ბათუმის სკოლაში გაკვეთილებს მოსწავლეები ატარებენ
ბათუმის N1 საჯარო სკოლაში პროექტი „ერთი დღე მასწავლებლად“ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში X-XI-XII კლასელები მასწავლებლის როლს ირგებენ და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს გაკვეთილებს უტარებენ.
სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე EDU.ARIS.GE-სთან ყვება, რომ პროექტს სკოლის თვითმმართველობა ახორციელებს ადმინისტრაციის დახმარებით. ეს პროცესი კი მათაც მოსწონთ, ვინც გაკვეთილებს ატარებენ და მათაც, ვისაც გაკვეთილს უტარებენ შედარებით უფროსი კლასის მოსწავლეები.
„სკოლის თვითმმართველობამ შეარჩია ის მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილებს ჩაატარებდნენ. წინასწარ გამოიკვლიეს, რა თემაზე შეძლებდნენ გაკვეთილის ჩატარებას. ასეთ დროს არ გვაქვს არც დისციპლინის და არც სხვა სახის პრობლემა. პირიქით, ძალიან ერთვებიან პროცესში და რეაგირებაც ნორმალური აქვთ ბავშებს.
„ის ბავშები, ვინც ატარებენ გაკვეთილებს, იმ საკითხებზე ძირფესვიანად მუშაობენ. მინახავს მათი გეგმები, სადაც გაწერილი აქვთ წუთების მიხედვით და დამატებითი აქტივობებიც აქვთ გეგმაში, ვაითუ გაკვეთილზე დრო მოგვრჩესო. ამას ხელმძღვანელობს ჩემი მოადგილე, ნინო მიქელაძე და ბავშები მასთან გადიან კონსულტაციებს“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.
ნატალია მგელაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი მოსწავლეებში პედაგოგობის სურვილს აღვიძებს. თავად კი კარგად ხედავს, ვისგან შეიძლება დადგეს მასწავლებელი:
„ამ პროექტის შემყურე პოტენციურად ვხედავ იმათ, ვინც შეიძლება მომავალში პედაგოგი გახდეს და ამით მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასაც ხელი ეწყობა. მოსწავლეებმა დაინახეს, რამდენად სასიამოვნო პროცესია სწავლება რთულთან ერთად. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დაინახეს, რომ მათზე ოდნავ უფროსი ადამიანებისგან შეიძლება ბევრი რამის სწავლა და ცოდნის მნიშვნელობას უფრო მეტად ხედავენ. ერთი სიტყვით, უფრო მეტ მიზანზე გავედით, ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება დაგეგმილი გვქონოდა. არადა, ჩვენი მეორადი მიზნები იყო, რომ ბავშვებში თანაგაზიარება, პროფესიაზე დაფიქრება მომხდარიყო“.
რაც შეეხება კითხვას, თუ რას ხედავს სკოლის დირექტორი, როგორი მასწავლებელი უნდათ მოსწავლეებს და რა მოთხოვნებია მათგან ამ მხრივ, ნატალია მგელაძე ამბობს, რომ მასწავლებლებისთვისაც საინტერესოა, დააკვირდნენ მოსწავლეებს, თუ რას ეძებენ ისინი და რა სჭირდებათ პედაგოგებისგან.
„ვფიქრობ, მოსწავლეებს მეტი ინტერაქცია, უფრო მრავალფეროვანი რესურსები სჭირდებათ, რა თქმა უნდა, სწავლა-სწავლების პროცესი ყოველდღიურად ისედაც ახალ-ახალ ამოცანებს აყენებს ჩვენ წინაშე. ეს პროფესია ადვილი არ არის, მაგრამ იმდენად საინტერესო და იმდენად ბევრის მომცემია, რომ ყოველდღე ახალი მოტივაციით უნდა ავივსოთ, რომ ჩავატაროთ საინტერესო გაკვეთილი.
„ჩვენმა ბავშვებმაც ბევრი რამ ისწავლეს, შემდეგ მოირგეს ეს უნარები და განავითარეს. თუნდაც ასეთი აქტივობები რომ აქვთ დაგეგმილი, იყენებენ რაღაც რესურსებს, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია. ტექნოლოგიებთან მიმართებით მოსწავლეები უფრო უნარიანები არიან. როცა მათ მისწრაფებებს ვხედავთ, ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს მოტივაციას, რომ ჩვენი სასწავლო გარემო იყოს უფრო მეტად ინტერაქტიული, უფრო მეტად ბავშვზე ორიენტირებული და იქითკენ მიმართული, რომ გაკვეთილზე მასწავლებელი არ იყოს მთავარი გმირი. მასწავლებელი უნდა იყოს ფასილიტატორი და ეს არ მინდა ჟღერდეს ჰიპოთეტურად და სადღეგრძელოსავით. ასეთი უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა სასკოლო სივრცეში“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
ასევე იხილეთ:
„ეს იყო ემოციების ფოიერვერკი“ – თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი ფრენბურთის ჩემპიონატზე