გაიცანით დამრიგებელი, რომელიც თავადაც მოსწავლედ გრძნობს თავს (+ფოტო)
წარმოიდგინეთ, რომ ახლა დაწყებითი კლასის მოსწავლე ხართ, სწავლობთ პირველ ან სულაც მეოთხე კლასში, თქვენი დამრიგებელი კი თქვენი ასლია – ყველაფერში გიგებთ, გისმენთ, თქვენთან ერთად არის, მის თანატოლად გრძნობთ თავს. მასთან ერთად ცეკვავთ, იცინით, მღერით, ატარებთ დროს და ცდილობს, თავადაც თქვენსავით გამოიყურებოდეს.
თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მესამე (ა) კლასს სწორედ ასეთი დამრიგებელი ჰყავს. ლედი ელიაშვილის ალბომი სავსეა ფოტოებით, რომლებშიც თავადაც მოსწავლის როლშია.
დაწყებითი კლასების სპეციალისტის მიდგომა დაგაფიქრებთ, თუ რატომ ღირს თქვენც მოსწავლედ იგრძნოთ თავი და მოზარდის გადმოსახედიდან ასწავლოთ.
იხილეთ ფოტო:
„დამეთანხმებით, რომ დაწყებით საფეხურზე და არა მარტო, ასეთ მიდგომებს ჩემი კოლეგებიც ირჩევენ. ამის შედეგად ბავშვები ხდებიან უფრო ლაღები, თავისუფლები, თამამად აფიქსირებენ საკუთარ აზრს. იციან რომ მასწავლებელი მათი მეგობარია. მას შეუძლიათ ნებისმიერი ემოცია გაანდონ, ეს იქნება სიხარული, შიში, ტკივილი. ჩვენ ვიცით, რომ უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ და შეცდომის დაშვების შემთხვევაში, აუცილებლად ერთად ვიპოვით გამოსწორების გზას. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ ყოველი ახალი სასწავლო წელი იწყება ახალი ზღაპრით, რომელშიც ლედი მასწავლებელიც მოსწავლეა. ეს ყველას გვაბედნიერებს”,- ამბობს დამრიგებელი.
ლედი მასწავლებელი გვიყვება, რომ მოსწავლეებთან ერთად, მისი მიდგომის განსაკუთრებული მხარდამჭერები არიან მშობლები და სკოლის დირექტორი, პაატა ჩორგოლაშვილი. პედაგოგის აზრით, მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია მასწავლებელს საკუთარი შემოქმედებითი გზა ჰქონდეს და უნიკალურად იგრძნოს თავი.
„ყველა აქტივობასა და ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი მშობლები, მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. (მშობლებიც თავიანთ შვილებთან ერთად მღერიან და ცეკვავენ). აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი სკოლის დირექტორის, ბატონი პაატა ჩორგოლაშვილის მხარში დგომა. ბატონი პაატა ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი დირექტორია, რომელიც მიესალმება ყველა იმ წამოწყებას რაც დადებითად აისახება მოსწავლეებზე. მასწავლებლის შემოქმედებითი საქმიანობა სკოლაში, ვფიქრობ, ზღაპარს უნდა ჰგავდეს”, – მოგვითხრო ლედი მასწავლებელმა.
ასევე იხილეთ:
გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც 29 პირველკლასელის სახელი კაბაზე „ამოიქარგა”