„აპოვნინეთ ბავშვს თავისი ძლიერი მხარეები“ – რა როლი აქვს მშობელს შვილის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში
მოზარდი და თვითშეფასება – ყველაფერი, რაც მშობლებმა და შვილებმა უნდა იცოდნენ
თუ ამჩნევთ, რომ ბავშვი ნაკლებად თავდაჯერებული და ზედმეტად კრიტიკულია საკუთარი შესაძლებლობების, გარეგნობის ან ა.შ. მიმართ, წარმატების ნაცვლად, ძირითადად წარუმატებლობაზეა კონცენტრირებული, აქვს ემოციური პრობლემები და ხშირად მოქმედებს გაუბედავად, არ არის გამორიცხული, თქვენს შვილს დაბალი თვითშეფასება ჰქონდეს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთ დროს, უმნიშვნელოვანესია, მშობლის თანადგომა და უპირველეს ყოვლისა იმის ცოდნა, თუ როგორ ვესაუბროთ ბავშვს, რაზე გავამახვილოთ ყურადღება და ა.შ.
მშობლებისა და შვილებისთვის საინტერესო კითხვებით – რა არის თვითშეფასება, შეუძლია თუ არა მას, მოზარდის სამომავლო ცხოვრება განსაზღვროს, რამ შეიძლება, გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება მოსწავლეებში და რაში გამოიხატება ეს, რა როლი აქვთ ამ პროცესში მშობლებს, რა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ თავად ბავშვებმა – EDU.ARIS.GE-მ ფსიქოლოგ სალომე მაჩიტიძეს მიმართა და მის პასუხებს ინტერვიუს სახით გიზიარებთ.
– ქ-ნო სალომე, გვითხარით, რის საფუძველზე ყალიბდება ბავშვის თვითშეფასება და რა გავლენა აქვს მას მოზარდის სამომავლო წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე?
– თვითშეფასების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. დაახლოებით, 2-3 წლის ასაკიდან ბავშვი უკვე იღებს გამოცდილებას გარე სამყაროდან, აკვირდება სხვა ადამიანების რეაქციებს და წარმოდგენა ექმნება საკუთარ შესაძლებლობებზე. თვითშეფასება დინამიური პროცესია და მუდმივად იცვლება, თუმცა განსაკუთრებით აქტიურად მოზარდობის პერიოდში ყალიბდება. სწორი თვითშეფასება ზრდის მოტივაციას, გამბედაობას ახალი გამოცდილებების მიმართ და ბავშვებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
– საინტერესოა, რამ შეიძლება, დააზიანოს მოზარდის თვითშეფასება, ანუ ყველაზე ხშირად, რის გამო უჩნდებათ ბავშვებს დაბალი თვითშეფასება?
– დაბალი თვითშეფასება, როგორც წესი, ყალიბდება ცუდი გამოცდილებების შედეგად, როცა ბავშვს უჭირს სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება, იქნება ეს აკადემიური, სპორტული, სოციალური თუ სხვა სფერო. ასაკობრივი გამოწვევებისგან მიღებული ცუდი გამოცდილებები ბავშვს მუდმივად აძლევს წარუმატებლობის განცდას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოცემულობას მხარდაჭერის ნაცვალად ემატება გარემოსგან მუდმივი კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები, ბუნებრივია, ბავშვის წარმოდგენა საკუთარ თავზე უფრო და უფრო უარყოფითი ხდება.
– რაში გამოიხატება ბავშვის დაბალი თვითშეფასება – როგორ უნდა ამოვიცნოთ ასეთი მოზარდები?
– დაბალი თვითშეფასება გამოიხატება საკუთარ შესაძლებლობებში მუდმივად ეჭვის შეტანით. ასეთი ბავშვები ერიდებიან ახალ გამოცდილებებს, არ უნდათ ისეთ აქტივობებში ჩართვა, რომელიც მათთვის სიახლეა, აქვთ შეცდომის დაშვების ძლიერი შიში, რასაც მივყავართ ისევ არიდების ქცევამდე. ხშირად ვერბალურადაც აკრიტიკებენ საკუთარ შესაძლებლობებს ან გარეგნობასაც კი. ერიდებიან ახალი ადამიანების გაცნობას, უჭირთ საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირება და მეტად არიან დამოკიდებული სხვა ადამიანების შეფასებაზე.
– მშობელს რა როლი აქვს შვილის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში – არსებობს თუ არა ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ?
– მშობლის როლი ძალიან დიდია ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. ადრეული ასაკიდან მშობელმა შვილს უნდა მისცეს დამოუკიდებლად კეთების შესაძლებლობლობა – ყველა მცირე დეტალი, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად აკეთებს, უჩენს „მე შემიძლიას“ განცდას. სასკოლო ასაკში უკვე ბავშვს სჭირდება აკადემიური მოსწრება და მასწავლებლის მხრიდან აღიარება. დასწავლის სირთულეების მქონე ბავშვების თვითშეფასება რადიკალურად იცვლება ამ პერიოდში და მოითხოვს მშობლის და მასწავლებლის მხარდაჭერას.
მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს ძალისხმევაზე და არა მხოლოდ შედეგზე. სწორედ ამ ადრეულ გამოცდილებებს ეყრდნობა შემდეგ მოზარდის თვითშეფასება. მას უკვე აქვს ჩამოყალიბებული აზრი იმაზე, თუ რა შეუძლია და რა – არა. ერთმა და ორმა ცუდმა გამოცდილებამ, შესაძლოა, მისი ინიციატივა სხვა სფეროშიც შეზღუდოს. მაგალითად, სუსტი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვი, შესაძლოა, სოციალურ ურთიერთობებშიც ვეღარ იყოს თამამი. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი დაეხმაროს ამ ყველაფრის ბალანსში, აპოვნინოს ბავშვს თავისი ძლიერი მხარე. მოზარდები, რომლებიც თავისი სუსტი მხარეების კომპენსირებას აკეთებენ ძლიერი მხარეებით, ბევრად ადაპტურები ხდებიან.
– რა უნდა იცოდნენ თავად მოზარდებმა, რომლებიც ახლაც გადიან ამ პროცესს? – რას მიაქციონ ყურადღება და როგორ მოიქცნენ იმისთვის, რომ ჰქონდეთ არა დაბალი, არამედ სწორი და ჯანსაღი თვითშეფასება?
– მოზარდებს ვურჩევდი, რომ ეს პერიოდი გამოიყენონ თვითშემეცნებისთვის, მოსინჯონ ბევრი ახალი აქტივობა, მიიღონ ახალი გამოცდილებები, რაც მისცემთ საშუალებას, რომ უკეთ დაინახონ საკუთარი თავი სხვადასხვა სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირდნენ მათ ძლიერ მხარეებსა და ინტერესებზე. არ შეადარონ საკუთარი თავი არავის. დაისახონ პატარა მიზნები, რომლებიც წარმატების განცდას მისცემს მათ. მნიშვნელოვანია, რომ გვერდით ჰყავდეთ ის მეგობრები, რომლებიც ყოველთვის მხარდამჭერები არიან. და ბოლოს, მნიშვნელოვანია ჩვენს თავს შევახსენოთ ხოლმე, რომ ყველა ადამიანი ღირებულია თავისი განსხვავებული, უნიკალური და ინდივიდუალური ნიშნებით.
ასევე იხილეთ:
რა ზრდის მოსწავლის მოტივაციას სასწავლო პროცესში – ფრაზები და პრაქტიკული მაგალითები
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
„ლეგენდად ქცეული ქალები“ – სკოლა „პოლიგლოტში“ კონფერენცია გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ნამდვილი გაკვეთილის“ ისტორია მოსწავლეებისთვის – რა ხდება, როცა კლასის ყოველდღიური „პრობლემა“ სასწავლო რესურსად იქცევა by სკოლების ამბები
-
მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი კონკურსი – „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამოცხადდა – ვადები და კრიტერიუმები by სკოლების ამბები