GE
24 მაისი, 2022 10:51

ფოთელმა მოსწავლეებმა გაკვეთილზე ბებიები მიიწვიეს

ფოთის N1 საჯარო სკოლაში II კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე ბებიები მიიწვიეს, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში ჩაერთვნენ და შვილიშვილებთან და მათ კლასელებთან სახალისო ამბებიც გაიხსენეს.

იდეა, რომ გაკვეთილი ბებიებთან ერთად ჩატარებულიყო, კლასის დამრიგებელს, მედეა მიშველაძეს ეკუთვნის. როგორც მედეა მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან ყვება, ბებიები იმიტომ მიიწვია, რომ ახსოვს მათი ჩართულობა დისტანციური სწავლების დროს.

„ბებიები აქტიურად იყვნენ ჩართული, გვერდით ესხდნენ შვილიშვილებს და მესმოდა მათი ხმებიც, როგორ ეხმარებოდნენ პატარებს ონლაინ სწავლების დროს. მაშინ ვიფიქრე, რომ გაკვეთილზე მოგვეწვია ისინი და ერთად მოვფერებოდით“, – გვითხრა პედაგოგმა.

მედეა მიშველაძემ სკოლაში მოწვეულ ბებიებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა: სტუმრებს ბავშვების ხელნაწერების ნახვის შემდეგ უნდა გამოეცნოთ, რომელი იყო მათი შვილიშვილის დაწერილი. ასევე, ბებიებს უნდა გაეხსენებინათ საკუთარი ბავშვობა და მოგონებები მოსწავლეებისთვის გაეზიარებინათ.

„ბავშვებს დავაწერინე მისალოცი ბარათები, ოღონდ სახელი და გვარი არ მივაწერე და ბებიებს უნდა გამოეცნოთ თავიანთი შვილიშვილების ნაწერები. ასევე, მქონდა ბებიების ახალგაზრდობის ფოტოები და ბაშვებს ფოტოებზე თავიანთი ბებია უნდა ამოეცნოთ. სხვათა შორის, ბებიებს უფრო გაუჭირდათ გამოცნობა. ბავშვებმა ალბათ ძალიან მოინდომეს, რომ უფრო ლამაზად დაეწერათ, ვიდრე წერენ და ამიტომაც ცოტა დაიბნენ ბებოები. ბავშვების უმეტესობამ კი ამოიცნო თავისი ბებია ახალგაზრდობაში.

„ბებიებმა ასევე გაგვიზიარეს ბავშვობისდროინდელი მოგონებები, მოსწავლეებს კი თვალები უბრწყინავდათ მათი ამბების მოსმენისას. ერთმა ბებიამ მოგვიყვა, მელანი და კალმისტრები გვქონდა ჩემი ბავშვობისას სკოლაში და ერთხელ ისე გავრბოდი, თავზე გადავისხი მთელი მელანიო“.

ინოვაციურმა გაკვეთილმა მედეა მიშველაძეს ბავშვობის დრო გაახსენა. როგორც პედაგოგი ამბობს, მოსწავლეობსას, მუდამ ენატრებოდა ბებია, რადგან ერთად არ ცხოვრობდნენ, ამ გაკვეთილით კი თავის მოსწავლეებს გაუღვივა სურვილი, მუდამ მოეფერონ ბებიებს.

„ჩემი ბებია სოფელში ცხოვრობდა. მხოლოდ ზაფხულობით ჩავდიოდი იქ და მასთან ურთიერთობით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. მისი წინსაფრის სუნი ხანდახან ახლაც მცემს. ბებიას სიყვარულს სწავლა არ სჭირდება, მაგრამ ამ სიყვარულის დაფასება, გამოხატვა, მადლიერება ბავშვობის ასაკიდანვეა შესაძლებელი. სწორედ ამ გრძნობით იყო სავსე ეს გაკვეთილი. ვფიქრობ, ბავშვებს მაინც უფრო მეტად გავუღვივეთ ბებიებისადმი სიყვარული. ბავშებმა შეასრულეს ის სიმღერები და ცეკვები, რომელიც მათი ბებიების ახალგაზრდობის დროს იყო და ყველა ბედნიერი გახლდათ იმ დღეს. მშობლები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ სახლში ბავშვებიც და ბებიებიცო“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ფოთელმა მასწავლებელმა.

ასევე იხილეთ:

„მოსწავლეებმა დაინახეს, რომ პედაგოგსაც შეუძლია იყოს ბავშვი“ – ბათუმელი მასწი პეპი გრძელწინდას როლში

ბათუმის სკოლაში გაკვეთილებს მოსწავლეები ატარებენ

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში