GE
28 ივლისი, 2023 12:20

რა უნდა ვიცოდეთ საზაფხულო ბანაკის შერჩევისას – თინეიჯერი საკუთარ გამოცდილებას მოსწავლეებსა და მშობლებს უზიარებს

სასკოლო ასაკის შვილისთვის ზაფხულის არდადეგების გასატარებლად მშობლები მათთვის ადეკვატური ადგილის შერჩევას ცდილობენ. ისეთის, სადაც მოსწავლეები, დასვენებასთან ერთად, სწავლას და საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებასაც მოახერხებენ. ასეთი ძიებისას, ხშირად, მშობლები არჩევანს აკეთებენ საზაფხულო ბანაკებზე. სხვათა შორის, საზაფხულო ბანაკების სიმცირე არც ჩვენს ქვეყანაშია და მით უფრო, არც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

თუმცა იმისთვის, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ნამდვილად სჯობს, მათი შერჩევის პროცესს სიფრთხილითა და დაკვირვებით მოეკიდოთ.

EDU.ARIS.GE-ს დღევანდელი სტატიის რესპონდენტი, თაკო მთიულიშვილი, დაწყებითი კლასიდან საზაფხულო დასვენებებისა და ბანაკების მოყვარულია. ახლა 18 წლის არის და გვიყვება, რომ ამ წლების მანძილზე, არაერთ ბანაკში დაუსვენია. საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, თაკო სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასარგებლო რჩევებს უზიარებს, თუ როგორი გეგმითა და მიდგომებით სჯობს საზაფხულო ბანაკის შერჩევა

– თაკო, პირველ რიგში, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა მომსახურებას გვთავაზობენ საზაფხულო ბანაკები საქართველოში?

– ჩემი ბანაკებისადმი სიყვარული 2018 წელს დაიწყო, როცა პირველად გავიგე როგორია სახლიდან შორს, ბევრ უცხო ადამიანთან ერთად რამდენიმე დღის გატარება. მას შემდეგ, არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ზამთრის ბანაკებშიც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. ყველა ბანაკში, რომელშიც ვყოფილვარ, იყო განსხვავება მომსახურეობებს შორის, პრობლემებიც იყო, რომელზეც ვისაუბრებ და, რასაკვირველია, იყო სიხარულიც, რადგან ჩემს თანატოლებთან ერთად ვიყავი.

– თაკო, რა უნდა გავითვალისწინოთ საზაფხულო ბანაკის შერჩევისას და რატომ?

– ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ორგანიზატორია, ბანაკში წასვლამდე, სასურველია, თინეიჯერებმა ორგანიზატორის და კონკრეტული ბანაკის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მოიპოვონ. კარგი ორგანიზატორისა და ლიდერების გარეშე, ბანაკში წასვლა არ ღირს. ასევე, უნდა იცოდნენ რას სთავაზობთ ბანაკი. განცხადებაში მითითებული შეთავაზებები, რომ გთავაზობთ ამას და ამას, ყოველთვის სარეკლამოა, ამიტომ, მე გირჩევთ, მშობელთან ერთად გაესაუბროთ ბანაკის წარმომადგენელს და ყველა ის კითხვა დაუსვათ, რომელიც გაინტერესებთ.

– რა პირობებს უნდა გთავაზობდეთ ბანაკი, რომ მისი მომსახურება დადებითად შეაფასოთ

– პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტად, რაც ბანაკში გვჭირდება სამჯერადი კვება და კომფორტული ოთახებია. სხვადასხვა აქტივობის, შემეცნებითი ლექციის თუ უბრალოდ, ბუნების დალაშქვრის შემდეგ, ყველაზე მეტად რაც განტვირთვაში გვეხმარება, ზემოთ ნახსენები ორი პირობაა. ასევე, ძალიან დიდ როლს თამაშობს ჯგუფის ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებას, 24-საათიან ყურადღებას აქცევს ბანაკის წევრებს და ყველაფერს აკეთებს მათი უსაფრთხოებისთვის. ბანაკის დღეებში ჩვენი ლიდერი, ასე ვთქვათ ჩვენი მშობლის როლს ასრულებს და თუ ლიდერები ამ პირობებს აკმაყოფილებენ, ბანაკი მართლაც დაუვიწყარი ხდება.

– მიეცით რჩევა მათ ვინც ახლა სასურველი ბანაკის შერჩევის პროცესშია

  • შეარჩიეთ ისეთი ბანაკი, რომელიც გთავაზობთ ბევრ აქტივობას, გაწვდით სრულ ინფორმაციას ბანაკის ორგანიზატორზე, ტრანსპორტირების საკითხზე და სრულ პასუხისმგებლობას იღებს თქვენზე;
  •  არ იფიქროთ, რომ ბანაკში მარტო იქნებით და თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. ბანაკიდან დაბრუნდებით უამრავი ახალი მეგობრით, გამოცდილებითა და მოგონებით, მე წამოსვლის დროს ყოველთვის ზღვა ემოციებით ვბრუნდები სახლში და რამდენიმე კვირა განუწყვეტლივ ბანაკის დღეებზე ვფიქრობ.
  • თუ ბანაკში უცხოდ გრძნობთ თავს და არც პირობებით იქნებით აღფრთოვანებული, უბრალოდ დატოვეთ! დანარჩენს მშობელი მოაგვარებს!
  •  გამოიყენეთ ყველა შანსი იმისთვის, რომ ეს წლები დასამახსოვრებელი გახადოთ, ბანაკი ამის საშუალებას ნამდვილად გაძლევთ.

ასევე იხილეთ:

ზღვაზე დასვენების თავისებურებები – რა არ უნდა გამორჩეთ მშობლებს

ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში