როცა 5 წლის ბავშვი მოსწავლე ხდება – როგორი უნდა იყოს ყურადღებიანი მშობლის დახმარების გეგმა
2025-2026 სასწავლო წლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების სკოლაში შესვლა იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლის სურვილის შემთხვევაში, 5 წლის ბავშვი სკოლის მოსწავლე გახდება.
დაწყებითი კლასების გამოცდილი პედაგოგი, ირინა ფუტკარაძე, რომელსაც ასევე აქვს პრესქულში (სკოლამდელი განათლების საფეხური, ნული კლასი) მუშაობის გამოცდილება, EDU.ARIS.GE-ს დღეს, 11 დეკემბერს საკუთარი პრაქტიკით უამბობს, თუ რისთვის უნდა იყვნენ მზად მომავალი პირველკლასელების მშობლები.
– ირინა, თქვენი დაკვირვებით, რა გამოწვევები ელით წინ 5 წლის მომავალი მოსწავლეების მშობლებს?
– 5 წლის ბავშვებს უმეტესად უჭირთ ერთსა და იმავე საქმეზე დიდხანს კონცენტრაცია, აქვთ ყურადღების დეფიციტი, უჭირთ მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვა, არ აქვთ სოციალური უნარ-ჩვევები და ვერ ამყარებენ კლასელებთან ჯანსაღ კომუნიკაციას.
მშობლებში პოპულაურული გახდა ფრაზა: “ერთ წელს კარგავს ბავშვი და რა კარგია, რომ შეიცვალა კანონი”. პირველიკლასის სასწავლო პროგრამა საკმაოდ გადატვირთულია, ხოლო მშობლის დღის რეჟიმი ყოველდღიური საქმეებით დახუნძლული. სამუშაოდან გამომდინარე მშობლები რეპეტიტორებში ხედავენ გამოსავალს, ხოლო რეპეტიტორები რამდენად სწორად ამეცადინებენ ამაზე სხვა დროს.. ამ ფონზე, მზად არიან მშობლები, მეტი დრო გაატარონ შვილთან, თუ იმისთვის არიან მზად, რომ რეპეტიტორები აუყვანონ 5 წლის ასაკიდან?! ეს გამოწვევა რეალურია და ჩვენ ამას პრაქტიკაში ვხედავთ.
– რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და რა არის ის შეცდომები, რომლის დაშვებაც არ წაადგება 5 წლის მოსწავლის განვითარებას?
– ჩემი პირადი დაკვირვებით, მშობლები ფიქრობენ, რომ 1-ელ კლასში მთავარი კითხვის წინასწარ ცოდნა, ბევრი ლექსის დაზეპირება და ანგარიშის ცოდნაა. მშობლების აზრით, ასეთი ბავშვი მზად არის მოსწავლეობისათვის, რეალობა კი ბევრად სხვანაირია. აუცილებელია, პატარა ასაკიდანვე თვითმომსახურების, მარტივი ინტრუქციების გაგების, ჰიგიენური ნორმების დაცვა. ბავშვებს უნდა მივცეთ მეტი დამოუკიდებლობა.
რაც შეეხება თამაშებს, თავდაპირველად მშობლებმა უნდა გამოყონ ბავშვთან სეირნობისა და თამაშის დრო, სადაც ბავშვი თავისთავად სწავლობს სწორ ურთიერთობებს. გაითვალისწინეთ, რომ გაჯეტებში გაზრდილი ბავშვები რეალურ ცხოვრებაშიც მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთთან ჩხუბით, სირბილითა და ხელის კვრით შემოიფარგლებიან, მათ გონებას უჭირს მშვიდი ურთიერთობები, კომუნიკაცია და თამაში.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS