საგნის ჩაბარებას აპირებენ.

ზაზა თევდორაძე 17 მარტს გამოცდების ცენტრის მიერ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის გამართულ კიდევ ერთ ღია კარის დღეზე პასუხობდა აბიტურიენტების შეკითხვებს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა. მათემატიკის გამოცდასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ ნაწილთან დასმული კითხვებზე პასუხის გარდა, ზაზა თევდორაძემ აბიტურიენტებს სხვა რჩევებიც მისცა.

თევდორაძემ აბიტურიენტებს ტესტის სტრუქტურა გააცნო და აუხსნა, როგორ შეასრულონ სწორად დავალება, რომ გამსწორებლისთვის ის გასაგები იყოს:

„ტესტი 35 დავალებისგან შედგება. აქედან, პირველი 27 დავალება არის ე. წ. დახურული ტიპის დავალება და თითოეულ მათგანს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი. აქედან მხოლოდ ერთი პასუხია სწორი და თქვენს მიზანს წარმოადგენს ამ ერთი სწორი პასუხის მონიშვნა დავალების ფურცელზე ამ დავალებისთვის გამოყოფილ ადგილას.

სოფო გორგოძის გაფრთხილება 2022 წლის აბიტურიენტებს: აუცილებლად შეინახეთ ის დოკუმენტი, ელექტრონულად ან ამობეჭდეთ

გარდა ამ 27 დახურული ტიპის დავალებისა, არის 8 ღია ტიპის დავალება. ეს დავალებები სხვადასხვა წონის არის… ამ დავალებების შესასრულებლად, უნდა გამოიყენოთ მსჯელობა, გადასვლის გზები… მსჯელობით უნდა ჩაწეროთ და მსჯელობით მიიღოთ პასუხი. თუ სწორ პასუხს პირდაპირ მონიშნავთ და იქ არ იქნა რაიმე სწორი მსჯელობა მოტანილი, არ იქნა შემოტანილი აღნიშვნები, თუ სჭირდება განტოლების შედგენა და არ იქნა შედგენილი განტოლება, არ იქნა ნაჩვენები, როგორ ამოხსენით ეს განტოლება, დადებითი შეფასება არ დაიწერება. ამიტომ, წერითი დავალებების შესრულებისას, შევთანხმდეთ, რომ აუცილებლად მსჯელობით დაწეროთ ამოხსნა“, – უთხრა ზაზა თევდორაძემ აბიტურიენტებს.

თევდორაძემ აბიტურიენტები გააფრთხილა, რომ თითოეული ამოცანის პასუხი დაკვირვებით გადაიტანონ მისთვის განკუთვნილ ადგილას, თორემ პრობლემები შეექმნებათ.

„პასუხების ფურცელზე, რომელიც A3 ფორმატის ფურცელია და იქ დაგირიგდებათ, თითოეული ამოცანის ამოხსნა უნდა გადაიტანოთ ამ ამოცანისათვის განკუთვნილ ადგილას. სხვა ადგილას თუ გადაიტანთ, შეცდომაა, ხარვეზია, იწვევს პრობლემას და აჭიანურებს გასწორების პროცესს. ასეთი რამ არ გააკეთოთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ ძალიან ყურადღებით გადაიტანოთ. თანაც, ბევრი დავალება არ არის, სულ 8 დავალებაა და მარტივია ამის გაკეთება.

ტესტის შესასრულებლად თქვენ გეძლევათ სამი საათი. სამი საათი სრულიად საკმარისია ამ 35 დავალების შესასრულებლად. ასე რომ, შეგიძლიათ, არ იჩქაროთ და ძალიან ყურადღებით მოეკიდოთ თითოეულ დავალებას… ყოველი დავალების ამოხსნა ლოგიკურად, გამართულად უნდა ჩაწეროთ, შემოიტანოთ ცვლადები, განმარტოთ, ამა თუ იმ ცვლადით რას აღნიშნავთ, თუ ეს საჭიროა ამ კონკრეტული დავალებისთვის და გადაიტანოთ, რაც მთავარია, ამ კონკრეტული დავალებისთვის განკუთვნილ პასუხის ადგილას პასუხების ფურცელზე.

თუ ალგებრულ ან გეომეტრიულ ამოცანას აკეთებთ, შეგიძლიათ, შემოიტანოთ ცვლადები, რაც საჭიროა, ოღონდ უნდა განმარტოთ, რომ გამსწორებელი მიხვდეს, რა აღნიშნეთ ამა თუ იმ ცვლადით და ადვილად ჩასწვდეს თქვენს ლოგიკას, თქვენი მოქმედების აზრს. მაგალითად, თუ რაიმე ნახაზი გაავლეთ და იქ გადაკვეთის წერტილი არის K, უნდა თქვათ, რომ ეს K წერტილი წარმოადგენს ამ წრფის გადაკვეთის წერტილს. მოკლედ, ისე უნდა დაწეროთ, რომ წარმოიდგინოთ, თან თქვენ ხართ გამსწორებელი და აბა თუ დვილია გაგება იმისა, რასაც წერთ“, – აფრთხილებს მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს.

კიდევ ერთი რჩევა, რასაც მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აძლევს,  საგამოცდო ტესტის ადვილი დავალებებით დაწყებაა.

„რადგან გამოცდა სტრესული პროცესია და გარკვეული პროცენტი მაინც გაკლდებათ ნერვიულობის გამო, ჩემი გადმოსახედიდან გირჩევთ, რომ რაც ადვილი გგონიათ და დარწმუნებული ხართ მის პასუხებში, ჯერ ისინი დაწეროთ და შემდეგ უკვე გადამწყვეტი ბრძოლა მიიტანოთ რთულ დავალებებზე. იქ დრო რომ ამოგეწუროთ კიდეც, მაინც არ დაზარალდებით იმდენად. თავიდანვე რომ რთულ დავალებებს მიადგეთ და დრო ისე გაიპაროს, ვერ შეამჩნიოთ, უფრო დიდ ზარალში აღმოჩნდებით. ამიტომ, ეს ინდივიდუალურია და პერსონალურად ჩემი, ზაზა თევდორაძის რჩევაა, რომ ჯობია, ადვილი დავალებებით დაიწყოთ. რომ გადახედავთ, 35 დავალებიდან მოლეული გაქვთ დიდი წილი, შემდეგ ფსიქოლოგიურადაც უფრო მაგრდებით, უფრო ყოჩაღები იქნებით და ნერვიულობის ფაქტორსაც ცოტათი მოხსნით“, – ამბობს ზაზა თევდორაძე.

ასევე იხილეთ:

„ნერვიულობა დაივიწყეთ“ – მაია გაბუნიას პასუხი 2022 წლის აბიტურიენტების შიშებზე და თხოვნა არჩევანის გაკეთებამდე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური