„დირექტორის კაბინეტის კარი უმეტესად ღია უნდა იყოს“ – EDU.ARIS.GE-ს სკოლის გამოცდილმა დირექტორმა უმასპინძლა (+ვიდეო)
სკოლის დირექტორისთვის სამუშაო კაბინეტი ის ადგილია, რომელშიც დღის გარკვეულ ნაწილს ატარებს. სწორედ იქ იღებს სკოლის სტუმრებს, მოსწავლეებს, მშობლებს. ერთი სიტყვით, გეგმავს და წარმართავს პროფესიულ საქმიანობას. დირექტორის სამუშაო კაბინეტი მოგვითხრობს არა მარტო სკოლის დირექტორის, არამედ სრულად სასკოლო საზოგადოების შესახებ. თემაზე მორის დანდურიშვილი, ხაშურის 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორი გვესაუბრება და საკუთარ კაბინეტში EDU.ARIS.GE-ს მასპინძლობს.
გამოცდილი კადრი იმ დროს იხსენებს, როცა სკოლის დირექტორი გახდა. მას ვკითხეთ – რა იყო ის ნივთები, რომლებიც საკუთარი სამუშაო ოთახისთვის შეარჩია და რა დახვდა კაბინეტში.
იხილეთ: ვიდეო
„როცა სკოლის დირექტორი გავხდი, ჩემს სამუშაო ოთახში იყო თავისუფალი სივრცეები (კედლები, კარადები). შევეცადე დამეტვირთა იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებს აქვთ ოლიმპიადებში, ინტელექტუალურ და სპორტულ შეჯიბრებებში მიღებული ჯილდოებით, გამარჯვებებით, ასევე შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების ნამუშევრებით, რაც ჩემთვისაც მამოტივირებელი აღმოჩნდა და ასევე, განვათავსე ჩემი, როგორც დირექტორის და მასწავლებლის ჯილდოები, სერტიფიკატები და სიგელები. ისინი ქრონოლოგიურად აღწერენ ჩემ პროფესიულ განვითარებას“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
მორის დანდურიშვილი გვიყვება, რომ ის არასდროს იბარებს მოსწავლეებს საკუთარ კაბინეტში, როცა რომელიმე არც თუ ისე კარგად იქცევა და იმ “საშვების“ შესახებ მოგვითხრობს, რომლის გამოც მოსწავლეები მის სამუშაო კაბინეტში ხვდებიან. ჩამონათვალი ასეთია:
1.მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატება, რომლის შესახებაც დირექტორმა უნდა იცოდეს;
2.მისი სურვილი დირექტორი ჩართოს მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
3.მოსწავლის ინიციატივა, რომელიც სკოლაში განათლების ხარისხს და მოსწავლეთა მოტივაციას გაზრდის.
დირექტორის ეს რჩევა კი ალბათ მომავალი სკოლის დირექტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მათთვისაც ვინც საკუთარ სამუშაო სივრცეს ახლა აწყობს ან უკვე მოწყობილის გადახალისება აქვთ დაგეგმილი:
“სკოლის დირექტორის, საგანმანათლებლო ლიდერის კაბინეტი უნდა იყოს მეტყველი და იწვევდეს სტუმრის ნდობას, თანასწორობის განცდას. ამისათვის მე, მაგალითად მოვიფიქრე, რომ დირექტორისა და სტუმრის სავარძლები ერთნაირი ყოფილიყო. ასევე მნიშვნელოვანია, დირექტორმა გაითვალისწინოს, რომ მისი კაბინეტი გახდეს მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა წახალისების ადგილი. სულ ვცდილობ, მოსწავლეს მანდატურის ოთახში შევხვდე, თუ მას იმიტომ დაუძახეს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამო, დირექტორის ჩართულობაა აუცილებელი. დირექტორი კაბინეტის კარი უმეტესად ღია უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო ეხმარება გარშემომყოფებს, რომ სკოლის დირექტორი აღიქვან, როგორც მათთან მყოფი (ჩემ შემთხვევაში ასეა). და ბოლოს, არ “იმუშაოთ“ სკოლის დირექტორებად, არამედ იყავით საგანმანათლებლო ლიდერები!”, – მიმართავს კოლეგებს ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი.
ასევე იხილეთ: