41-ე სკოლის დირექტორი: „ვისურვებდი, ჩემი თაობის ადამიანებმაც მიიღონ მონაწილეობა იმაში, რომ ახალგაზრდებს სწორი გზა დავანახოთ“
EDU.ARIS.GE ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერებთან ინტერვიუების სერიას და მათი განსხვავებული კუთხით წარმოჩენას აგრძელებს. დღეს თბილისის კიდევ ერთი მრავალკონტინგენტიანი საჯარო სკოლის ლიდერს გაგაცნობთ.
ამჯერად, ჩვენი რესპონდენტია 41-ე სკოლის დირექტორი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რევაზ ჯავახიშვილი, რომლის პედაგოგიური საქმიანობაც 41 წელს ითვლის, ამ კონკრეტული სკოლის მოსწავლეთა აღზრდა-განათლებაზე კი, 10 წელზე მეტია ზრუნავს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლის ლიდერიც ბატონი რევაზია, 1 300-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, მათ შორის 550-სთვის კი უკრაინული სექტორი მოქმედებს.
ფიქრობს, რომ ყველა მოსწავლემ, საკუთარ უფლებებთან ერთად, საკუთარი პასუხისმგებლობაც უნდა იცოდეს და სამშობლოს, ოჯახისა და სკოლის ღირსეული წარმომადგენელი იყოს.
მიაჩნია, რომ როგორც ისტორიის, ისე წარსული გამოცდილების დავიწყება არ შეიძლება, რადგან მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობების უმაღლეს დონეზე აყვანას, სწორედ დაშვებული შეცდომების გაანალიზება უზრუნველყოფს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ინტერვიუს თბილისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორ რევაზ ჯავახიშვილთან, რომელსაც 21 ოქტომბერს ვესტუმრეთ.
– ბ-ნო რევაზ, რა არის თქვენი, როგორც დირექტორის, სამი უმთავრესი მიზანი?
– რ.ჯ: ჩემი, როგორც დირექტორის, სამი არა, ერთადერთი უმთავრესი მიზანი ღირსეული თაობის აღზრდაა.
– რა მოგწონთ და/ან არ მოგწონთ ახალ თაობაში?
– რ.ჯ: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ ინფორმაციას იღებენ ჩვენი ახალგაზრდები, მგონია, რომ ხშირად სიყალბის რეალურისგან გარჩევას ვერ ახერხებენ. ეს ძალიან მტკივნეულია და ვისურვებდი, ჩემი თაობის ადამიანებმაც მიიღონ მონაწილეობა იმაში, რომ ახალგაზრდებს სწორი გზა დავანახოთ. ასევე ის, რომ მხოლოდ უფლებები არ გაქვს – უფლებები წარმოიშობა მას შემდეგ, რაც გაისიგრძეგანებ, რომ შენ გაგაჩნია ასევე პასუხისმგებლობაც როგორც მოქალაქეს, ქართველს, შენი ოჯახის წარმომადგენელს და თუნდაც როგორც თბილისელს.
– რას მიიჩნევთ მასწავლებელთა მთავარ გამოწვევად?
– რ.ჯ: სკოლაში, პრობლემა როგორც ასეთი, არის ის ყოველდღიური რუტინა, რომელიც ყველა სკოლას გააჩნია. ეს არის გაკვეთილის მაღალ დონეზე ჩატარება და მოსწავლეებსა და კოლეგებში პატივისცემისა და სიყვარულის დამსახურება. ტექნიკური საშუალებების – ტელეფონების გამოყენება არის ასევე ერთ-ერთი პრობლემა. ვერ დავარქმევდი პრობლემას, უფრო ჩვენი ყოველდღიურობის მაგალითია ის, რომ მასწავლებლებს უწევთ გადაკეტილი ქუჩებით, საცობებით მოაღწიონ სკოლამდე. გნებავთ საღამოს, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ 20 წუთში მივიდეს პედაგოგი სახლში, ხშირად მგზავრობა საათ-ნახევარი და უფრო მეტი უწევს. კარგი იქნებოდა, რომ ეს პრობლემა არ იყოს.
– როგორც თქვენი სკოლის შესახებ ინფორმაციაში ამოვიკითხეთ, 41-ე სკოლის მისიაა უკრაინული სექტორის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულყოფილად ჩართვა. როგორ ახერხებთ ამას და რა ხელშესახები შედეგები გაქვთ ამ მხრივ?
– რ.ჯ: 2022 წელს, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, საქართველოში საკმაოდ ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით, ჩვენს სკოლაში უკრაინული სექტორი შეიქმნა. ერთი პერიოდი, 700 ბავშვამდეც კი გვყავდა, შემდეგ ეს რაოდენობა იცვლებოდა, ამჟამად, 550-ია. უკრაინული სექტორი ძირითადად ორ-ორი პარალელით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვცდილობთ, რომ უკრაინული სექტორის მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების გარეშე არცერთი ღონისძიება არ ჩავატაროთ. ვცდილობთ, შევასრულოთ ის დავალება, რომელიც გვაქვს მიღებული და ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ და ღირსეული ადამიანური ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ მათთან, რადგანაც ზოგიერთი მოსწავლე საკმაოდ ღრმა ტრავმებით არის ჩამოსული. საქართველო მათ ნამდვილად შეხვდა ისე, როგორც გულღია და პატივისმცემელი მასპინძელი. ამას ყველა აღნიშნავს და აფასებს. პირდაპირ გეტყვით – ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა მთავრობამ უზარმაზარი რესურსი ჩადო იმაში, რომ მშობლიური გარემო შექმნილიყო მათთვის და ამ ბავშვებს თავი კარგად ეგრძნოთ.
– 41-ე სკოლა, პედაგოგების სამუშაო პრინციპებს შორის, ინოვაციური მიდგომებსა და წარსული გამოცდილების გათვალისწინებას ასახელებს. რომ გვითხრათ, უფრო კონკრეტულად, პრაქტიკაში როგორ ხდება წარსული გამოცდილების გათვალისწინება?
– რ.ჯ: წარსული გამოცდილების დავიწყება იგივეა, რომ საკუთარი ისტორია დაივიწყო. ჩვენ, ყველა, ოდესღაც ვიწყებდით შეუცნობლის, აუთვისებლის ათვისებას და აქ ძალიან გვადგება ის, რაც უკვე გავიარეთ, ვისწავლეთ – მიდგომები მოსწავლეებთან, საგაკვეთილო პროცესთან მიმართებაში. გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში ადრე დაშვებული შეცდომების გაანალიზება გვეხმარება, რომ მომავალში ეს შეცდომები არ დავუშვათ. მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობაში ყოველთვის საჭიროა წარსული გამოცდილების გახსენება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი და მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ურთიერთობები იყოს მაღალ დონეზე, მოწესრიგებული და ისეთი, როგორიც 41-ე სკოლას ეკადრება. გასულ წელს მე-12 კლასის მოსწავლეებმა სამახსოვრო წარწერაც გადმომცეს. ხშირად მიწევს მოსწავლეებთან საუბარი. ყოველი ჩვენი შეხვედრა იწყება და მთავრდება სიტყვებით – „იყავით ღირსეულები თქვენი ქვეყნის, თქვენი ოჯახისა და სკოლის“. ეს არის ყველაფერი, რის გამოც ვმუშაობთ.
ასევე იხილეთ:
61-ე სკოლის დირექტორი: „მოსწავლეს უნდა უხაროდეს სკოლაში მოსვლა და მასწავლებლის არ უნდა ეშინოდეს“
-
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია by სკოლა პოლიგლოტი
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა