GE
25 ივლისი, 2022 12:40

„ერთი პროექტორი გვენატრება“ – დუშეთის სოფლის სკოლის ამბავი

„როცა ბავშვებს ვუთხარი, პროექტორი უნდა გაჩვენოთ-მეთქი, გაუკვირდათ, ეგ რა არის, – პრინტერიო, იკითხეს. წარმოგიდგენიათ, 21-ე საუკუნეში, ათოსან მოსწავლეებს პროექტორი არ ჰქონდათ ნანახი“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ებნისში მდებარე სკოლაში მივლინებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სანათა ოჩიაური.

სოფელ ებნისში სკოლის შენობა კი არის და იქ მოსწავლეებიც დადიან, მაგრამ ახლა მას ჭილურტის საჯარო სკოლა ჰქვია. ეს სოფლები ერთმანეთისგან 3 კილომეტრითაა დაშორებული. რადგან ებნისის სკოლაში 10 მოსწავლეც არ ირიცხებოდა, ის მეზობელი სოფლის სკოლის ადმინისტრაციას დაუქვემდებარეს.

„ორი წელია, რაც ამ სკოლაში ვასწავლი. მომავალ სასწავლო წელს სულ 6 მოსწავლე გვეყოლება. ერთი პროექტორი გვენატრება… 2010 წლიდან მოხდა ასეთი მცირეკონტიგენტიანი სკოლების ოპტიმიზაცია და დაექვემდებარა მეზობელი სოფლის სკოლას. ადმინისტრაცია გვყავს საერთო, მაგრამ ბავშვები და მასწავლებლები – არა. რეალობა ესაა არანაირი რესურსი არ გვაქვს ჩვენი მცირე კონტიგენტიდან გამომდინარე. სახელმწიფომ დაზოგა ადმინისტრაციის ხელფასები ამ სკოლისთვის და იმიტომ ვექვემდებარებით სხვა სკოლას. ასეთი სკოლები წალკაშიც არის და სხვაგანაც – მცირე კონტინგენტიანობის გამო რომ შეუერთეს სხვას“, – ამბობს მასწავლებელი.

როგორც სანათა ოჩიაური გვიყვება, 2022-2023 სასწავლო წელს, ებნისში იქნება ერთი პირველკლასელი, ერთი – მეხუთე, ერთი – მეექვსე, ერთი – მერვე და ორი – მეცხრე კლასელი მოსწავლე. სკოლაში სულ 12 მასწავლებელია და ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებს ერთი მასწავლებელი ასწავლის. ისინი პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში არიან დასაქმებულნი. თავად სანათა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მკვიდრია და ებნისში სახლი აქვს დაქირავებული.

„კადრების დეფიციტი იყო, არავინ მიდიოდა და პროგრამით, „ასწავლე საქართველოსთვის“ წავედი ამ სკოლაში. ძალიან ჭირს მისვლა უტრანსპორტობის გამო. არ აქვთ წყალი და სოფელი ნელ-ნელა იცლება. სკოლაც თუ არ იქნება, სრულად დაიცლება იქაურობა. სკოლის ინტერნეტი არ ჰყოფნით ბავშვებს სამუშაოდ და პედაგოგები ვუზიარებთ ტელეფონიდან. ინტერნეტს აღარ ვჩივით, ამ პრობლემას რაღაცნაირად ვაგვარებთ. მთავარია, ტექნიკა გვქონდეს. რესურსების არქონის პრობლემა დგას. ძალიან ძნელია, სხვა სკოლიდან თუ სახლიდან მიიტანო ის, რაც გჭირდება მასწავლებელს. ადგილზე კი არაფერი გვაქვს. რაც არის, მოძველებულია. სკოლა იმდენად მცირებიუჯეტიანია, რომც მოითხოვო მასწავლებელმა რამე, აზრი არ აქვს, რადგან იცი, რომ ბიუჯეტში თანხები არ არის. რა რესურსის ხელით გაკეთებაც შეიძლება, კი, შექმნი, მაგრამ ტექნიკას ხომ ვერ შექმნი ხელით?“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პედაგოგმა.

სანათა ოჩიაური ამბობს, რომ თითქმის ყველა ებნისელი მოსწავლე ათოსანია. სკოლა ცხრაწლიანია, რომლის დამთავრების შემდეგაც მშობლები დიდი დილემის წინაშე დგებიან – სად ასწავლონ შვილებს.

„ძირითადად, რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ, მჭადიჯვრის სკოლაში გადადიან – ტრანსპორტი ემსახურებათ. ზოგი დუშეთში გადადის სასწავლებლად, ზოგი კი სულ ანებებს სწავლას თავს. ამ დროს ძირითადად ათოსანი მოსწავლეები გვყავს. წელს მე-9 კლასი სამმა ბავშვმა დაამთავრა და მათგან ორი ათოსანი იყო და როგორც წარჩინებული მოსწავლეები, კომპიუტერის მიღების კანდიდატებიც არიან. მესამე შშმ პირია და სწავლა ცოტა უჭირდა. ყველა ბავშვი მოტივირებულია, ოღონდ რამე მიუტანე და გააკეთებინე. სიახლეები ძალიან უყვართ. მათთვის ყველაფერი სიახლეა. ხელი არ მიუწვდებათ რაიმე წრეზე, არც რაიმე სახის აქტივობებზე და ყველაფერი ახალი უხარიათ. მოსწავლეები შეჩვეულები არიან, რომ კლასში მარტო ან ერთ თანაკლასელთან ერთად სხედან და ჯგუფური მუშაობის გამოცდილებაც არ აქვთ. მერე კი ეშინიათ სხვა სკოლაში გადასვლის, რადგან ფიქრობენ, რომ დაბრკოლებებს შეხვდებიან. არადა, მართლა თავდაუზოგავად სწავლობენ და როგორც ტექნიკურ, ისე ჰუმანიტარულ საგნებში ძალიან ძლიერები არიან“, – ამბობს სანათა ოჩიაური.

ასევე იხილეთ:

ისტის მასწავლებელი: როდესაც მოსწავლე ჩამორჩენილია ქართულში, ის ჩამორჩება ამ საგანშიც

„პირველი გაკვეთილი რომ ჩავატარე, ხმა მიკანკალებდა“ – 15 წლის ხობელი გოგონა, რომელიც მოსწავლეებს ქიმიას ასწავლის

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში