ჭადრაკის ჩემპიონი გურჯაანელი ბიჭის ამბები
10 წლის დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მოსწავლეთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ჭადრაკში. ჩემპიონატი თბილისში 15-17 მარტს ჩატარდა. 11 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამართული ასპარეზობის ჩემპიონი ბიჭი საბერძნეთში, ევროპის მოსწავლეთა სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც 7 ტურის თამაშის შემდეგ მეორე ადგილს იმსახურებდა, თუმცა ბოლოს აღარ გაუმართლა.
დათა გურჯაანში ცხოვრობს და იქვე დადის ჭადრაკზე, თუმცა ქართველი დიდი მოჭადრაკეების ყურადღება უკვე კარგა ხანია, მიიქცია. ჭადრაკზე დედამ, მაკა მახარაშვილმა მაშინ მიიყვანა, როცა სკოლაშია ჯერ არ დადიოდა.
„5 წლის იყო, ჭადრაკზე რომ შევიყვანე. მასწავლებლებმა მაშინვე მითხრეს, რომ დიდი ნიჭი ჰქონდა ამ მხრივ. მერე, თბილისის ტურნირებზე დავიწყეთ სიარული და ნელ-ნელა აღწევდა წარმატებებს. 2018 წელს მეორე ადგილზე გავიდა ქვეყნის მასშტაბით გამართულ სასკოლო ჩემპიონატზე და მაშინაც გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუმინეთში ჩატარდა“, – მოგვიყვა მაკა მახარაშვილი.
ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წელს კუნძულ როდოსზე ჩატარდა, 29 აპრილს დამთავრდა. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 26 წარმომადგენელი ასპარეზობდა. დათა საბოლოოდ, მე-9 ადგილზე გავიდა. როგორც მისი დედა EDU.ARIS.GE-სთან, ამბობს, რომ არა სიზარმაცე, დათა ბევრად მეტს მიაღწევდა თავისი საოცარი ნიჭის წყალობით.
„შრომისმოყვარე არ არის, თორემ ალბათ ბევრად მეტ შედეგს დადებდა. ახლა რაც გამოსდის, ჩემი აზრით, მხოლოდ ნიჭის ხარჯზეა. დათა რომ სათანადოდ მეცადინეობდეს, გაცილებით ბევრს მიაღწევდა, ვიდრე ახლა აღწევს. მასწავლებელთან რომ მიდის, კი მეცადინეობს რამდენიმე საათი, მაგრამ დამოუკიდებლად არ ცდილობს. ალბათ მომავალში მოგვარდება ეგ ამბავიც“, – ამბობს დათას დედა.
V კლასელ დათას მათემატიკა უყვარს. ბიჭი გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს, ყველა მასწავლებელს უყვარს და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებენ.
„სკოლაში არ წავა, თუ გაკვეთილები არ იცის, უპასუხისმგებლო ნამდვილად არ არის. მასწავლებლები ამაყობენ ჩემი შვილით და ამბობენ, ამ ასაკში ამდენის მიღწევა, დიდი შედეგიაო. ნანა იოსელიანს უყვარს დათა ძალიან, ხშირად მირეკავს და კითხულობს მის ამბავს, მეცადინეობის პროცესსაც აკონტროლებს. ყურადღება მიიქცია, როგორც ნიჭიერმა ბავშვმა. პირველად რომ ნახეს ცნობილმა მოჭადრაკეებმა, მას მერე სულ ყურადღების ცენტრში ჰყავთ. თბილისში ვიზიტისას, ნანა იოსელიანი ყველასგან გამორჩეულ ყურადღებას გვაქცევს. ასეთი ადამინები აძლევენ ბავშვებს მოტივაციას და ბედნიერი ვარ, რომ მათ შორისაა ჩემი შვილი“, – გვიყვება მაკა.
დათა უზომოდ ცელქია. დედა ამბობს, რომ ყველას უკვირს, როგორ ჩერდება მშვიდად 4-5 საათის განმავლობაში საჭადრაკო დაფასთან.
„შედეგი მოსწონს, როდესაც იმარჯვებს, თორემ ვერაფრით გავაჩერებდით ამდენ ხანს ერთ ადგილზე. ერთ სვლაზე ხან 40 წუთი უფიქრია და მეც და მწვრთნელებიც დავეჭვებულვართ, ბავშვი ცუდად ხომ არ იყო. რომ აგებს, განიცდის, მაგრამ მაქსიმუმ 5 წუთი, მერე გადაუვლის ხოლმე. როცა იგებს, მაშინ კი სასწაულად უბრჭყვიალებს თვალები“, – ამბობს დათას დედა.
ასევე იხილეთ: