„ფოტო-ვიდეო გადაღების დღე“ – აქტივობა, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგს მოსწავლეებთან სწორ კომუნიკაციაში ეხმარება
„ფოტო-ვიდეო გადაღებები სწორ კომუნიკაციასა და დამეგობრებაში მეხმარება. მოსწავლეები ბედნიერები არიან. ეს განწყობა დღის ბოლომდე ნარჩუნდება“, – ამის შესახებ თბილისის 173-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ახალგაზრდა პედაგოგი თათა ბუიღლიშვილი გვესაუბრება.
თათიამ საკუთარი დაკვირვების შედეგები EDU.ARIS.GE-ს 18 ოქტომბერს გააცნო. „ფოტო-ვიდეო გადაღების დღე“, მან მეორე წელია, რაც ტრადიციულ აქტივობად აქცია და ამბობს, რომ წარმატებულიც არის.
„მინდოდა, მოსწავლეებისთვის საყვარელი მასწავლებელი ვყოფილიყავი, მათთან სწორი კომუნიკაცია მქონოდა. ისეთი აქტივობები დამეგეგმა, რომლებიც ბავშვებს ბედნიერს გახდიდა და სკოლის სიყვარულით აღავსებდა. ვფიქრობ, „ფოტო-ვიდეო გადაღების დღე“ ასეთი აქტივობაა. ახალგაზრდა პედაგოგებსაც ვურჩევ, საკუთარ პრაქტიკაშიც დანერგონ”, – ამბობს თათა.
„მე და ჩემი მასწავლებელი”
აქტივობის ინსტრუქცია:
დაგეგმეთ თვეში 1 დღე, რომლის შესახებაც მშობლებსაც წინასწარ აცნობებთ. ამ დღისთვის მოიფიქრეთ კონკრეტული თემა და მსგავსი ხასიათის ფოტო ან ვიდეო გადაიღეთ. მაგალითად თუ პირველად ატარებთ აქტივობას თემა „მე და ჩემი მასწავლებელი” საუკეთესო ვარიანტია. ფოტოებისა თუ ვიდეოების გადაღება კლასში პოზიტიურ გარემოს ქმნის.
რა უნდა გაითვალისწინოთ:
ფოტო-ვიდეოს გადაღებას დიდი დრო მიაქვს. ამის გაკვეთილზე გაკეთება, ჩემი აზრით, არ არის სწორი. მასწავლებელმა დამატებითი დრო უნდა გამოყოს ამისთვის და დეტალები წინასწარ შეათანხმოს მშობლებთან ერთად. აუცილებელია, ფოტო-ვიდეო გადაღებამდე მასწავლებელს ჰქონდეს მშობლების თანხმობა!
დაიცავით გარკვეული პრინციპები. მასწავლებელმა ყველა მოსწავლე თანაბრად უნდა ჩართოს ამ პროცესში, რომ ვინმემ დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას. მოსწავლე უნდა იყოს დაფასებული და აღიარებული.
კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ფოტოაპარატს. ეს მოსწავლეებს უფრო მეტი ინტერესით განაწყობთ და კადრებიც შთამბეჭდავი იქნება.
ფოტოები არ გახადოთ საჯარო! დაუშვებელია გაასაჯაროვოთ ფოტო და ვიდეო მოსწავლისა და მშობლის ნებართვის გარეშე. ამ აქტივობით შეძლებთ დაუვიწყარი მოგონებები შექმნათ მოსწავლეებისთვის და თავად თქვენთვისაც.
ასევე იხილეთ;
როცა მასწავლებელი 8 თვის ორსულია – „მას, რამე ხომ არ გინდათ ახლა, გულით“