GE
15 აპრილი, 2022 17:06

აქ ბავშვები საკუთარი ხელით ამზადებენ საყვარელ კანფეტებს – სად შეგვიძლია განვიტვირთოთ 16-22 აპრილს

EDU.ARIS.GE გთავაზობთ 16-22 აპრილს დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებისა და იმ ადგილების დეტალურ მონაცემებს, სადაც ამ დღეებში შეგიძლიათ ესტუმროთ შვილებთან ერთად და განტვირთვასთან ერთად შემეცნებითაც მიიღოთ სიამოვნება.

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. მათ შორისაა: XVII ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ცნობილ ქართველ მხატვართა და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრები, შემოქმედთა პირადი წერილები, ხელნაწერები, არქივები. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა.

სკოლის მოსწავლეთათვის ხელოვნების სასახლეს საგანმანათლებლო პროგრამა აქვს შემუშავებული – „კანფეტების ისტორია“. პროგრამა გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის უფროსი ასაკის ჯგუფებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის I-VI კლასის ჩათვლით. პროგრამა მოიცავს მუზეუმის დათვალიერებას, პროგრამის თეორიულ ნაწილს, სადაც ბავშვები ისმენენ კანფეტების შექმნის ისტორიას და უყურებენ ვიდეო მასალას. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვები თავისი ხელით ფორმას აძლევენ კანფეტის მასალას და ფუთავენ საკუთარი დიზაინით.

ხელოვნების სასახლეში აქვთ ასევე საგანმანათლებლო პროგრამა – „აღდგომის დღესასწაული“. მოგეხსენებათ, კრავი აღდგომის ყველაზე ლამაზი და ბედნიერი სიმბოლოა. სააღდგომო კრავს ხატავდა ფიროსმანი. ძველ საქართველოში სჯეროდათ, რომ ოჯახს ის კეთილდღეობასა და ღვთის მფარველობას მოუტანდა. ხელოვნების სასახლე ძველ ტრადიციებს უბრუნდება და თქვენს პატარებს აღდგომის ამ ბრწყინვალე სიმბოლოს ისტორიასა და თავგადასავალს მოუყვება. ამასთანავე მათ საშუალება ექნებათ საკუთარი ხელით ულამაზესი სააღდგომო კრავი დაამზადონ.

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ია კარგარეთელის ქ. N6-ში, მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათამდე.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი 18 აპრილს, 19:30 საათზე სიმფონიური მუსიკის კონცერტს წარმოგიდგენთ.

შემსრულებლები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოსო ჯუღაშვილი, დირიჟორი რეზი მარშანია, ფორტეპიანო.

პროგრამა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – საფორტეპიანო კონცერტი N1 C Major, თხზ.15
ანტონინ დვორჟაკი – სიმფონია N9 „ახალი სამყაროდან“.

ახმეტელის თეატრი 16 აპრილს, 14:00 საათზე წარმოგიდგენთ რეჟისორ ვერიკო რუხაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოების „კარლსონის“, მიხედვით, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: თამარ ბეჟუაშვილი, იუკა ვასაძე და გიორგი ცხადაძე.

„ბავშვებო! მოემზადეთ თქვენთან შესახვედრად მსოფლიოში ყველაზე მსუქანი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული არსება მოფრინავს. დიახ, მოფრინავს, რადგან კარლსონი სახურავზე ცხოვრობს და პროპელერის საშუალებით პატარა ბიჭის ოთახში აღმოჩნდება, აი სად იწყება ნამდვილი თავგადასავლები! აი ვინ გახდება ფრეკენ ბოკის ფუნთუშების დაუძინებელი მტერი“, – წერია ახმეტელის თეატრის აფიშაზე.

„კარგი ადგილი“ – ასე ჰქვია შატბერაშვილის ქუჩაზე N20-ში მდებარე სივრცეს, სადაც შეგიძლიათ შვილთან ერთად მიხვიდეთ. მოხვდებით სივრცეში, რომელიც მხოლოდ მათთვის არის ცნობილი, ვისაც გასული საუკუნეების 90-იანი წლები ახსოვს.

„ვისაც 90-იანი წლების ბავშვობა გამოუვლია, ყველას ახსოვს ეზოებში ბავშვების თავშეყრა, ეზოს თამაშები: „გაფუჭებული ტელეფონი“, „მგელობანა“, „დაჭერობანა“, „ორდროშობანა“ და სხვა. ამ თამაშებს ერთი რამ აერთიანებდა – აქტიური კომუნიკაცია და ბავშვების ფიზიკური კონტაქტი ერთმანეთთან. დღევანდელ რეალობაში, ალბათ ხშირად დაუსვამთ თქვენს შვილებს შეკითხვა, თუ როგორ ერთობოდით ბავშვობაში, როცა ინტერნეტი და გაჯეტები არ არსებობდა. „კარგი ადგილი“ გაძლევთ საშუალებას ამ კითხვას უპასუხოთ მათთან ერთად თამაშით და გაიხსენოთ თქვენი უდარდელი ბავშვობა“, – გვაცნობებს „კარგი ადგილი“, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ შაბათს და კვირას -16 და 17აპრილს 11:00-14:00 ან 15:00-18:00 საათამდე შვილებთან ერთად.

თბილისი მოლში 16, 17, 18 და 19 აპრილს, 13:00, 16:00, 19:00 და 22:00 საათზე შეგიძლიათ დაესწროთ სათავგადასავლო, საოჯახო, ფანტასტიკური ჟანრის ფილმს „ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლო“, რომელშიც მონაწილეობენ ედი რედმეინი, ჯუდ ლო, ეზრა მილერი, მადს მიკელსენი, დენ ფოგლერი. რეკომენდირებულია, რომ ამ ფილმზე ბავშვთან ერთად მშობელიც დაესწროს.

ასევე იხილეთ:

რომელ მოსწავლეებს ეკუთვნით უფასოდ სიარული თბილისში აუზებზე თუ ხელოვნების წრეებზე

რა დროს არის საშიში ზოოპარკიდან ბუნებაში გაშვებული ცხოველი – ზურაბ გურიელიძე ოთხფეხა ბინადრებზე

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში