GE

„ნერვიულობა დაივიწყეთ“ – მაია გაბუნიას პასუხი 2022 წლის აბიტურიენტების შიშებზე და თხოვნა არჩევანის გაკეთებამდე

„ძალიან ვნერვიულობთ და რას გვირჩევთ, როგორ გადავლახოთ ეს ნერვიულობა?“ – ეს კითხვა რამდენიმე აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსს, მაია გაბუნიას დაუსვა.

მაია გაბუნია 10 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისათვის გამართულ კიდევ ერთ ღია კარის დღეზე პასუხობდა აბიტურიენტთა შეკითხვებს.

„ნერვიულობა დაივიწყეთ… ალბათ მეგობრებიც გყავთ, ვინც წინა წლებში აბარებდა და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი სიტუაცია დაგვხვდებათ საგამოცდო ცენტრებში, ნერვიულობის არანაირი შანსი არ გექნებათ. მშვიდად, წყნარად უნდა დაჯდეთ თქვენს მაგიდასთან. კომპიუტერი გექნებათ, სადაც ტესტს წაიკითხავთ და მშვიდად, წყნარად გადაიტანთ თქვენ მიერ დაწერილ პასუხებს პასუხის ფურცლებზე, რომელსაც თქვენ შავ ფურცელზე დაწერთ. უნდა დაემორჩილოთ იმ წესებს, რაც არის დაწესებული გამოცდების დროს. ჩვენ, ცენტრი, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შეგიქმნათ ისეთი პირობები, ნერვიულობის შანსიც რომ არ დაგიტოვოთ. ამიტომ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ბევრი დრო არ დარჩა, თუმცა, საკმარისი დროა იმისთვის, რომ კარგად იმეცადინოთ. მესმის, რომ ისეთი პერიოდია, ონლაინ რეჟიმშიც გიწევთ მეცადინეობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევთ ამას თავს და ყველა სტუდენტები გახდებით. მინდა, რომ ყველა გახდეთ სტუდენტი“, – უთხრა მაია გაბუნიამ აბიტურიენტებს.

10 მარტს გამართული ღია კარის დღე ონლაინ შეხვედრის რეჟიმში გაიმართა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. მაია გაბუნიამ აბიტურიენტების უამრავ კითხვას უპასუხა, რომელთა შორისაც, ერთი კითხვა კვლავ აბიტურიენტების შიშს ეხებოდა. ერთმა მათგანმა იკითხა, რამდენად მართალია, რომ აბიტურიენტთა რაოდენობა იზღუდება გამოცდებზეო, რაზეც მაია გაბუნიამ უპასუხა, მსგავსი არასოდეს ყოფილა და ნურც ამის შიში ექნებათ.

შეხვედრაზე ხაზგასმით შეახსენეს აბიტურიენტებს, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დარეგისტრირებას ვეღარ შეძლებენ.

მაია გაბუნიამ აღნიშნა, რომ დარეგისტრირების შემდეგ აბიტურიენტებს შეუძლიათ რამდენიმეჯერ შეცვალონ არჩეული პროგრამები, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

„როდესაც დავიწყეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, მხოლოდ ხუთი პროგრამის არჩევა შეეძლო აბიტურიენტს და მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში აკეთებდა ამ არჩევანს. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა და ბევრი აბიტურიენტი გარეთ რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი პროგრამა, შეგიძლიათ უამრავი არჩევანი გააკეთოთ, 400-500-600 ბავშვი მაინც რჩება უნივერსიტეტის გარეშე, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვრი და სამწუხაროდ, ვერსად ჩაირიცხნენ, რადგან არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ კონკრეტულ პროგრამაზე გაზრდილი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. თუნდაც ერთ საგანში რომ იყოს გაზრდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და იმ ერთ საგანში არ გქონდეთ თქვენ გაზრდილი ეს ზღვარი, იმ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხებით. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ ინფორმაციას კიდევ გადახედოთ და ჭკვიანურად გააკეთოთ არჩევანი“, – სთხოვა მაია გაბუნიამ აბიტურიენტებს და გააფრთხილა, არავის გაუმხილონ ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებისას მიღებული პაროლი, რადგან მათი არჩევანი ნებისმიერ დროს შეიძლება სხვამ შეცვალოს.

აბიტურიენტებმა ასევე იკითხეს, რას ნიშნავდა უნივერსიტეტებისთვის აკრედიტაციის გავლა, რაზეც მაია გაბუნიას ასეთი პასუხი ჰქონდა:

„აკრედიტაციის გავლა ნიშნავს იმას, უმაღლესი სასწავლებლის ამა უ იმ პროგრამას დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო. ნებისმიერ უმაღლესი სასწავლებელს, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ცნობარშია, აქვს ამის განხორციელების უფლება, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლებია არიან. უბრალოდ, აკრედიტაცია მიბმულია იმაზე, წავა თუ არა სახელმწიფო გრანტი ამა თუ იმ პროგრამაზე“.

ასევე იხილეთ:

„თუ აბიტურიენტმა ინგლისური 17 ქულაზეც კი არ იცის, რა უნდა უმაღლეს სასწავლებელში?!“ – გამოცდების ცენტრის უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი

აბიტურიენტების თხოვნა „ნაეკის“ ქართული ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელს და ნანა ლოლაძის პოზიცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური