„დიალოგი შვილთან“ – როგორ აღვზარდოთ შვილი პასუხისმგებლიან მოქალაქედ
ყველა მშობელს საუკეთესო სურს საკუთარი შვილისთვის. თუ ვიკითხავთ, როგორი შვილი სურთ რომ აღზარდონ, ისინი აუცილებლად გვეტყვიან: წარმატებული, ძლიერი, დამოუკიდებელი, ყველასთვის პატივსაცემი, ჭკვიანი, კეთილსინდისიერი, საკუთარი ქვეყნის მოსიყვარულე. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. საქართველოში, მშობლებს, რომლებიც ტრადიციების პატივისცემით აღიზარდნენ რასაკვირველია, აქვთ სურვილი, მათ შვილი აფასებდეს და უყვარდეს სამშობლო. მშობლებმა ასევე კარგად იციან, რომ თავადაც აქვთ დიდი პასუხისმგებლობა და შვილის ისეთ პასუხისმგებლიან მოქალაქედ აღზრდა, რომ მას სამშობლოს მიმართ ჯანსაღი სიყვარულიც ჰქონდეს და განსხვავებულის მიმღებლობაც, იოლი ნამდვილად არ არის.
საკითხის მშობლებისთვის სასარგებლო ჭრილში გაშლის მიზნით, EDU.ARIS.GE სამოქალაქო განათლების სპეციალისტს, თამარ აბრამიშვილს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, როგორ და რატომ უნდა შეძლონ მშობლებმა, რომ ხელი შეუწყონ შვილს პასუხისმგებლიან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
– თამარ, თქვენ ახალგაზრდა თაობასთან მუშაობთ და პირველ რიგში, გაგვიზიარეთ, რამდენად აინტერესებთ მათ საკუთარი ქვეყანა და რამდენად იაზრებენ პიროვნულ პასუხისმგებლობებს?
– მე, როგორც ამ თაობის მასწავლებელი, ვთვლი, რომ განვითარებული, სიახლეების მოყვარული თაობა გვყავს. იმდენად სწრაფი ტემპით ვითარდებიან და იმდენად ხშირად ეცვლებათ ინტერესის სფერო, თუ მათთან ახლოს არ ხარ, მათი მისწრაფებები არ გესმის, წარმოუდგენელია, რომ მათი ნდობა მოიპოვო. რაც შეეხება პასუხისმგებლობის გრძნობას და სხვა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას, ამის ჩამოყალიბება ერთბაშად არ ხდება, სჭირდება დრო და მუდმივი მუშაობა. რაც უფრო მეტად ვითარდება პიროვნულად თუ აკადემიურად ბავშვი თუ მოზარდი, მით უფრო მეტად დაფიქრებული ხდება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სამშობლოზეც. ამიტომ, ამის ხელშეწყობა აუცილებელია, ამაში ყველას თანაბარი როლი გვაქვს და მხოლოდ მშობელი არ არის გარდამტეხი.
– რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში მშობლის როლი და ჩართულობა?
– მოსწავლეები ყველაზე კარგად სწორედ მოდელირებული ქცევით სწავლობენ, ითვისებენ იმას, რასაც ხედავენ. ყველა უნდა ვიაზრებდეთ ერთ ჭეშმარიტებას – ისეთი მომავალი გვექნება, როგორ თაობასაც აღვზრდით, ისეთი სახელმწიფო გვექნება, როგორი მოქალაქეებიც გვეყოლება. გვინდა მშვიდობიანი, განვითარებული და უსაფრთხო ცხოვრება? მაშინ შვილები ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებით უნდა აღვზარდოთ. მშობლებო, ამას ვერავინ გააკეთებს თქვენზე უკეთ.
-დავუშვათ, ჩვენი შვილი ქვეყნისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ავლენს და ოცნებობს სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა?
– მართლაც ასეა, სხვა ქვეყნებში ცხოვრებაზე ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, რადგან მოსწონთ იმ ქვეყნების კულტურა, სამართლებრივი გარემო, დემოკრატიული ღირებულებები, სიმშვიდე, სტაბილურობა. ასეთ დროს შვილს უნდა ვუთხრათ: ეს ყველაფერი მოქალაქეებმა შექმნეს, თავისი მონდომებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებით და ერთობლივი ძალისხმევით. მოდი, თუ უკეთესი ქვეყანა გვინდა, გვქონდეს და ამისთვის თავადაც შევუდგეთ მის აშენებას, მათ თუ შეძლეს ჩვენ რატომ არ გამოგვივა?
– რომ დავაზუსტოთ, როგორ ამოვიცნოთ ასეთი ინდიფერენტულობა, იქნებ მხოლოდ ამბობს და არ ფიქრობს იმავეს?
– ქვეყანაზე ზრუნვა, საკუთარი სახლზე, ეზოზე, სკოლაზე ზრუნვით იწყება. აქ მასწავლებლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თუ მოსწავლე ინდიფერენტულია და არ აინტერესებს, როგორ გამოიყურება საკლასო გარემო ან რამდენად უსაფრთხო და მოწესრიგებულია, ცხადია, ის ინდიფერენტულობას გამოავლენს სხვა შემთხვევებშიც და არც საზოგადოებრივი წესრიგით დაინტერესდება. სწორედ ამიტომ, დროული რეაგირება უნდა მოხდეს, გამოვყოთ დრო ასეთ თემებზე სასაუბროდ და დავარწმუნოთ ახალგაზრდები იმაში, რომ მათი მოქმედება და ჩართულობა გადამწყვეტია.
– მშობლებისთვის რომ ახსნათ, რატომ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, ბევრი მშობელი ამბობს: „გაიზრდება და მიხვდება, რომ ცდებოდა“, ეს ასეა?
– ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ და უნდა გვესმოდეს, რომ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს თავისი ეტაპები აქვს. ღირებულებების ჩამოყალიბებას და ქმედებებად გარდაქმნას დრო სჭირდება. სწორედ ამიტომაა განმსაზღვრელი მშობლის როლი, მან დროულად და მიზანმიმართულად უნდა ჩამოაყალიბოს შვილის სახელმწიფოებრივი აზროვნება და თვითონ უნდა იქცეს შვილისთვის ღირსეული მოქალაქის მაგალითად, ესაა ერთადერთი გზა, ჩვენ თუ თავად არ გვაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები, აბა, ბავშვს რას ვთხოვთ?!
– დასასრულს, გაგვიზიარეთ ის მიდგომები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება, შვილი პასუხისმგებლიან მოქალაქედ აღზარდოს.
1. დიალოგი შვილთან, ნაცვლად მონოლოგისა!;
2. მეგობრობა და არა მასწავლებლობა;
3. საქმეებისა და პასუხისმგებლობების გაზიარება მათთან ერთად;
4. ჩხუბის ნაცვლად, ჯანსაღი საუბარი;
5. ტოლერანტობის სწავლა;
6. ქვეყნის ისტორიის გაცნობა;
7. პიროვნული და აკადემიური განვითარების ხელშეწყობა;
8. ჩართულობის მნიშვნელობის ჩვენება;
9. ადამიანების მიმართაც სიყვარულის გაღვივება და არა პირიქით;
10. თანაბარი მონაწილეობა საოჯახო თუ საზოგადოებრივ საქმეებში.
ასევე იხილეთ: