„ვინ აღვზარდო? როგორ აღვზარდო? რა ვასწავლო?“ – სამოქალაქო განათლების როლი მოქალაქის ფორმირების პროცესში
„თითოეული მასწავლებლის ვალია იცოდეს ვინ აღზარდოს, ამაში მას განათლების ზოგადი კანონი ეხმარება, ეროვნული სასწავლო გეგმა, იმ საგნის პროფესიული სტანდარტი, რომელსაც ასწავლის, მაგრამ უმთავრესად ქვეყნის კონსტიტუცია“
მათ, ვინც პედაგოგიკა ჩემს მსგავსად სამეცნიერო სივრცეში, უნივერსიტეტში შეისწავლეს, უსათუოდ გავლილი ექნებათ საგანი პედაგოგიკის შესავალი, სადაც სხვა მრავალ საჭირო საკითხთან ერთად, დიდაქტიკის თემასაც ასწავლიან. დიდაქტიკა სწავლებისა და აღზრდის თეორიაა, მისი ცოდნით მოქმედი თუ მომავალი პედაგოგები სწავლების პროცესის მიზანს, შინაარსსა და მთავარ პრინციპებს სწავლობენ. ჩემი ლექტორი, ქეთევან ჭკუასელი, რომელიც ამ საგანს გვასწავლიდა, მუდმივად გვიმეორებდა დიდაქტიკის სამ შეკითხვას: ვინ აღვზარდო, როგორ აღვზარდო, რა ვასწავლო. კურსის დასრულებამდე ამ სამ კითხვაზე პასუხი 120-სავე სტუდენტს უნდა გვქონოდა, ეს იყო უმოკლესი გზა ჩვენი ადგილისა და მნიშვნელობის გასააზრებლად, რის გარეშეც პროფესიაში ჩართვას ვერ შევძლებდით. კითხვებზე პასუხების ძიებამ კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას მთავარი შეკითხვა წარმოშვა: ,,და თავად ვინ ვარ მე’’. მივხვდით, რომ ნამდვილი მასწავლებლები გავხდებოდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც პასუხებს ვიპოვნიდით ამ ოთხ მთავარ შეკითხვაზე და ზუსტად გვეცოდინებოდა ,,აქ რა გვინდა’’.
სამეცნიერო თეორიებიდან სკოლამდე თითეული მასწავლებელი არც ისე მოკლე გზას გადის, იმეცნებს საკუთარ პიროვნებას, ეცნობა სხვადასხვა თეორიას, აგებს სწავლების სტრატეგიებს, სწავლობს ურთიერთობის ფსიქოლოგიას, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ და საბოოლოოდ იგებს რისთვის აღმოჩნდა ამ პროფესიაში, სწორედ აქედან იწყება მისი პედაგოგიური საქმიანობაც.
მას შემდეგ, რაც საკუთარ თავში გაერკვევა, თითოეული მასწავლებლის ვალი ხდება, იცოდეს ვინ აღზრდოს. ამაში განათლების ზოგადი კანონი ეხმარება, ეროვნული სასწავლო გეგმა, იმ საგნის პროფესიული სტანდარტიც, რომელსაც ასწავლის, მაგრამ უმთავრესად საქართველოს კონსტიტუაცია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსწავლეებს მოსწავლეებად კი არა მომავალ მოქალაქეებად ვზრდით. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების საგნის როლი, რადგან მოსწავლე უშუალოდ სწავლობს იმ საკითხებს, რომლებიც მას ჯერ პიროვნებად, შემდგომ კი მოქალაქედ აქცევს.
VII კლასისან მეათე კლასამდე ამ საგნის მასწავლებლები ვასწავლით ვინ არის ინდივიდი, რა ფუნქცია აქვს სახელმწიფოს, როგორ იმართება და რისთვის; რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორ დავგეგმოთ მომავალი ისე, რომ გავითვალისწინოთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეებიც და გარეშე გამოწვევებიც. ცხადია, კიდევ უამრავი საკითხია, რომელიც მოქალაქემ უნდა იცოდეს.
სამოქალაქო განათლების მასწავლებლისთვის ვინ აღვზარდო კითხვაზე პასუხი ერთ სიტყვიანია – მ-ო-ქ-ა-ლ-ა-ქ-ე, მაგრამ როგორი მოქალაქე? ამაში უკვე როგორც ვთქვი, სხვადასხვა დოკუმენტი გვეხმარება, უმთავრესად კი საქართველოს კონსტიტიუცია. ვისი აღზრდა გვსურს? ჰუმანისტი, თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატი, მოაზროვნე, გარემოსა და სახელმწიფოზე მზრუნველი ადამინის აღზრდა… თითოეული, რაც ჩამოვთვალეთ კიდევ დამატებით კითხვებს გვიჩენს. როგორი უნდა იყოს ჰუმანისტი ადამიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი ა.შ. აქ უკვე მასწავლებლის პროფესიულ ღირებულებითა სისტემა ერთვება, მასწავლებელი, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი სტატუსის მნიშვნელობა, თავს არ ახვევს მოსწავლეს ზოგად წარმოდგენებს, არამედ კონკრეტული მაგალითების ანალიზით თავად მიჰყავს მოსწავლე პასუხამდე.
სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე და პროფესიონალიზმი მოეთხოვებათ, რადგან საქმე გვაქვს ცნებებთან, რომელიც შესაძლოა ძალიან სუბიექტური იყოს და მათგანაც არც თუ ისე ჰუმანურ პასუხებს ვისმენდეთ. მაგალითად, მე-10 კლასელმა მოსწალემ მითხრა, რომ დამოუკიდებელია ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს, პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავზე, არ აინტერესებს სხვების პრობლემები, სახელმწიფო, საზოგადოება და ა.შ.
მოზარდებში ამგვარ პოზიციებს ხშირად შევხვდებით, რაც მათი ასაკითხვის დამახასიათებელია, რადგან ასეთ თემებს ,,უფროსების პრობლემებად’’ თვლიან და შინაგანი პროტესტიც აქვთ, რატომ უნდა იფიქრონ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე, როცა მათი სამყარო არც ისე დიდია. ჩვენი, მასწავლებლის ფუნქციაა ვიმუშაოთ უფრო მეტი არა იმიტომ, რომ ჩვენს აზრებზე გადმოვიყვანოთ, არამედ იმისთვის, რომ დავაფიქროთ. რადგან თუ ვაპირებთ გვყავდეს მოქალაქეები, უნდა ვაჩვენოთ მაღალი სტანდარტი და ნაბიჯ-ნაბიჯ ვუბიძგოთ კრიტიკული აზროვნებისკენ, რომელიც აუცილებლად დააეჭვებთ და უფრო მეტსაც იკვლევენ, რადგან მათი გონება ამ ასაკში სწორედ ამისკენაა მიმართული.
მოქალაქედ ფორმირების პროცესი ხანმოკლე არაა, მასწავლებლებს კი უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ჩვენ დაგვჭირდა დრო შევმდგარიყავით მასწავლებლებად, ისევე სჭირდებათ მათაც, და ამ პროცესს შეგნებით მივუდგეთ.
ცნობისთვის, ,,მოქალაქეობის“ საგნის სტანდარტში ასეთი ჩანაწერია: ,,ეროვნული სასწავლო გეგმა სავალდებულო თემების გასაშლელად საჭირო საკითხებს სავალდებულო სახით არ განსაზღვრავს. პედაგოგებსა და სახელმძღვანელოს ავტორებს უფლება აქვთ თითოეული თემისთვის საკითხები თავად შეარჩიონ’’, – რაც იმას ნიშნავს რომ მასწავლებელს აქვს უფლება აღნიშნული საკითხები ჩაანაცვლოს იმ საკითხებით, რომელთა გავლაც უფრო მნიშვნელოვანად მიაჩნია, თუმცა ის არ უნდა ცდებოდეს თემატური ბლოკის თემას.
გარდა ამისა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში განმარტებულია, რომ არა მარტო მოქალაქეობისა და საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის საგნებმა, არამედ ყველა სასკოლო საგანმა უნდა შეძლოს მომავალ მოქალაქეში იმ უნარ-ჩვევათა განვითარება, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია გაცხადებული, რათა მოქალაქემ შეძლოს: ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება; ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა; ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება; შემოქმედებითობა; კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან; კანონმორჩილება და ტოლერანტობა.
სკოლა, მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია რესურსია იმისთვის, რომ სახელმწიფომ ოფიციალური პოლიტიკის გატარება შეძლოს და აღზარდოს ზუსტად ისეთი მოქალაქე, როგორის საჭიროებაც აქვს.
ასევე იხილეთ:
„ხშირად, მშობლები გვთხოვენ ვიყოთ მომთხოვნები და მკაცრები, არატრადიციულ მეთოდებს ნაკლებად ენდობიან“
ავტორი: მზეო შველიძე,სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი. სერვანტესის სახელობის კერძო გიმნაზია AIA-Gess
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება