24 წლის ისტორიის მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეების გული იოლად მოიგო – „ბავშვები გიორგი მამარდაშვილს მამსგავსებენ“
აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები მასწავლებლის პროფესიაში შემოდიან და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას აუმჯობესებენ. როგორც გავარკვიეთ, საჯარო სკოლები 2024-2025 სასწავლო წელს ახალგაზრდა კადრების ნაკლებობას არ უჩივიან. შედეგად კი, სამასწავლებლოში სასიამოვნო მრავალფეროვანებაა.
თბილისის 142-ე საჯარო სკოლას ისტორის საგანში 24 წლის მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტი მასწავლებლებელი, დიმიტრი ღონღაძე ჰყავს. ის საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის და მათი გული პირველივე დღეს მოიგო. დიმიტრის პატარები საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, საყვარელ კუმირს, გიორგი მამარდაშვილს ამსგავსებენ. რაზეც ის ბევრს ხალისობს.
„ეს ჩემი პირველი სამსახურია სკოლაში. სამეცნიერო და კვლევით საქმიანობასთან ერთად, ზაფხულობით ახალგაზრდობის სააგენტოს 2 ბანაკის ლიდერი ვარ. ვცდილობ, აქტიური ახალგაზრდა ვიყო. პირველ სამუშაო დღეს მასწავლებლები მამხნევებდნენ და თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას მიზიარებდნენ. მეუბნებოდნენ: „არ ინერვიულო”, „როგორი ახალგაზრდა ხარ”, „ბავშვებს დანახვისთანავე შეუყვარდები”, „ყველაფერს შეძლებ, თავდაჯერებული იყავი”. მოსწავლეები კი ჩემს შესახებ მეკითხებოდნენ: „რამდენი წლის ხართ”, „საიდან ხართ”, „რა არის თქვენი პროფესია”, „ახლა ლექციები ხომ არ გაქვთ” და ა.შ.
„ისინი ჩემს მიმართ თავიანთ შეფასებასაც მიზიარებდნენ, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ მოსწავლეები გიორგი მამარდაშვილს მამსგავსებენ. ამაზე ბევრს ვხალისობ. მთავარი ის არის, რომ მათი გული მარტივად მოვიგე”, – გვიამბო დიმიტრიმ.
ახალგაზრდა მასწავლებელი დამწყებ კოლეგებს საკუთარი დაკვირვების შედეგსაც უზიარებს და მიიჩნევს, რომ სწავლის დაწყების პირველ სემესტრში, მთავარია, მოსწავლეები საკუთარი საგნით დააინტერესონ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის პირველი ნაბიჯებია სკოლაში, დაძაბულობისა და ნერვიულობის განცდა არ მქონდა, რადგან თავიდანვე ვიგრძენი მასწავლებლების გვერდში დგომა და ასევე არ გამიჭირდა მოსწავლეებთან დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაინტერესებულნი იყვნენ საგნით და მოვალეობის მოხდის მიზნით არ სწავლობდნენ. თუ ბავშვებს ექნებათ ინტერესი, ეს გაზრდის სწავლის ხარისხსა და ბავშვები გააქტიურებას საგანმანათლებლო პროცესში. შედეგად, ბავშვისთვის სწავლა კომფორტული პროცესი იქნება და არა სტრესული”, – აგვიხსნა ახალგაზრდა პედაგოგმა.
ასევე იხილეთ;
მედეა მასწავლებლის საჩუქარი მეხუთეკლასელებს – როცა დამრიგებლისა და მოსწავლეების ინტერესები ემთხვევა