ერთად ვისწავლოთ ლექსის მხატვრულად წაკითხვა – დამხმარე ინსტრუქციები პატარებსა და მშობლებს
„დედიკო, წაგვიკითხავ ლექსს?“, „ნუ გრცხვენია, თამამად“, „იმდენი ლექსი იცის, მაგრამ ახლა ჩუმადაა“… – მსგავსი ფრაზები მშობლებისგან ყველას მოგვისმენია. დედისა თუ მამისთვის ადამიანებისგან შვილის შექებით გამოწვეული სიამაყის შეგრძნება ხომ მართლაც სასიამოვნოა.
როცა პატარა საყვარელი ლექსის ერთ სტროფს კითხულობს თქვენ უსათუოდ უნდა დაინახოთ როგორი მონდომება, შრომა, “სული და გული” ჩადო მან ამ მნიშვნელოვან საქმეში.
მოდით, დავეხმაროთ პატარებს. ერთად ვასწავლოთ მათ ლექსის გამოთქმით თუ ხატოვნად წაკითხვა და პრაქტიკული ინსტრუქციაც მივცეთ.
EDU.ARIS.GE-სთან დღეს, 17 დეკემბერს, ქუთაისის მე-20 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ლალი გიორგაძე-რეხვიაშვილი ისაუბრებს. ლალი მასწავლებლის ე.წ. მეხსიერების ბარათი უამრავ ისეთ ვიდეოს იტევს, სადაც მოსწავლეები ლექსებს მთელი ემოციით კითხულობენ.
ყველა საჭირო დარიგება:
ბავშვს მახსოვრობის უნარი სკოლამდელი ასაკიდან მოჰყვება. როდესაც იგი სკოლაში მოდის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ისევ პატარა ბავშვთან გვაქვს, მერე რა, რომ სკოლაში შემოვიდა, სასწავლო პროგრამაში ასახული ლექსების დაზეპირება, არ უნდა იყოს მისთვის შეუსრულებელი მისია. დასწავლის პროცესმა სიამოვნება და რაც მთავარია, შედეგი უნდა მოუტანოს. შედეგში ვგულისხმობ მეტყველების ელემენტების დახვეწას: ინტონაციას, პაუზას, ხასიათში თხრობას.. რაც შეეხება ლექსის შერჩევის პროცესს, ჯერ სასწავლო მასალას განვიხილავთ და შერჩეული ლექსი არ უნდა იყოს ძალიან დიდი.
მხატვრული კითხვის ერთ-ერთ გამართლებული მეთოდია თავადაც წაუკითხოთ! მოსწავლეებს ვასმენინებ როგორია უყურადრებოდ და ტლანქად წაკითხული ლექსი, შემდეგ პირიქით. მივმართავ კითხვით: “აბა, რომელი თხრობაა მოსასმენად უკეთესი?”, აქვე მოვაყოლებ ჩემს საყვარელ კითხვას: “რატომ?”. ბავშვისთვის საკუთარ მოსაზრებაზე დაფუძნებული მსჯელობა საუკეთესო ინსტრუქციაა.
ლექსის გამოთქმით წაკითხვამდე, პედაგოგიურ პრაქტიკაში რიგ პრობლემებს ვაწყდები და თავად ვპასუხობ. დასწავლა, აუდიტორიის წინაშე წარდგენის სირთულე, სიმორცხვე, მეტყველების პრობლემა.. არასოდეს მიფიქრია, რომ მსგავს პრობლემას გავექცე, პირიქით, მშობლებთან და კოლეგებთან ხშირი თანამშრომლობით სასურველ შედეგამდე მივსულვარ.
დამახსოვრებისა და აუდიტორიის წინააშე წარდგენის პრობლემის შემთხვევაში ამ მეთოდებს მივმართავ. პირველ რიგში, ვარჩევ პატარა ზომის მარტივ ლექსებს, ვუკითხავ, ვაძლევ უფლებას აირჩიოს სასურველი ლექსი, (ასე უფრო მიმარტივდება მოსწავლესთან შედეგზე გასვლა). ვიგებ მის განწყობას. შემდეგ იწყება დასწავლის ეტაპი, გამბედაობისთვის მონაცვლეობით თხრობის მეთოდს მივმართავ, ვიწყებ და აგრძელებს მოსწავლე და ასე გრძელდება უკეთეს შედეგამდე.
შემდეგ ეტაპზე მასწავლებლს ჩაენაცვლება სასურველი კლასელი, ეს გამბედაობას ზრდის. პროცესი სრულ დამოუკიდებლობამდე გრძელდება. გზადაგზა მოსწავლეს პროგრესს წავახალისებთ, ოვაციებით ვხვდებით წარმატებას და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. საბოლოდ, მოსწავლე აუდიტორიის წინაშე წარდგენის შიშსაც უმკლავდება, დამახსოვრების და დამოუკიდებლად თხრობის უნარსაც იძენს.
ასევე იხილეთ:
როცა 5 წლის ბავშვი მოსწავლე ხდება – როგორი უნდა იყოს ყურადღებიანი მშობლის დახმარების გეგმა