„ჩემი შვილი, მოსწავლე სხვას ართმევს ნივთს და როგორ მოვიქცე?“ – ჯანსაღი მიდგომები, რომლებსაც სპეციალისტი გთავაზობთ
„თუ შვილს/მოსწავლეს ადრეული ასაკიდანვე არ ვასწავლით, რომ არ წაართვას თანატოლს სათამაშო, ნივთი, არც მოზრდილ ასაკში ეცოდინება საკუთარი და სხვისი პირადი სივრცეების დაცვა, გახდება ბულინგის მსხვერპლი, შეექმნება სირთულეები სოციალურ ურთიერთობებში. გაუჭირდება მცირე გამოწვევებთან გამკლავება…”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე და გამოსავლად, „გაიზრდება და თავად ისწავლის“ ნაცვლად, ჯანსაღ მიდგომებს გვთავაზობს.
აი, რას მიიჩნევს გამოსავლად სპეცილისტი:
ერთად თამაშის შეთავაზება
– მაგალითად, თუ თქვენ შვილს/მოსწავლეს მოსწონს თანატოლის სათამაშო, ნაცვლად წართმევისა, სთხოვეთ მას, რომ შესთავაზოს ამ ნივთით ერთად თამაში.
თავაზიანობის დაცვა
– ასწავლეთ მას, თანატოლს თავაზიანად სთხოვოს – “შეგიძლია, მათხოვო?”; “გთხოვ, გაიწიე”; გთხოვ, გაჩერდი”…
გაცვლის ალტერნატივა და უარის მიღების დასწავლა
– მაგალითად, თუ მოედანზე ძალიან მოსწონს სხვა ბავშვის, მოზარდის ბურთი, ასწავლეთ, რომ გაუცვალოს საკუთარში – „შეიძლება, გავცვალოთ?“.
თუმცა აქვე გვახსოვდეს, თუ ის სხვა ბავშვი უარზეა საკუთარი ნივთის თხოვებაზე, პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას და ვასწავლოთ შვილს უარის მშვიდად მიღება. იცოდეს, რომ ყველაფერი ყოველთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება.
სთხოვოს დახმარება მშობელს/მასწავლებელს
– თუ ყველა მცდელობის მიუხედავად პრობლემა ვერ მოაგვარა, დახმარება თქვენ შეგიძლიათ.
დაელოდოს თავის რიგს
– მაგალითად, თუ საქანელაზე ქანაობა სურს და ამ დროს საქანელა დაკავებულია, ასწავლეთ, რომ დაელოდოს თავის რიგს.
სტოპ სტრატეგია – “არ მომწონს, გაჩერდი“
– თუ სხვა ძალით ართმევს თქვენს შვილს/მოსწავლეს ნივთ, ან ურტყამს, უთხრას, ხელით ანიშნოს, გაჩერდი, არ მომწონს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ პროცესშიც აქვს მოდელირებით სწავლებას. სკოლამდელი ასაკის ბავშვები განსაკუთრებით გამოირჩევიან მიმბაძველობით, რასაც ხედავენ, იმას აკეთებენ. ალბათ, გსმენიათ – „ბავშვები ხედავენ, ბავშვები აკეთებენ“.
სპეცილისტის განმარტებით, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საკითხს და ადრეული ასაკიდან სახლის სივრცეში დაიცვას და ასწავლოს ბავშვს საკუთარი და სხვისი პირადი სივრცე. ეს კი მოდელირებით ისწავლება და არა ახსნით.
“თუ თავად მშობელი ბავშვის ინტერესებს არ ითვალისწინებს, დაუკითხავად ეხება მის ნივთებს, დაუკითხავად იღებს გადაწყვეტილებას, ეს უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარების პროცესზე”, – განმარტავს თინათინ გობაძე.
ასევე იხილეთ: