GE
13 აპრილი, 2022 17:20

რომელ მოსწავლეებს ეკუთვნით უფასოდ სიარული თბილისში აუზებზე თუ ხელოვნების წრეებზე

თბილისის სკოლების მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური საშუალება, რაიმე სპორტულ, სახელოვნებო თუ უცხო ენის წრეზე იარონ, თბილისის მერიის მიერ 2022 წელს გაწერილი პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სოციალურად დაუცველები არიან და ვისი ოჯახებიც 70 000 ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით არიან დარეგისტრირებულნი.

სპორტული ცენტრები, ხელოვნების სკოლები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და სასახლეში არსებულ წრეები, სპორტული წრეები – ეს ის ჩამონათვალია, სადაც მოსწავლეებს უფასოდ სიარული შეუძლიათ.

თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ თბილისის მასშტაბით 3 000-ზე მეტი ბავშვი იღებს აღნიშნულ მომსახურებას, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ამ პროგრამის ფარგლებში, ცურვაზე სიარულია. მერიაში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული პროგრამა წელიწადში 2 300 000 ლარი უჯდებათ.

„ყველაზე მოთხოვნადი ცურვაა. ამ ოჯახებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ საშუალება, თავად ატარონ ბავშვები ცურვასა თუ სხვა წრეებზე. ვინც ამ პროგრამით სარგებლობს, მათთვის მხოლოდ სასურველი კი არა, ზოგჯერ აუცილებელიც არის, მიიღოს ასეთი განტვირთვა თუ ცოდნა. გვაქვს მუსიკალური და სამხატვრო წრეები, ხატვა, ძერწვა… არიან ბავშვები, რომლებიც ვერ განვითარდებოდნენ კონკრეტული მიმართულებით, რომ არა ეს პროგრამა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ასეთი პროგრამები, რომ მათში ნიჭის გამოვლენაც მოხდეს.

„ამ პროგრამით ხორციელდება ხელოვნების სკოლების დაფინანსება, რომელიც არის მერიის დაქვემდებარებაში, ასევე – მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლის და სხვადასხვა სპორტული წრეების დაფინანსება. ეს შეილება იყოს აუზები, ფეხბურთის თუ ჭიდაობის წრე და ა. შ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ბავშვი მიდის იმ დაწესებულებაში და იმ წრეზე, სადაც უნდა მომსახურების მიღება. ხელოვნების სკოლა, რომელიც უკვე რეგისტრირებულია ჩვენთან, ის გვაწვდის იმ ბავშვთა რაოდენობას, რომელსაც მომსახურებას უწევს ამ პროგრამის ფარგლებში“, – გვითხრა გელა ჩივიაშვილმა.

პროგრამა უკვე წლების ფუნქციონირებს, თუმცა მასზე ყველამ არ იცის.  აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად, ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ თბილსის მერიის საიტზე ან ცხელ ხაზზე და ასევე – გამგეობების დახმარებით.

ასევე იხილეთ:

თბილისის 159-ე საჯარო სკოლის წყალობით, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში განსხვავებული აღდგომა გათენდება

სკოლამ, რომლის სპორტის მასწავლებელიც ფრენბურთელია, თბილისის თასი მოიგო

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში