GE
5 მაისი, 2022 13:13

ახალციხელი სკოლის მოსწავლის ესემ გარემოს დაცვისთვის შექმნილ კონკურსში გაიმარჯვა – რას წერს მზია კაპანაძე ნაშრომში

„ჩემი სახლიდანვე შეუძლია დაკვირვებულ თვალს სერზე გადარბენილი, ნადირს ალალბედზე გამოქცეული კურდღელი დაინახოს… რესურსი, რომ მქონდეს საკუთრი ხელით დავრგავდი თითოეულ ნერგს, რათა დილაობით, ნისლით გარსშემოჯარული მთის წვერი, ასე შიშველი აღარ დამენახა“, – ეს გახლავთ ნაწყვეტი XI კლასელი მოსწავლის, მზია კაპანაძის მიერ დაწერილი ესედან, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.

,,გარემოსდაცვითი განათლება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში“ – ასე ერქვა ესეების კონკურსს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში მცხოვრებმა გოგონამ მოიგო.

მზია კაპანაძე ამბობს, რომ როდესაც ამ კონკურსის შესახებ გაიგო, მისი ინსპირაციის წყარო ის სოფელი გახდა, სადაც ცხოვრობს, მისი გულწრფელობა კი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

„ამ პროექტის შესახებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაკა ფეიქრიშვილმა მაცნობა. ვინაიდან თემა აქტუალურია და ბუნება ცუდ დღეშია, გადავწყვიტე, ჩავრთულიყავი და ჩემი აზრი მეთქვა. დავწერე ესე, სადაც ხაზი მქონდა გასმული იმაზე, თუ რამ მიიყვანა ბუნება ცუდ შედეგებამდე. სოფელში ვცხოვრობ და, შესაბამისად, უფრო ახლოს ვარ და მესმის ბუნებასთან დაკავშირებული საკითხები. ვფიქრობ, ჩემი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს იყო. ესეში ხაზი მქონდა გასმული, რომ მნიშვნელოვანია ბუნების მოვლა,“ – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს მზიამ.

XI კლასის მოსწავლე ფიქრობს, რომ ადამიანები მოჭრილ ხე-ტყეს, წყალს თუ სხვა ბუნების საგანძურს არარაციონალურად იყენებენ. გოგონას განსაკუთრებით ხეებისგან გაშიშვლებული მთის ფერდობები აწუხებს.

„ესეში აღწერილი მქონდა, როგორია ჩემი სოფელი გაზაფხულზე. ხაზი გავუსვი იმას, რომ ძალიან ლამაზია გაზაფხულზე. შევხვდებით ბუჩქებს, ყვავილებს და მთებს, რომელიც თითქმის მთლიანად გაჩეხილია ხეებისგან ადამიანის არასწორი საქმიანობის გამო.

„გამარჯვებას არ ველოდი და დაჯილდოების ცერემონიაზე იმ ემოციით არ მივსულვარ, რომ პირველ ადგილს დავიკავებდი. როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. სერტიფიკატი, წიგნები, სამაგიდო თამაში და 300 ლარიანი ვაუჩერი გადმომცეს“, – ამბობს ახალციხელი გოგონა.

გამარჯვებული ესე შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე:

გარემოსდაცვითი განათლების როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

მზია კაპანაძეს უნდა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გახდეს, რადგან დიპლომატია მოსწონს და იზიდავს. როგორც გავიგეთ, გოგონა კიდევ ერთი ესეების კონკურსის გამარჯვებულიც არის: „მე რომ განათლების მინისტრი ვიყო”.

„ორბელიანის აკადემიამ გამოაცხადა ესეების კონკურსი სახელწოდებით, „მე რომ განათლების მინისტრი ვიყო“ და იქაც გავიმარჯვე. უნდა დაგვეწერა, რას შევცვლიდით სკოლებში. დავწერე, რომ განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში არ არის ქიმიის და ფიზიკის ლაბორატორიები. შესაბამისად, არ გვეძლევა საშუალება, რომ ქიმიის და ფიზიკის მასწავლებელთან ერთად ჩავატაროთ ცდები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ უკეთესად გავიგოთ საგანი. თუ მიექცევა ამ საკითხს ყურადღება, ვფიქრობ, უფრო მეტი დაინტერესება იქნება ამ საგნების მიმართ“, – ამბობს სკოლის მოსწავლე.

„უკვე მე-11 კლასში ვარ, გავაცნობიერე და შევეგუე ერთ ფაქტს: ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ მეც გავიკეთებ ლაბორატორიულ სათვალეებს, ხელთათმანებს და ცდებს ჩემს ქიმიის მასწავლებელთან ერთდ ჩავატარებ, დავაკვირდები და დასკვნებს ისე გამოვიტან. ალბათ სკოლაში აღარ მომეცემა შესაძლებლობა ცოცხლად, აღტაცებული, თვალებგაფართოებული ვუყურო იისფერ კვამლებს და ნარინჯისფერ ბუშტულებს, ფეხი შევდგა ნამდვილ, ქიმიურ სამყაროში. დასანანია!“ – წერს მზია კაპანაძე ესეში „მე რომ განათლების მინისტრი ვიყო“…

ასევე იხილეთ:

ჭადრაკის ჩემპიონი გურჯაანელი ბიჭის ამბები

ბათუმელმა VIII კლასელმა გოგონამ აფრიკაში გრანპრი მოიგო

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში